დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: მთავარია, ფერმერი კმაყოფილია
2013/05/14 19:18:51

„ნაციონალური მოძრაობა“ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას ელიტარული კორუფციის წყაროდ მიიჩნევს

საპარლამენტო უმცირესობას საკანონმდებლო ორგანოში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია შეხვდა. მთავარი თემა სოფლის მეურნეობის პროგრამა და მისი მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები იყო.

შალვა ფიფიას თქმით, ობიექტური რეალობაა ის, რომ არ არსებობს რეგისტრირებული მიწის ფართობები და, სამწუხაროდ, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ვერ მოახერხეს ზუსტი სიების შედგენა. მისი განცხადებით, სწორედ ამის გამო იყო გარკევული ხარვეზები სოფლის მეურნეობის პროგრამის მიმდინარეობის პროცესში. „მიუხედავად პრობლემებისა, 715 000 მოსარგებლე მიიღებს სარგებელს ამ პროექტით და ბენეფიციარების მაქსიმალური რაოდენობა იქნება დაკმაყოფილებული,“ - ამბობს ფიფია.

უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროგრამის შედეგად გლეხი მხოლოდ ფურცელზე იღებს სარგებელს და რეალურად ის ზარალდება. ღვინიაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო ბარათებით მაღაზიაში ნაყიდი ნივთი გლეხს უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე სხვაგან ნაყიდი. გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, უკეთესი იქნებოდა გლეხებისათვის თავისუფლება მიეცათ და მათ, სადაც სურდათ, იქ წასულიყვნენ ნივთის შესაძენად.
ღვინიაშვილის თქმით, სასოფლო-სამეურნეო ბარათების გასანაღდებლად სპეციალიზებული მაღაზიების შექმნა ხელისუფლებაში ელიტური კორუფციის ნიშნებს აჩენს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, გლეხებმა 80 მილიონი იზარალეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ პროგრამის ფარგლებში დამატებით სპეციალიზებული მაღაზიები არ შექმნილა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის შალვა ფიფიას განცხადებით, სამიმისტრო იმ მაღაზიების სისტემურ მონიტორინგს აწარმოებდა, სადაც გლეხებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები უნდა გაენაღდებინათ.
ფიფიას თქმით, პროგრამისათვის შერჩეულ 880 მაღაზიას უფლება არ ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია დადგენილ ფასზე მაღალ ფასებში გაეყიდა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მონიტორინგის შედეგად, 55 მაღაზია დააჯარიმეს, ხოლო რამდენიმე საერთოდ მოხსნეს პროექტიდან.

ფიფიას თქმით, მისთვის უცნობია, „ნაციონალებმა“ რა არითმეტიკით დათვალეს 80 მილიონი, რომელიც, მათი განცხადებით, გლეხობამ პროგრამის ფარგლებში იზარალა.
უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი იდეაში ძალიან კარგია, სამწუხაროდ , პროექტის განხორციელება არაპროფესიონალურად და ხარვეზით მოხდა. მისივე განცხადებით, მთავარი არ იყო გლეხის მიერ სარგებლის მიღება. ბობოხიძემ ხელისუფლებას ბრალი ელიტარულ კორუფციაში დასდო.
„ადამიანებს არ მიეცათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. წესით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა უნდა შეეძინათ იქ, სადაც ისინი ჩათვლიდნენ საჭიროდ. ადამიანები იძულებულები ხდებოდნენ, ერთ რომელიმე მაღაზიაში შეესყიდათ სასოფლო-სამეუნეო ტექნიკა, რაც ფასების მატებას იწვევდა“. - განაცხადა ბობოხიძემ.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით კი, ხარვეზების მოიუხედევად, ეს არის ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვანი პროექტი, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ამ პროგრამამ ის ადამიანებიც კი დააინტერესა, რომლებიც 9 წლის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილან დაინტერესებულები სოფლის მეურნეობით. ინტერესი, განხილვა, გარკვეული ხარვეზები - ეს ყველაფერი ამ პროცესების თანამდევია. მე ვფლობ ბოლო კვლევის შედეგებს და მთავარია ის, რომ ფერმერი კმაყოფილია. სწორედ ის ადამიანები არიან კმაყოფილები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ მიწის დამუშავებას“. - ამბობს აგულაშვილი.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1675
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია