დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასაქმების და უმუშევრობის ტენდენციები საქართველოში
2012/03/26 14:15:17

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად ეკონომისტები სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს განიხილავენ. გარდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დონისა, ერთ-ერთი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც ეკონომისტთა და ასევე საზოგადოების ყურადღებას იქცევს, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელია.  საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის 75,3%-ით უმუშევრობა ლიდერობს. რატომ არ მცირდება უმუშევრობა ქართული ეკონომიკის ზრდის ფონზე საგრძნობი ტემპით?

 

2008 წლის შემდეგ საქართველოში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა ეს უმუშევრობის მაჩვენებელზე არ აისახება და კავშირი მათ შორის სუსტია. შეგახსენებთ: საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2011 წელს 6,5 %-ს აჭარბებდა, უმუშევრობა კი მხოლოდ 0,8%-ით შემცირდა.

 ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მოსახლეობის 1/5-ით შემცირებისას დასაქმება 2/5-ით და მეტად შემცირდა, დაქირავებით დასაქმება - 3.3-ჯერ. აღნიშნულ პერიოდში  საქართველო  „ქრონიკული დასაქმების“ ქვეყნიდან გარდაიქმნა უმწვავესი უმუშევრობის მქონე ქვეყნად. 2010 წლისთვის უმუშევართა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 320 ათას კაცს გადააჭარბა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 16,3% შეადგინა.

 უმუშევრობა სოფლად თითქმის 4-ჯერ დაბალია ქალაქთან შედარებით (28,8% და 7,8%.). სოფელზე მოდის ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57%, დასაქმებულთა 63,2%, დაქირავებით დასაქმებულთა მხოლოდ 30,6% და თვითდასაქმებულთა 81,5%. 2000 წელთან შედარებით სოფლად თვითდასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა 45,7 ათასით, ანუ 5,6%-ით, ხოლო ქალაქად შემცირდა 28,1 ათასით ანუ 12,6%-ით. უმუშევრობის დონე ამ წლებში გაიზარდა როგორც ქალაქად, ისე სოფლად, თუმცა სოფლად 2003 წლის შემდეგ იგი გაიზარდა 1,8-ჯერ, ხოლო ქალაქად - მხოლოდ 32%-ით.

 უმუშევრობის დონე საქართველოში ევროკავშირისას 1,6-ჯერ აღემატება (10,0% და 16,3%). საქართველოზე მაღალი დონის უმუშევრობა ევროკავშირში მხოლოდ ოთხ ქვეყანას - ესპანეთს (20,2%) და ბალტიისპირეთის ქვეყნებს (ესტონეთი - 18,5%, ლიტვა - 18,2%, ლატვია - 19,4%) აქვთ. თუმცა იმის გამო, რომ ამ ქვეყნებში დაქირავებით დასაქმების დონე საქართველოსთან შედარებით მაღალია (თანაფარდობა გამოიხატება პროპორციით 4/1-თან), დასაქმების პრობლემა ჩვენთან გაცილებით მწვავედ დგას, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.

2003 წლის შემდეგ საქართველოში არსებითად გადაწყდა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის საშუალო ანაზღაურების და არა ზოგადად დასაქმების პრობლემა. დღეისათვის საშუალო ხელფასი 600 ლარს აღემატება. 2003 წელს კი 128 ლარს შეადგენდა. რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის მაჩვენებელზე ოთხჯერ მაღალია. დასაქმების პრობლემის გადაუჭრელობაში იგულისხმება ის, რომ, ზოგადად, არსებითად არ გაზრდილა სამუშაო ადგილების რაოდენობა, გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა და უმუშევრობის დონე ქვეყანაში. აღნიშნულის ძირითადი მიზეზი შრომის ბაზრის ქრონიკული განუვითარებლობა და ახალი სამუშაო ადგილების ნაკლებობაა.

ამჟამად ეკონომიკური მიზეზით საქართველოდან გასული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 1-1,5 მილიონი კაცია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საერთო რაოდენობას. რომ არა ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ქვეყნის გარეთ ამგვარი „გაწოვა“, დღეისათვის უმუშევრობის დონე საქართველოში ოფიციალური 16-17% კი არ იქნებოდა, არამედ, სულ ცოტა, 65-70%, ანუ ოფიციალურად არსებულზე 4-ჯერ მაღალი. ანუ მთავარი ის არის, რომ თვითდასაქმებულთა უმუშევართა კატეგორიაში ჩართვით, რაც ყველა აზრით გამართლებულია, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი საქართველოში 65%-ს აღწევს.

უმუშევრობა საქართველოში მნიშვნელოვნად განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. როგორც წესი, მისი დონე ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად აღემატება უმუშევრობის საერთო დონეს.

უმუშევრობის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების კადრების მომზადების დაგეგმვის ტექნოლოგია. დღეისათვის, მასობრივად გავრცელებული,  „პოპულარული“ სპეციალობების გამო, მოსახლეობის განათლება არ ემთხვევა შრომის ბაზრის მოთხოვნილებებს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ქვეყანაში არსებულ სამედიცინო განათლების მქონეთა რაოდენობა. ამ სფეროს ბაზარზე სამუშაოს მიწოდება ბევრად აღემატება მის მოთხოვნილ რაოდენობას და ადამიანთა დიდი ნაწილი, ხანგრძლივი აკადემიური სწავლის მიუხედავად, სამუშაო ადგილის გარეშე რჩება.

ამრიგად, უმუშევრობა ყველა დროის უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და საზოგადოებისთვის სავალალოა მისგან გამოწვეული ეკონომიკური თუ სოციალური შედეგები. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას 2012 წლისთვის ვარაუდობს...

 

გიგლა რამიშვილი,

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4486
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია