დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერის საგანძურს უნდა მოვუაროთ!
2009/11/02 12:53:48

ქუთაისის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ქართველი ერის უდიდეს სულიერ და არქიტექტურულ საგანძურს წარმოადგენს. გუმბათჩამოქცეული ტაძარი უქიმერიონის გორაზე დგას და მისი მიწიდან ამოძერწილი დაშთენილი კედლები იდუმალებით ინახავენ ოდესღაც სრულქმნილი კათედრალის ბრწყინვალებას.

საბედნიეროდ, დღეს ჩვენს თვალწინ ტაძარს ხარაჩოები შემოერტყა და აღდგენითი სამუშაოები სრული მასშტაბით გაიშალა, მაგრამ, პარადოქსია, გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომელნიც წინაღუდგნენ მიმდინარე სამუშაოს.

ქუთაისის საკათედრო ტაძარი არის შედეგი ქართველი ერის პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული აღმავლობისა, საქართველო პარტიკულარიზმის, ცალკერძობის მორევიდან გამოიყვნა „ბაგრატ მეფემან კურაპალატმან“ და X საუკუნის დასასრულს მტკიცე საფუძველი ჩაუყარა ქართულ სახელმწიფოს, რომელზეც დავით აღმაშენებლის და თამარ „მეფისა მზის“ ოქროს ხანა აღმოცენდა. ერთიანი საქართველოს ბაგრატიონთა დინასტიის პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ღვაწლს მატიანე ქართლისა ლაკონურად გვაუწყებს: „ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა.“

გაერთიანებული საქართველოს ბრწყინვალე გვირგვინს წარმოადგენს ქუთაისის კათედრალი. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლოს. ძეგლის ჩრდილოეთ კედელზე, სარკმლის ქვემოთ, ლაპიდარული წარწერა - „ოდეს განამტკიცა იატაკი ქორონიკონი იყო 223“ ანუ 1003 წელი - ზუსტად გვამცნობს დასრულებული ტაძრის კურთხევის თარიღს. ეს წარწერა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად ქართულ პალეოგრაფიაში რიცხვი არაბული ციფრებით არის დაწერილი. თუ რა მნიშვნელობის და ფასეულობის მქონე იყო ტაძარი. ბაგრატ მეფის მიერ გამართული კურთხევის  საზეიმო ღონისძიება მეტყველებს. მემატიანე მოგვითხრობს: „რამეთუ შემოკრიბა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელმთმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოვლთა სახელმწიფოთანი.“

XVII საუკუნეში ბაგრატის ტაძრის ვანდალური განადგურების ამბავს ვახუშტი ბატონიშვილი მწუხარებით იხსენებს: „იქმნა საგლოველი, რამეთუ გამოვიდნენ ციხიდან ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლადწმიდისა, დიდ შვენიერად გებული.“ ეს ტრაგედია შედეგი იყო დაშლილი საქართველოსი, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ზნეობრივი რეგრესის. 1691 წელს იმერეთის მეფე არჩილი ამხედრდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. მან ქუთაისის ციხის გათავისუფლება განიზრახა. მეფის ჯარით გარსშემორტყმული თურქი მეციხოვნეები გარე სამყაროს სრულიად მოწყდნენ და სურსათის მარაგი ამოწურეს. ღონემიხდილი თურქები „ჯღანთა ხარშვიდიან და სჭამდნენ შიმშილისთვის და ლამობდნენ მოცემასა ციხისასა“, მაგრამ არჩილ მეფის თანამებრძოლი გიორგი ლიპარტიანის ღალატმა თავი იჩინა. ამ უკანასკნელმა მეფეს ლეჩხუმი მოსთხოვა, რაზედაც პასუხად მიიღო დაპირება საკითხის ბრძოლის შემდგომ განხილვაზე. ოდიშის მთავარმა არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა პასუხი და იმერეთის მეფეს უღალატა. მან „გამოიყვანნა ღამით ოსმალნი ციხიდან, მისცნა ყოველნი საზრდელნი (სურსათი) თვისნი და განმაგარა ციხე და თვით მასვე ღამესა ივლტოდა სპითა ოდიშს.“ ამით გაძლიერებული თურქები გამოვიდნენ ციხიდან და ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი.

როგორც ვხედავთ, ბაგრატის ტაძარი თავისთავად არის უტყვი მატიანე. თავისი პირვანდელი არქიტექტურული სრულყოფილებით ტაძარი სიმბოლოა გაერთიანებული, ძლიერი საქართველოსი ისევე, როგორც მისი ამჟამინდელი ნანგრევები წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დანაწევრების და დაუძლურების ხილულ მაგალითს. ამ შემთხვევაში არჩევანი ერთი არის: შესაბამისად, აღორძინდეს ტაძარი, როგორც საქართველოს ერთიანობის და ძლიერების სიმბოლო.

ქართველი ერის ისტორია თავისუფლებისა და მშვიდობიანი არსებობისათვის ბრძოლის ჟამთააღწერაა. ბრძოლათა მიზეზი ჩვენი ქვეყნის ადგილმდებარეობა და ქრისტიანული კულტურა იყო. ხვარაზმელთა, მონღოლთა, ირან-ოსმალთა შემოსევები ცეცხლითა და მახვილით ანადგურებდა ყოველივეს. საქართველო, როგორც ზღაპრული ფენიქსი, ხელმეორედ ფერფლიდან აღორძინდებოდა. ავბედითობისას ინგრეოდა და იძარცვებოდა ეკლესია-მონასტრები. როგორც კი მშვიდობა ჩამოვარდებოდა, შესაძლებელია გაჩნდებოდა, მეფეთა და კათალიკოსთა მეოხებით ოსტატის ქვათხურონი შემოქმედებითი ნიჭით ქრისტიანული ძეგლების აღდგენა-განახლებას იწყებდნენ. ამკობდნენ პლასტიკური, მეტყველი ჩუქურთმებით, ორნამენტისა და დეკორის მრავალფეროვნებით.

სამაგალითოდ გამოდგება თბილისში VI-VII საუკუნეებში აშენებული საეპისკოპოსო კათედრალი „დიდი ეკლესია“ ანუ სიონი, რომელმაც მრავალჯერ განიცადა მტრის რისხვა და ამიტომაც მრავალჯერ იქნა იგი აღდგენილი და გადაკეთებული: XIII საუკუნეში ხვარაზმის სულთანმა ჯალალედინმა „იკადრა და ხელ-ყო სიონის გუმბათი შემუსვრად“ და ზედ კარავი დაადგმევინა; XIV საუკუნის პირველ ნახევარში გიორგი ბრწყინვალემ გუმბათჩამოქცეული და შებილწული სიონის ტაძარი შეაკეთა. კედლებზე დღემდე დაცულია წარწერები, რომელნიც გვამცნობენ მრავალჯერ განახლებასა და შეკეთებაზე; აქედან ვიგებთ: 1657 წელს თბილელ ეპისკოპოსს ელისე საგინაშვილს მეორედ აუშენებია სიონის გუმბათი, მოუხატავს და მოურთავს სამხრეები და კარიბჭე; 1710 წელს ვახტანგ VI-ს განუახლებია ტაძარი; განსაკუთრებით დაზიანდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის დროს, XIX საუკუნის დამდეგს ხელახლა იწყება ზრუნვა მისი აღდგენა განახლებისათვის.

დღეს პასუხი უნდა გაეცეს ერთ კითხვას: როგორ უნდა განახლდეს ბაგრატის ტაძარი? სხვა კითხვა საფუძველმოკლებული არის. იმედი ვიქონიოთ, უახლოეს მომავალში სრულქმნილი „ქუთათისის ეკლესია ყოვლადწმიდისა“ ჩვენი ქალაქის თვალსაჩინო მშვენებად და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარდაუვალი აღდგენის ისტორიულ სიმბოლოდ წარსდგება ათასწლეულთა წინაშე.

ბესარიონ კაკაბაძე,

ისტორიკოსი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია