დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილის „პარაშუტები“ „ახალშობილი ნაციონალებისთვის“
2013/03/25 12:09:30

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი

 

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, სარეიტინგო კენჭისყრის შემდეგ, 135 ხმით დაამტკიცა.  სარეიტინგო კენჭისყრამ კი აჩვენა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელსაც 100 ხმა სჭირდება,  მხოლოდ 93 დეპუტატი დაუჭერდა მხარს.

სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან  ძირითადი პირობა იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისათვის, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის უფლებას - დაითხოვოს მთავრობა და დანიშნოს ახალი პარლამენტის თანხმობის გარეშე. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, სარეიტინგო კენჭისყრა მიღებული პრაქტიკაა საპარლამენტო საქმიანობაში და ეს იგივეა, რაც რეპეტიცია მნიშვნელოვანი კენჭისყრის წინ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტებმა კი ამ მოთხოვნაში უმცირესობის საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და სახის შენარჩუნების მცდელობა დაინახეს.

21 მარტის პარლამენტის პლენარული სხდომის უდიდესი ნაწილი იმის გარკვევას მიეძღვნა, გაიმართებოდა თუ არა   წინასწარი   ე.წ.  სარეიტინგო  კენჭისყრა. საპარლამენტო უმრავლესობა და მათი პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ, მით უფრო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებათა შინაარსობრივ მხარეს ეთანხმებოდა.

სხდომაზე  გამოცხადებული შესვენების შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ იმისთვის, რათა საპარლამენტო უმცირესობამ საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და დასრულდეს ის პრაქტიკა, როცა ძალაუფლებადაკარგული მმართველი პარტია ქრება პოლიტიკური ასპარეზიდან და რათა საზოგადოებას შეექმნას სტაბილურობის განცდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო:

„მე ვიღებ ჩემთვის საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ რატომ უნდა ჩატარდეს ამ პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მაგრამ ჩვენ კაპრიზზე კაპრიზით ვერ ვუპასუხებთ და ახირებაზე ახირებით და მზად ვარ, ჩავატარო სარეიტინგო კენჭისყრა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაციის) თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის,  სერგი კაპანაძის შეფასებით, 21 მარტი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.

„ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში. როგორც იქნა, გამოჩნდა, რომ გვყავს სოლიდური პარლამენტის თავმჯდომარე, რაციონალურად მოაზროვნე უმრავლესობა და ძლიერი უმცირესობა. ამას ჰქვია „მოგება-მოგება“. ყოჩაღ ორივე მხარეს!“ - წერს სერგი კაპანაძე Facebook-ის თავის გვერდზე.

„ძალიან მკაცრი იყო ის საშინაო დავალება, რომლის შესრულებაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საჯაროდ უწევდა. მათ მიმართ სიბრალულის განცდაც შეიძლება გასჩენოდა ადამიანს. ისინი ორიენტირებულნი იყვნენ დაუსაბუთებელ მოთხოვნაზე, რომლის უსაფუძვლობას გულის სიღრმეში თავადაც გრძნობდნენ. ეს იყო გარკვეული რიტუალი ერთგულებისა, რომელიც თავიანთი ლიდერისთვის უნდა დაემტკიცებინათ. დათმობის ვალდებულება ძლიერს უნდა გააჩნდეს და გუშინ ჩვენ სწორედ ამის მოწმენი გავხდით,“ - ამგვარად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი  21 მარტის კენჭისყრას.

 

„დღეს დაიბადა ახალი „ნაციონალური მოძრაობა“...

საკანონმდებლო ორგანოში მიღწეული შეთანხმების და საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების ფაქტს თავისი ინტერპრეტაცია გაუკეთეს როგორც „ნაციონალური მოძრაობის,“ ისე - „ქართული ოცნების“ პირველმა პირებმა.

„დღეს დაიბადა ახალი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა და ყველას დაუმტკიცა, რომ ის უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე. ყველა ჯანსაღ სისტემას სჭირდება ძლიერი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია. დღეს იყო უბადრუკი, იაფფასიანი მცდელობები პირდაპირ ტრიბუნიდან, რაც ადრე კულუარებში იყო, რომ ჩემსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის რამე შუღლი დაეთესათ... ყველანაირი მცდელობა, ჩვენ შიგნით გაგვთიშონ, როგორც ნახეთ, დამთავრდა სრული კრახით. უფრო მეტიც, ყველანაირი მცდელობა - მე პოლიტიკური ბრძოლიდან ახლა ან მომავალ წლებში გამიყვანონ - არ გამოგივათ...“ - განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ. მისივე შეფასებით, მას არც კი უფიქრია ამ საკონსტიტუციო უფლების გამოყენება და „ქართულ ოცნებას“ 21 მარტის კენჭისყრით მხოლოდ ის უნდოდა, რომ გაეფორმებინათ საქართველოში ოპოზიციური ძალის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება და მოსპობა.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით კი „ახალშობილი „ნაციონალური მოძრაობის“ ნათლია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია,“ ამის შესახებ ცისკარიშვილმა „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა.

„როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ 21 მარტს „ნაციონალური მოძრაობა“ დაიბადა, უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ახალშობილის, ჩვილის ნათლია დავით უსუფაშვილია. უსუფაშვილი გუშინ წარმოჩინდა როგორც მთლიანად პარლამენტის თავკაცი, სააკაშვილს კი ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი საქართველოს პრეზიდენტად, ის კვლავ მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერი ძალის ლიდერად რჩება. ჰქონდეს მას კმაყოფილების განცდა, თუ უნდა, - ეს მისი ჯანმრთელობისთვისაც კარგია, რაც შეეხება მოლოდინს, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ აღდგომის მსგავსი რაღაც მოხდა, წმინდანების რაოდენობა ამ პოლიტიკურ გუნდში იმდენად მცირეა, ძნელია, აღდგომაზე ვისაუბროთ,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. 

 

ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ნათლია?!

კენჭისყრის მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სარეიტინგო კენჭისყრის წინააღმდეგი ყოფილა და მას აზრი მთავრობის ხელმძღვანელმა შეაცვლევინა: პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს სარეიტინგო კენჭისყრის გადაწყვეტილების მიღება „ნაცმოძრაობის“ გადარჩენის მიზნით ურჩია.

„უსუფაშვილს ტელეფონით ვესაუბრე და შესვენებაზე მას ვურჩიე, რომ იმ ახირებისთვის მხარი დაეჭირა. თუმცა უსუფაშვილს ამის სურვილი არ ჰქონდა, რამეთუ კარგად იგრძნობოდა, რომ ისედაც მივიღებდით, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო იყო, მაგრამ მე რატომღაც ასე ვამჯობინე. ეს პრინციპულად ჩვენთვის არაფერს ცვლიდა. რად უნდოდათ ღია კარის მტვრევა... პოლიტიკურად უფრო კარგი იქნებოდა, რომ არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად სჯობდა, რომ გამონაკლისი არ დაგვეშვა, რადგან ძალიან დაბალი იყო ალბათობა, ეს ჩავარდნილიყო. საზოგადოებისთვის საშიში არ იყო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების მიღმა დარჩებოდა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და დღესაც არ გამაჩნია, ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს, რომ სჯობდა, ამ ახირებაზე დაგვეთმო. შედეგად მივიღეთ ის, რაც გვინდოდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კენჭისყრის მეორე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, არსებობდა პატარა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაჩეხილიყო და ეს მან არ დაუშვა. „ვურჩიე უსუფაშვილს და მან ეს გაითვალისწინა. თუ უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდნენ, პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ,“ - განაცხადა პრემიერმა.

 

„ბატონებო, გვაცადეთ  მუშაობა...“

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ გაკეთებული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ  გააკრიტიკა.

„ბატონებო, გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც პარლამენტი მიიღებს. დაანებეთ ჭკუის სწავლებას და იმის მცდელობას თავი, თუ ვისმა მკლავმა გადასწია ერთი თუ მეორე ხელი,“ - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე, რომლის დროსაც დეპუტატები საკონსტიტუციო ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავდნენ.

ბობოხიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებებში  სწორად არ იყო მახვილი დასმული და გუშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუმარჯვია. „გუშინ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, დღეს იგივე გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ „ჩვენ ეს ასი ხმა მაინც გვქონდა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა სულ არ გვჭირდებოდაო.“ მინდა მივმართო დავით საგანელიძეს: გუშინ 130 ხმა იმიტომ კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ბიძინას უნდოდა ასე და ფიქრობდა ასე, არამედ იყო იმიტომ, რომ ამ დარბაზში ვზივართ ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი, მინიმუმ 130 ადამიანი.

„მე ჩემს თავსაც მოვუწოდებ, აღარ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, აღარ მაინტერესებს, რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს სჭირდება,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

 

რამდენად აუცილებელი იყო ეს ცვლილებები?!

„უმრავლესობა სწორად მოიქცა, რადგანაც ამ გადაწყვეტილების მიღებაში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრა რეალური პოლიტიკური შედეგის მიღწევისათვის. პოლიტიკაში მთავარი სასურველი შედეგია. უმრავლესობა სწორად მოიქცა, რომ პროცედურული საკითხის გამო საკონსტიტუციო ცვლილების მიღება არ ჩააგდო,“ - აცხადებს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში სამართლის დოქტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ჯონი ხეცურიანი.

როგორც  საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, მართალია, პრეზიდენტი პირობას იძლეოდა, მთავრობის დათხოვნის უფლებას არ გამოიყენებდა, მაგრამ, როგორც კონსტიტუციონალისტები ამბობენ, - არასოდეს არ უნდა გვჯეროდეს, რომ შეუზღუდავი ძალაუფლება არასოდეს იქნება ბოროტად გამოყენებული. თუკი არსებობს უფლება, მით უმეტეს, კონსტიტუციაში ჩაწერილი, მას, დღეს თუ ხვალ, უსათუოდ გამოიყენებენ. ამიტომ, საჭირო იყო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა.

შინაარსობრივად უმცირესობა ეთანხმებოდა საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას და მათ ცვლილებებს მხარი კი დაუჭირეს, თუმცა,  თავის ამ თანხმობას გარკვეული ფასი დაადეს. შესაძლოა, უმცირესობა უფრო საკუთარი პოლიტიკური სახისა და ოპოზიციის მთლიანობის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. მათ არ უნდოდათ დაფიქსირებულიყო, რომ ოპოზიციიდან რაღაც ჯგუფი გამოიყო და მხარი უმრავლესობას დაუჭირა. ოპოზიციამ თავისი სახეც და მთლიანობაც შეინარჩუნა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია