დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურა აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის შიდა საქმეებს იძიებს
2013/04/25 20:48:56

ქეთევან ლებანიძე

პროკურატურა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა საქმეებს იძიებს. ტარდება საბუღალტრო ექსპერტიზაც. გამოძიება 24 იანვრიდან დაიწყო  50-მდე ლექტორის  განცხადების საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ფინანსური საქმიანობის შესწავლას და ზოგიერთი თანამშრომლის პირადი საქმეების გადახედვას. ძიება მას შემდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ოფიციალურად ამ საქმის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. საქმე აღძრულია 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც  მითვისება-გაფლანგვისათვის 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იანვრის დასაწყისში სტუდენტების გარკვეული ნაწილი თეატრალიზებულ აქციებს მართავდა რექტორის წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა სიმბოლურად ვარსკვლავიც გაუხსნეს გიორგი ღავთაძეს და „გიორგი ტურისტი“ უწოდეს, რადგან, მათივე თქმით, რექტორი ხშირად დადის მივლინებებში და საკმარისად არ არის ჩართული უნივერსიტეტის მიმდინარე პროცესებში. სტუდენტები აპროტესტებდნენ სწავლის ხარისხსაც და აღნიშნავდნენ, რომ ზოგიერთი ლექტორი საათში 5 ლარის ანაზღაურებისთვის კითხულობს ლექციას და სწორედ აქედან მომდინარეობს სწავლების დაბალი ხარისხიც.

მერაბ ირემაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელძღვანელი):

„დაახლოებით თვენახევრის უკან პროკურატურამ მოითხოვა ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე გარკვეული თანამშრომლების პირადი საქმეები იმ მიზეზით, რომ თანამშრომელთა  ნაწილმა შეიტანა განცხადება პროკურატურაში. პროკურატურამ რაც მოითხოვა, ყველანაირი დოკუმენტაცია მივეცით. ამის შემდეგ ისინი, ალბათ, სწავლობენ ამ დოკუმეტაციას. ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. რომელმა ლექტორებმა შეიტანა სარჩელი, ამას ვერ გეტყვით.”

„p.s.“- თან  საუბრისას ერთ-ერთი სტუდენტი აღნიშნავს, რომ მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო 50-მდე ლექტორის პროტესტის შესახებ, რომელიც შემდეგ პროკურორთან განცხადების შეტანით გამოიხატა.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ლექტორთა  ნაწილმა პროტესტის ნიშნად დაწერა განცხადება პროკურატურის სახელზე რექტორის წინაარმდეგ. ეს წერილი თავად მე წარვუდგინე შეხვედრაზე ბ-ნ გიორგი ღავთაძეს. ფაქტია, რომ უნივერსიტეტში ყველაფერი თავის რიგზე არ არის. ადმინისტრაცია საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული. ეს ყველაფერი უნივერსიტეტის მართვას აძნელებს და აფერხებს, თუნდაც, სასწავლო პროცესს,“ – ამბობს სტუდენტი მირიან გეწაძე.

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ურიადმყოფელი,  ლექტორების იმ ნაწილს მიეკუთვნება, ვინც ხელი მოაწერა განცხადებას.

„უკმაყოფილების ტალღა დაიწყო გასული წლის ჯერ კიდევ სექტემბერში და ნოემბერში უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. პირველად ეს გამოიწვია კონკურსების არასამართლიანად ჩატარებამ, იყო ნათლია–მირონობის პრინციპით სამსახურში მიღება. 2010 წლის კონკურსის დროს ჩვენი ძალიან ბევრი თანამშრომელი დარჩა უკმაყოფილო თანამშრომელთა კონკურსების არაობიექტურად ჩატარების გამო. მეორე მიზეზი იყო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, რაც გამიხატება შემდეგში: 70-ზე მეტი ადამიანი მიღებულია კონკურსის გარეშე. ხელფასები არის საკმაოდ მაღალი – 1000 ლარი და მეტი. ამ მიღებული ხალხიდან აბსოლუტური უმრავლესობა არის რექტორის და მისი მოადგილეების ძმაკაცი, ნათლია-მირონი და ა.შ. ხელმძღვანელობა ასევე მოგზაურობს ევროპაში, ამერიკაში და ეს ვიზიტები არის არაფრის მომტანი ჩვენთვის, უნივერსიტეტისთვის, ხოლო მათთვის დროს ტარების და გართობის დასაბამი გახდა, თანხები კი იფლანგება. ამას დაემატა სამსახურიდან დამსახურებული პროფესორების უკანონოდა გათავისუფლება. ეს ყველაფერი ერთად დაგროვდა და მივმართეთ განცხადებით მინისტრს, არჩილ კბილაშვილს, პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ბ-ნ მარგველაშვილს და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორს ილია ჯალაღანიას. მიმდინარეობს გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ სამართლიანობა იზეიმებს.”

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე გიორგი გვარაკიძე:

„მიმდინარე წლის იანვარში ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორთა გარკვეულმა ჯგუფმა მოგვმართა განცხადებით, მათ პრეტენზია ჰქონდათ ხელმძღვანელობასთან, რექტორატთან. მათი განცხადების მიხედვით, არამიზნობრივად იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები. მათ ასევე პრეტენზიები აქვთ გარკვეულ ლექტორ- მასწავლებელთა უკანონო დანიშვნასთან დაკავშირებითაც. ლექტორების თქმით, დანიშვნები ხდებოდა ნაცნობობის და მეგობრობის მიხედვით. ამ განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182– მუხლის მე–2 ნაწილით, რაც გულისხმობს მითვისება გაფლანგვას. ჩვენს მიერ დაკითხულია საკმაოდ ბევრი მოწმე, როგორც ლექტორები, ისე სტუდენტები. ტარდება საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.“

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია