დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე!
2010/06/21 12:52:21

ეს მოწოდება მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო მონაცემებით განსაკუთრებით შემაშფოთებელი მდგომარეობაა მოზარდებს შორის: უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯერ გაიზარდა. საქართველოში კი ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი უკვე 200.000 აღწევს.

 

„ნარკოტიკი კლავს!“ - ეს იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მთვარი სათქმელიც. მათ პროკურატურის ეგიდით, 16 ივნისს ქალაქის ქუჩებში მოძრავი აქცია გამართეს. „შპრიცების ჯაჭვითა“ და გავრცელებული ბუკლეტებით ცდილობდნენ, მოსახლეობამდე მთავარი სათქმელის მიტანას, რომ ნარკოტიკი კლავს!
პრობლემაზე საკუთარ აზრს გამვლელებიც აფიქსირებდნენ.

„ნარკომანია, პირველ რიგში, არის პრობლემა, რომელიც დღეს არა მარტო საქართველოში აწუხებს ადამიანებს, არამედ - მთელს მსოფლიოში. თუმცა, ვისაც ეს პრობლემა აქვს, ვფიქრობ, ესენი არიან ავადმყოფები და მათ დახმარება სჭირდებათ. რაღაც გზა უნდა გამოინახოს, რითაც ეს ადამიანები შეძლებენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა ნათელა გელაშვილმა.

„სტიგმა არ უნდა იყოს ის, რომ ადამიანი ნარკომანია და მას არ უნდა მივეკაროთ! მაგრამ, ამასთანავე, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ის ადამიანები, ვინც მომხმარებელია და თან ყიდის წამალს და ის, ვინც მარტო მომხმარებელია“, - გვითხრა ნინო დეისაძემ. თუმცა აქციის შემსწრეთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც გამოსავალს მხოლოდ რადიკალურ მოქმედებებში ხედავდნენ: „ავადმყოფობა კი არ არის, ეს არის დანაშაული! ყველა ნარკომანი უნდა აიღო და დახვრიტო, მაგენი სხვებს აფუჭებენ!“.

რეალურად, რა არის ნარკომანია? განუკურნებელი დაავადება თუ პრობლემა, რომლის გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ?

ამის შესახებ ფსიქოლოგ მანანა გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- რა არის ნარკომანია?

- ნარკომანია ბერძნული სიტყვაა,    „ნაკ“ ნიშნავს გაშეშებას, „მანია“ - სიგიჟეს. ეს არის დაავადება, რომელიც ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე და ხდის დამოკიდებულს იმ ნივთიერებაზე, რომელსაც ნარკოტიკი ჰქვია. ნარკოტიკის მომხმარებელი ხდება წამალდამოკიდებული.

მე-20 საუკუნის დასაწყისში უფრო მეტად გავრცელებული იყო: ჰეროინი, პლანი, კოკაინი, მარიხუანა, მორფი - ნარკოტიკული ნივთიერებები, რომლებსაც როგორც ტკივილგამაყუჩებელს და გამაბრუებელს, ისე ხმარობდნენ. ასევე, აძლევნენ ხალხს, ვინც რელიგიას ემსახურებოდა და სხვადასხვა რიტუალებისთვის იყენებდნენ. ნარკოტიკის ასეთი ხშირი გავრცელება კი, როგორიც დღეს არის, დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოს.

- მომხმარებელთა რაოდენობამაც მოიმატა...

- მომხმარებელთა რაოდენობამ მოიმატა იმდენად, რამდენადაც ნარკოტიკის ხარისხი უმჯობესდება. ნარკოტიკზე დამოკიდებული რომ გამხდარიყავი, თუ მანამდე საჭირო იყო რამდენიმე თვე, შეიძლება წელიწადი, - ახლა იმდენად დაიფილტრა ნარკოტიკი, რომ ერთის გაკეთება უკვე იწვევს მიჯაჭვულობას.
ეს ძალიან აწყობთ იმათ, ვისთვისაც ნარკოტიკი არის ფულის შემოსავლის წყარო. რაც მეტი შემოსავალი გაქვს, უფრო მეტი მართვა გაქვს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ეძებენ ისეთ მეგობრებს, ვისაც ფული აქვს და შინაგანად სუსტია. თუმცა, ეს არ არის ელიტარული ფენის დაავადება, - ყველა სოციალური ფენის ადამიანი დაავადებულია ამით.

- რა იცვლება ამ დროს ადამიანში, როცა წამალდამოკიდებული ხდება?

- ფსიქიკა! აზროვნება იცვლება, დამოკიდებული ხდება, ვერ საზღვრავს რა უნდა. უნდა, ყოველთვის იყოს კარგ ხასიათზე, ლაღად... მერე, როცა წამალდამოკიდებულია და რამდენიმე საათში ვერ მიიღებს დოზას, ვარდება ე.წ.   „ლომკაში“, ხდება ცუდად, აკანკალებს, თვალები ეხუჭება, გონება ებინდება და ეძებს გზას - იშოვოს ნარკოტიკი. ამ დროს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია, ყველაფერს აწერს ხელს, ოღონდ ნარკოტიკი იშოვოს.

- რამდენად ინკურნება ნარკომანია?

- ეკლესია ძალიან კარგად ეხმარება, მაგრამ დაბრუნების შემდეგ მაინც ვერ კლავ მას - ნარკომანია განუკურნებელი სენია. წლების მანძილზე მე ამ პრობლემით დაავადებული ბევრი ადამიანი მინახავს, მაგრამ ჩემს ირგვლივ არ ყოფილა ერთი ადამიანიც, რომელიც დაბრუნდა ნარკომანიიდან. ნარკომანია - ეს არის დაავადება, რომელსაც ხანდაზმულ ასაკამდე ვერ მიჰყავს ადამიანი. ნარკომანი კვდება ახალგაზრდობაში, ზედმეტი დოზით, უბედური შემთხვევით ან ავადმყოფობით. ამ დროს იშლება ღვიძლი, ტვინი...

- ის ნარკომანები, რომლებთანაც თქვენ გქონიათ შეხება, არ ცდილობდნენ, განკურნებულიყვნენ?

- ესენი იყვნენ უბედური ოჯახები. სადაც ნარკომანია, იქ არის უბედური დედა, მამა, ცოლი, შვილები. თუ ეს ადამიანი არ არის დიდი ხნის მომხმარებელი და, ღმერთის წყალობით, ჯანმრთელი შვილი ეყოლა, ბავშვი სულ იქნება ფსიქოლოგიური ზემოქმედების, შიშის ქვეშ. „ვაი, რომ მოვა, ჩხუბს დაიწყებს“ და ა.შ. მაინც ძალადობაა და ეს საშინელებაა.

- შეიძლება, ამას რაღაცნაირად ვებრძოლოთ?

- მთელი მსოფლიო ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს. ბევრი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია. სახელმწიფო პროგრამებიც არსებობს, სადაც ეხმარებიან მათ - გადაჰყავთ სხვა ნარკოტიკებზე, ხელოვნურ და ნაკლებადმოქმედზე, მაგრამ ამ ადამიანებისთვის უკან დასაბრუნებელი გზა არ არის!
როცა ტვინის უჯრედი შეცვლილია, მის გარდაქმნას ვერავინ ახერხებს. ეს ის პრობლემაა, რომლის გამოსავალს მთელი მსოფლიო ეძებს. იყო კანონები, დასჯა და ა.შ. მაგრამ ვერც ერთმა პროგრამამ ვერ გაამართლა. ერთადერთი გზა, რომელსაც განკურნებამდე მიჰყავს, ეს არის ეკლესია. ეკლესია ქმნის ისეთ მიკროგარემოს, სადაც ადამიანი მართლა დაშორებულია ამ ყველაფერს, მაგრამ იქიდან რომ ბრუნდება, მაინც უბრუნდება ნარკოტიკს.
ალბათ, პატარა ასაკიდანვე ბავშვებს, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის ნარკომანია. რომ ეს არის გზა, საიდანაც ვერ დაბრუნდება ადამიანი და როცა ეცოდინება, რომ ეს უფსკრულია, იქ აღარ წავა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია