დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ათასლარიანი ვაუჩერი „ათასერთი დაპირებით“
2012/07/16 13:20:40

ქვეყანაში, სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, სამომავლო პროგრამები გაიწერა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის ათასლარიანი ვაუჩერი, რომლის შინაარსს საზოგადოება ჯერ ბოლომდე ვერ ჩასწვდენია. ახალი პრემიერი აპირებს, „ყველა გაჭირვებას“ ერთბაშად მოუღოს ბოლო. ძალოვანი უწყების ყოფილი თავკაცის, ვანო მერაბიშვილის სამოქმედო გეგმა ასეთია: თითოეული ოჯახისთვის ოთხ წელიწადზე გაწერილი ათასლარიანი ვაუჩერი, 4 მილიარდი - სოფლის განვითარებისათვის მომდევნო ოთხი წლის მანძილზე და მილიარდი ლარი მომდევნო ოთხი წლის მანძილზე - საყოველთაო დაზღვევისთვის.

 

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ასევე ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქების, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას თავად მოაგვარებს.“ - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.  ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები პოპულიზმია და სხვა არაფერი.

რას ფიქრობენ ქუთაისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები?

გიორგი წულაია, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ეს არის პიარ-საარჩევნო ტრიუმფი, რომელსაც ხელისუფლება ყოველდღიურად ეწევა. როცა ბადრი პატარკაციშვილის შტაბის უფროსი ვიყავი, კარგად მახსოვს, რასაც გაახმაურებდა ჩვენი შტაბი, მეორე დღეს იმავეს იმეორებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხი. ზუსტად იგივე განმეორდა ახლაც. გააკეთეს ის, რომ დაასწრეს ბიძინა ივანიშვილს და  დაიწყეს ხალხის მოსყიდვა. მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ არაფრის ვაუჩერებს ესენი არ დაარიგებენ. პირიქით, არჩევნებზე რასაც დახარჯავენ, იმას საწყალი ხალხის ზურგიდან ამოიღებენ. ხალხო, ტყუილად იმედი არ გქონდეთ, ეს ფარსია და სხვა არაფერი! ერთს დავამატებ: როგორც ყოველთვის, მთავრობა დღეს კარგად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს ამ საარჩევნოდ.“

მამუკა მღვდელაძე, „ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „მინდა გითხრათ, რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა, რომელზეც შეიძლება გაიმართოს აუქციონი. ამ ვაუჩერებისთვის საჭიროა, დაახლოებით, ორ მილიარდამდე თანხა, რომელიც ქართულ ბიუჯეტს არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვიღებთ კრედიტს, რომელიც შემდეგ უნდა დავფაროთ. ვფიქრობ, ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ, რომ ვაუჩერი არის საკრედიტო. ათასლარიანი ვაუჩერი, კი, ერთგვარი დახმარებაა ხალხისთვის, მაგრამ სიღრმისეულ ანალიზს თუ გავაკეთებთ, მივხვდებით, რომ ამ სარეზერვო თანხას ხელისუფლება ჩვენგან ამოიღებს.“

სამსონ გუგავა, „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ათასლარიანი ვაუჩერი და საერთოდ ნაცმოძრაობის მიერ გაპიარებული ე.წ. ახალი სამოქმედო გეგმა - „მეტი სარგებელი ხალხს“ ისეთივე ბლეფია, როგორიც მათ მიერვე ადრე კარგად გაპიარებული „საქართველო სიღარიბის გარეშე“. ფაქტი სახეზეა: პირიქით, მივიღეთ საქართველოს კიდევ უფრო მეტად გაღატაკება და მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება საზღვარგარეთ ლუკმაპურის საშოვნელად. ხელისუფლება, როგორც ჩვევია, წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე მოჩვენებითად „მემარცხენე-სოციალისტი“ და მანიპულირებს სოციალური საკითხებით, რომელიც ქმნის ფონს, რომ ის ეხმარება ხალხს და არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გადასახადების ჩამომკრეფ, დამაკაბალებელ პარაზიტ ორგანოს. სააკაშვილს ახლა გაახსენდა თურმე და ახლა დაინახა, რომ ბანკები სულს აძრობენ და ტყავებენ მოსახლეობას; აფთიაქები უსაშველოდ დიდ ფასებს ადებენ წამლებს; ის, რომ ამ ქვეყანაში ხალხისათვის მიუწვდომელია ჯანდაცვა და განათლება, ის, რომ ხალხი დაუსაქმებელია. სინამდვილეში კი, კარგად ვიცით, რომ ეს ბანკირებიც და აფთიაქების მეპატრონეებიც არიან ხელისუფლებასთან შეკრულები და მათი მეწილეები...

ამრიგად, ეს ათასლარიანი ვაუჩერი არის მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება და ამომრჩეველთა მოს-ყიდვა, რომელიც გათვლილია იმ მასაზე, რომელიც მუდმივად ეგება ამ სატყუარას და, სამწუხაროდ, ეს რაოდენობა არც ისე მცირეა. ხალხს ნუ ეგონება, რომ 1000 ლარს პირადად ხელზე გადასცემენ და რაც უნდათ, იმას გააკეთებენ. ეს თანხა ეტაპობრივად გადაეცემათ ვაუჩერის და არა ნაღდი ფულის სახით, რომელიც გახარჯული იქნება ისევ და ისევ ხელისუფლების კარნახით, და, რაც მთავარია, ამ თანხებს ისინი ამოიღებენ ისევ და ისევ ჩვენს ხარჯზე, გადასახადების გაძვირებით თუ ახალი გადასახადების შემოღებით, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ... ასე თუ ისე, მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთრისთვის ათასლარიანი ვაუჩერის მოლოდინშია. მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა ზოგისთვის იმედის მომცემია, ზოგისთვის კი წინასაარჩევნო „ბლეფი“. თუმცა ფაქტია, როცა ხელისუფლება ასეთი ტიპის ღონისძიებებს ატარებს, თუნდაც იგივე სოფლის განვითარების პროგრამა, ან კიდევ საყოველთაო დაზღვევა - ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა.

დავით დვალი, „ქრისტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე: „ხელისუფლებამ და რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს მარულა ამომრჩეველთა ფინანსურად დაინტერესებაში. საერთო ჯამში, ის შეპირებები, რომელიც ხელისუფლებამ გასცა, დაახლოებით, 20 მილიარდის ფარგლებშია და მაშინ, როდესაც პრეზიდენტი, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამების კალკულაციას გვიწუნებდა, აღნიშნულ შეპირებებზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფერს საერთო აქვს ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ან მოკლევადიან გეგმასთან. შესაბამისად, ჩვენი მთავრობის ახალი შემადგენლობის და მათი პროგრამის მიმართ პოზიცია ნდობის გამოცხადების საკითხის კენჭისყრის დროს გამოვხატეთ პარლამენტში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1608
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია