დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„განათლების სამინისტრომ ხელი შემახოცა“
2010/11/15 13:57:19

ერთი წლის დუმილის შემდეგ, ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი გიორგი მჟავანაძე გაზეთ „P.S.“-ს დაუკავშირდა და, როგორც თავად ამბობს, მისი უკანონო მოხსნის ფაქტები გააცნო, თუ როგორ გადააბრალეს მას წინამორბედის - მე-2 საჯარო  სკოლის დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის დანაშაულებრივი ფაქტები; ვინ იყო დაინტერესებული მისი გათავისუფლებით და რატომ მოხდა ეს უკანონობა.

„მე არცერთი მედიასაშუალებისთვის არ მიმიმართავს. თქვენ ხართ პირველი, რომლის საშუალებითაც მინდა ქუთაისელ საზოგადოებას გავაცნო სიმართლე და მოხდეს ჩემი სახელის რეაბილიტაცია. მეგონა, სასამართლოს საშუალებით მოხდებოდა ეს, მაგრამ შევცდი! რაც მე მომაწერეს, ის საქმეები რომ მქონდეს გაფუჭებული, ხომ დამიჭერდნენ. აქედანაც ცხადია, რომ მე უდანაშაულო ვარ,“ - აცხადებს გიორგი მჟავანაძე.მივყვეთ ფაქტებს. როგორც წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, ტესტირებისას, გასაუბრებაზე დადებითი პასუხის შემდეგ, ლოტოტრონის პრინციპით, 2007 წლის 23 ოქტომბერს ორ სხვა კანდიდატთან ერთად გიორგი მჟავანაძე გაანაწილეს ქუთაისის II საჯარო სკოლაში დირექტორობის კანდიდატად. სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, სკოლის დირექტორად დაინიშნა გიორგი მჟავანაძე. ბრძანება №1061 დაიწერა  2007 წლის 8 ნოემბერს. განათლების მაშინდელი მინისტრის კახა ლომაიას ხელმოწერით. კანონის თანახმად, დირექტორები ინიშნებოდნენ 6 წლის ვადით. დანიშნულ დირექტორს უნდა ჩაეტარებინა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ინვენტარიზაცია, აღენუსხა, რა იყო და არის სკოლაში. როგორც გიორგი მჟავანაძე ამბობს: მას მოშლილი ინფრასტრუქტურა დახვდა. ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ჭოხონელიძის დროს, 40მფართზე ფუნქციონირებდა სასადილო, (მოიჯარე „თამარ სოხაძე“), რომელიც ყოველთვიურად 25 ლარს იხდიდა საიჯარო ქირას. ასევე მას აღებული ჰქონდა ვალდებულება, გადაეხადა ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის (მრიცხველის ჩვენებით) და ბუნებრივი აირის (დღეში 1 ღუმელი - 1 ლარი) ღირებულება. რაც არ განახორციელა. ეს ხელშეკრულება გაფორმებულია 2007 წლის 22 იანვარს. ამ დროს მე-2 საჯარო სკოლაში დაახლოებით 1014 მოსწავლე ირიცხებოდა. „ვინაიდან კვების ობიექტი ანტისანიტარული იყო და ტენდერის გარეშე განხორციელდა ყველაფერი, ჩვენ გავათავისუფლეთ ეს ქალბატონი და კანონის ფარგლებში ჩავატარეთ კონკურსი, ინდმეწარმე ვლადიმერ გოზალაშვილთან გავაფორმეთ ხელშეკრულება კვების ბლოკის მოსაწყობად. მას 3 წლის ვადით, იჯარის ფორმით, გადავეცით სკოლის 64მ2  ფართი. საიჯარო ქირა განისაზღვრა 300 ლარის ოდენობით თვეში.“ ეს ფაქტები აღწერილია განათლებისა და მეცნიერების გენერალური ინსპექციის შემოწმების შემდეგ შედგენილ აქტშიც, რომელიც შედგა 2009 წლის 17 აგვისტოს №625 ბრძანების საფუძველზე. გენერალურმა ინსპექციამ 2008 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 ივლისამდე საქმიანობის პერიოდი შეამოწმა. ამ აქტში აღნიშნულია კიდევ ერთი კანონდარღვევა - მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შემოწმების დროს ავტომანქანა „მოსკვიჩის“ დანაკლისი, რომელიც კანონის ყველა წესის დარღვევით ჩააბარეს ჯართში.

ეს ფაქტი სკოლის წინა პერიოდის შემოწმების აქტშიც იყო დაფიქსირებული (სხვა სახის დარღვევებთან ერთად). №2 საჯარო სკოლას განათლების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №89 ბრძანებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება. გიორგი მჟავანაძემ „მოსკვიჩის“ შესახებ ინფორმაცია საფინანსო პოლიციას გადასცა.

გიორგი მჟავანაძე: „მე არ ვითხოვ ფაქტების გამოძიებას და ვინმეს არ ვადანაშაულებ. მინდა სიმართლე გაიგოს ყველამ. რასაც გიყვებით, ეს ყველაფერი მომიბრუნდა მე. უბრალოდ, თარიღებს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ყველაფერი იმ დროს მოხდა, როდესაც მე არ ვიყავი სკოლის დირექტორი! კიდევ ერთი ფაქტი, სადაც, უკანონობის აღმოჩენის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით ხელს აწერს ლომაია: განათლების სამინისტრო ახორციელებდა წიგნების გაქირავების სისტემას. 1,2, და მე-3 საჯარო სკოლებში „ილია ჭავჭავაძის პროექტის“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის განათლების სამინისტრო გამოყოფდა თანხას, შემდეგ ხდებოდა წიგნების შეძენა. ბავშვებს წიგნებს მიაქირავებდნენ. მაგალითად: მე-4 კლასის ლიტერატურა ღირდა 14 ლარი - გაქირავებული იყო 1 ლარად წელიწადში, მომდევნო წელს - 2 ლარად, უნდა მოკრებილიყო ფული, ანუ წიგნის საერთო ღირებულება უნდა შესულიყო განათლების სამინისტროს ბიუჯეტში. ზემოაღნიშნულ აქტში კი გარკვევით წერია:

„2008 წლის 10 სექტემბერს სკოლის საბანკო ანგარიშზე (სპეც. სახსრების ანგარიში) სკოლის ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ჭოხონელიძის მიერ შეტანილია 4184 ლარი, როგორც „საგრანტო პროექტის წიგნების თანხა.“ აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა სკოლის დირექტორს, ბუღალტერს, ბიბლიოთეკარს, ადმინისტრატორსა და ყოფილ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. ამ უკანასკნელის განმარტებით ირკვევა, რომ 2005 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (კონკრეტულად ვინ - ვერ დაასახელა), ხელზე გადასცეს 3000 აშშ დოლარის (იმ დროინდელი კურსით 5034 ლარი) მისაღები ორდერი, ხოლო ბანკიდან მიღებული თანხით შეიძინა 4921,84 ლარის ღირებულების სასკოლო სახელმძღვანელოები (წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები), რომლებიც სკოლის მიერ გარკვეული პირობებით უნდა გაქირავებულიყო მოსწავლეებზე სამი წლის ვადით. მ. ჭოხონელიძის განმარტებით, დარჩენილი 112 ლარი დახარჯა სახელმძღვანელოების ტრანსპორტირებაზე, რისი დამადასტურებელი საბუთიც ვერ იქნა წარმოდგენილი.“ ასევე აქტიდან ვიგებთ, რომ სკოლის ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, სახელმძღვანელოების გაქირავების შედეგად, (დომკუმენტი ვერ წარმოადგინა): მოსწავლეებს წიგნების ნაწილი სკოლისთვის არ დაუბრუნებიათ და 2007 წლის ნოემბერში მასთან ინახებოდა გაქირავების შედეგად მიღებული 4184 ლარი, რომელიც მან შეიტანა სკოლის საბანკო ანგარიშზე. ბუღალტრის განმარტებით, ზემოაღნიშნულ თანხას სკოლის ბუღალტერიაში არ გაუვლია. შეძენილი წიგნები იქ გატარებული არ არის, ვინაიდან არ იცის მათი რაოდენობა და ღირებულება. არც ფაქტი, გაქირავების შესახებ. ბიბლიოთეკარის განმარტებით, სკოლის ყოფილმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რაღაც სახელმძღვანელოები ჩამოიტანა თბილისიდან და თავისი კაბინეტიდან დაურიგა მოსწავლეებს, წიგნების რაოდენობა და ღირებულება მისთვის უცნობია. სკოლის ადმინისტრატორის განმარტებით, ყოფილმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ჭოხონელიძემ მას სიტყვიერად დაავალა გასაქირავებელი წიგნებიდან თანხების ამოღებაზე კონტროლი.

გიორგი მჟავანაძემ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ამ პროექტის განხორციელების შესახებ, მოითხოვა შესაბამისი დოკუმენტაცია და დახმარება სთხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგანგებო დეპარტამენტის იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და გურიის სამმართველოს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტიდან სკოლას მიღებული აქვს 2009 წლის 16 მარტის №375/16-03-11/20 კორესპოდენცია, რომლის თანახმად, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის მიერ თანხების მითვისებას ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან მის მიერ 4184 ლარი შეტანილ იქნა სკოლის საბანკო ანგარიშზე, რომელიც სკოლას შეუძლია განკარგოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სკოლის დირექტორის განმარტებით, მისთვის გაქირავებული სახელმძღვანელოების რაოდენობა და ღირებულება უცნობია.“

გიორგი მჟავანაძე: „აქ გვაქვს ორ უკიდურესობასთან საქმე. თავიდან წერენ, რომ უკანონობაა, შემდეგ კი უარყოფენ. ამ საქმესთან დაკავშირებული აღძრული სისხლის სამართლის საქმე, არ ვიცი, არის თუ არა ბოლომდე მიყვანილი. და კიდევ ერთი კანონდარღვევა, ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ჭოხონელიძის დროს ჩადენილი, უკავშირდება „იაკობ გოგებაშვილის“ პროექტის ფარგლებში სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გათბობის სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიმდინარეობის დროს, სკოლის მიერ არამიზნობრივად დახარჯულია 2200 ლარი. როგორც არის აღნიშნული აქტში.

„გენინსპექციის დასკვნაში გამოვლენილია სკოლასა და „ჯორჯიან ბილდინგს“ შორის გათბობის სისტემის მოწყობის მიზნით დადებულ ხელშეკრულებაში დარღვევები, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების ნიშნებს, რის გამოც აღნიშნული დოკუმენტაცია გადაგზავნილი იქნება სამართალდამცავ ორგანოებში.

ვინაიდან სკოლის მიერ სამინისტროში არ არის წარმოდგენილი 2007 წლის 23 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სკოლას შორის გაფორმებული №?08-03/1236 ხელშეკრულების საფუძველზე 2007 წლის 29 აგვისტოს ?683 საგადასახადო დავალებით ჩარიცხული 16493,50 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაბამისად, სკოლას აქვს 16493,50 ლარის კრედიტორული დავალიანება, სამინისტროს მიმართ, რაც ბალანსში ასახული არაა,“ - ვკითხულობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №855 ბრძანებაში (ქ.თბილისი. 2009 წ. 08.10) მე-2 საჯარო სკოლის გაფრთხილების მიცემის შესახებ.

როგორც გიორგი მჟავანაძე ამბობს, ზემოაღნიშნული ფაქტები მის დაუკითხავად დაიბეჭდა გაზეთ „ალიაში“ (2010 წ.18-19 თებერვალი), სადაც დარღვევები მიწერილი აქვს მას. სტატიაში საუბარია გენინსპექციის სკანდალურ დასკვნებზე სკოლის დირექტორების მოხსნასთან დაკავშირებით.

გიორგი მჟავანაძის განმარტებით „განათლების სამინისტრომ მერაბ ჭოხონელიძის დროს დაფიქსირებული ფაქტები რატომღაც მას გადმოახოცა. განათლების სამინისტრო გიორგი მჟვანაძეს ედავებოდა 2 ფორტეპიანოსა და (რომელიც 44-ე სამუსიკო სკოლამ გადასცა მე-2 საჯარო სკოლას საჩუქრად) ასევე შემოწმების დროს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობას:  გვეუბნებოდნენ, ბალანსზე რატომ არ გყავთ აყვანილიო, საჩუქარი მოგვცეს სექტემბერში. ბალანსი კი წლის ბოლოს ხდება. ეს არის ცვეთადი საგანი, შეიძლება ბალანსამდე დამტვრეულიყო. მაჩუქეს, ხომ არ შეგვისყიდია სკოლის ბიუჯეტით? რაც შეეხება ბიუჯეტს, 2008 წლის 4 იანვარს სამეურვეო საჭომ განიხილა და დაამტკიცა ის. როგორც აღმოჩნდა, სამეურვეო საბჭოს ოქმში აღნიშნული საკითხი შეტანილი არ არის, ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი უდავოა, რასაც ადასტურებს სკოლის დირექტორის, სკოლის ბუღალტრის და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი 2008 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეკონომიკური კლასიფიკაციის ჩამონათვალთა ნუსხა. ამ თემებზე და უკანონობაზე, რომელიც ჩემი დირექტორობის დროს არ მომხდარა, მოხსენებითი ბარათი გავუგზავნეთ განათლებისა და მეცნიერების მაშინდელ მინისტრს ნიკა გვარამიას, მინდა აღვნიშნო, რომ ერთმანეთის გამომრიცხველი ფაქტებია. შემოწმების აქტში არაფერია ნათქვამი სკოლაში სწავლების უხარისხობაზე. ჩემი გათავისუფლების ბრძანებაში კი წერია, რომ სკოლაში სასწავლო და შრომითი დისციპლინის დაბალი ხარისხია და შეუძლებელია მოსწავლეებისთვის სრულყოფილი განათლების მიღება; საინტერესოა, რომ ესაა ერთი და იგივე ხალხის დაწერილი. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების ფაქტს, როდესაც შემოწმების დროს სკოლაში იმყოფებოდნენ გენინსპექციის მთავარი სპეციალისტები, დენის წურწუმია და რევაზ გურალაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უბრალოდ ჩაწერილი არ მაქვს, ერთმა მათგანმა მითხრა, რომ შიეძლება ამ სიტყვების გამო სამსახურიდან გამათავისუფლონ, მაგრამ მე მაინც გეტყვით, რომ შემომიშვეს იქ, სადაც დარღვევა პრაქტიკულად არ არისო.“ შემეკითხა, როგორი ურთიერთობა გაქვთ რესურსცენტრის უფროსთანო. შემდეგ დამიბარა გენინსპექციის მაშინდელმა უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა და მითხრა, მინისტრის სახელზე დამეწერა განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, არაფერი გაქვს დაშავებული, მაგრამ ასე არის საჭიროო. მე არ დავთანხმდი მის შემოთავაზებას, რადგან ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლბა იმ ხალხის მიმართ, ვინც მე ამირჩია. არ ჩავთვალე საჭიროდ, დამეწყო ყვირილი, ვინმეს რომ არ ეფიქრა, სკამს ჩაბღაუჭებულის განწირული ხმააო. გავიდა ერთი წელი. გადაფასდა მოვლენები და ახლა გადავწყვიტე ამაზე საუბარი. მე გამოვეხმაურე თქვენს გაზეთში დაბეჭდილ სტატიას „ჩუმად დანიშნული სკოლის დირექტორი.“ რადგან ქუთაისში ხდება ასეთი უკანონო ფაქტები. ქუთაისის რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე ლადო პატარიძის გაჩერება რყვნის ქუთაისში განათლების სისტემას. მე მრცხვენია იმ მინისტრის, რომელიც სკოლის დირექტორებს ათავისუფლებს და კაცს, რომელსაც აღებ-მიცემობა აქვს გაჩაღებული, უკვე 6 წელია ამ ადგილს უნარჩუნებს. მე ამ ფაქტის შესახებ მივწერე ნიკა გვარამიას. ლადო პატარიძეს ჩემთვის არაერთხელ უთქვამს პირად საუბარში. „ამას და ამას თუ არ დანიშნავ მასწავლებლად, გამოვუშვებ გენინსპექციას და შეგამოწმებს და ბუზს აქლემად გიქცევსო. ყოფილა შემთხვევები, რომ მინისტრის ჩამოსვლის გამო დასაბინავებლად 20,30 ლარს გვთხოვდა, მე, უბრალოდ, არ მაქვს ამის დამადასტურებელი ჩანაწერები. მე ვარ ამ ფაქტებთან დაპირისპირების შედეგი. გამათავისუფლეს დირექტორობიდან 2009 წლის 2 ნოემბერს. თუ შეიძლება, რომ ამ დოკუმენტებით გაათავისუფლო 6 წლით დანიშნული სკოლის დირექტორი? მე არ ვიცი, რა ლოგიკით არ უნდა მოსთხოვო პასუხი ყოფილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს. კიდევ ვიმეორებ: მე არავის ვუპირისპირდები, რადგან ქუთაისელი ვარ, პირველ რიგში ამ ქალაქში მინდა იცოდნენ სიმართლე და შემდეგ ცენტრალური არხებითაც გავამჟღავნებ ყველაფერს. წერილს მივწერ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და განათლებისა და მეცნიერების ახლანდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინს. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ კონკრეტულად ვინმე იყო დაინტერესებული ჩემი ადგილით, მაგრამ ვიცი, რომ ლადო პატარიძეს არ ესიამოვნა ჩემი დანიშვნა ამ ადგილზე. ჩემი პირადი სუბიექტური მოსაზრებით, ლადო პატარიძეს ჰყავს ძლიერი ლობი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და, ალბათ, ერთად არიან გასვრილი იმ უკანონობაში, რაც ქუთაისში ამ სისტემაში ხდება.“

სალომე კაპჭელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია