დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას ითხოვს ზურაბ ბენიძე?
2012/06/11 13:07:50

„დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი!“ - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი მრავალწლიანი პრობლემების მოყოლა გაზეთ „P.S.“-თან სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის, თითქმის ყველა მაღალჩინოსნისათვის კარგად ცნობილმა, სოციალურად დაუცველმა, 34 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდმა ზურაბ ბენიძემ. მისი და ასაკში შესული მშობლის ერთადერთი  შემოსავალი დედის პენსია და სოციალური დახმარებაა. დედა, მისი თქმით, ერთ-ერთ ტაძართან შემწეობას ითხოვს...

 

 

სოციალურად დაუცველი ამ ოჯახის  საცხოვრებელი ფართის ნახვისას ძნელად თუ წარმოსადგენია, რომ აქ ვინმე შეიძლება ცხოვრობდეს - უთუოდ  მრავალი წლის  მიტოვებული ნასახლარი გეგონებათ. სადაც ბენიძეები ღამეს ათევენ, იმ ნაგებობის კოჭები დამპალია, შეკიდული ჭერი დაზიანებულია, მზიდი ტიხარი დამპალია, კედლები გახსნილია, ფანჯრები, ფაქტობრივად, აღარ არის, კარები უვარგისია, სახურავი ჩანგრეულია და პირველი სართულიდან ზემოთ ახედვისას ცას ჩვეულებრივად დაინახავთ, ხოლო წვიმა ისევე კოკისპირულად ჩამოდის სახლში, როგორც გარეთ. ბენიძეების თქმით, წვიმიან ამინდში საწოლის ადგილს ეძებენ, თუ სად შეიძლება, დადგან, რომ ღამე  თავზე არ აწვიმდეთ.

როგორც ზურაბ ბენიძე აცხადებს, მისი სახლის პრობლემები კომისიამ შეისწავლა და უმძიმესი მდგომარეობა მიანიჭა.

- 2002 წლიდან დავდივარ ქუთაისის მერიაში განცხადებებით, - გვიამბობს ზურაბ ბენიძე, ისინი შემპირდნენ, რომ ყველაფრით დამეხმარებოდნენ, მაგრამ - ამაოდ. დღემდე დავდივარ მერიაში უშედეგოდ. საბინაო ინფრასტრუქტურის წარმომადგენელმა ყურადღებაც კი არ მომაქცია და, მეტიც, ჩემს თვალწინ დამიხია სამინისტროსა და მთავრობის ბრძანება იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა დამხმარებოდა. ქალაქის მერი და ვიცე მერი ანდღულაძეც დამპირდნენ ამოსვლას სახლში და პრობლემის ნახვას, მაგრამ...

- მაშასადამე, როგორ მდგომარეობაშია თქვენი სახლი, რეალურად არავინ იცის? 

- მე და დედაჩემი მივედით დავით გორდელაძესთან, ის ამოვიდა და დაათვალიერა, თუ როგორ მდგომარეობაში ვცხოვრობ. ასევე ჩემი უბნის პრობლემებსაც გაეცნო, რომ არ არის გარე განათება, წყალი და ა.შ. ვიცემერმა კახა ხვარეშიას დაავალა, რომ დამხმარებოდნენ, თუმცა  მან არასაკმარისი თუნუქის მასალა მომცა, რომელიც ნახევრადაც არ კმარა. როცა დამატებით მოვითხოვე მასალა, გარეთ გამოგვაგდეს მე და დედაჩემი და ასე გვითხრეს, მათხოვრებო, გარეთ გადითო, სადაც გინდა, იქ მიჩივლეო.

- მას შემდეგ რა მოხდა?

- მას შემდეგ კიდევ არ გავჩერებულვარ, თუ ვინმე ჩამოდიოდა თბილისიდან თანამდებობის პირი, ყველას ვხვდებოდი და 2010 წელს ჩამოვიდა ბრძანებულება ჩემი სახლის გადახურვის შესახებ. სამხარეოდან ამოვიდნენ ჩემს სახლში, შეამოწმეს, შეისწავლეს ყოველივე მდგომარეობა და გაიცა ბრძანება, რომ ხვარეშიას ჩემი სახლი ბოლომდე უნდა გადაეხურა. ეს რომ გაიგო ბატონმა კახამ, ხელი გამარტყა გაბრაზებულ მდგომარეობაში. იმის შემდეგ გავიგე, 2011 წელს ახალი ვიცემერი დაინიშნა, ირაკლი ჯიქია და შევიტანე განცხადება. მან გაითვალისწინა ჩემი განცხადება, ამოვიდა ჩემთან და, დროებით, სახანძროს თანამშრომლების დახმარებით, „ბრიზენტით“ გადამიფარეს სახლი და დამპირდნენ, რომ  აპრილიდან გადამიხურავდნენ სახლს, მაგრამ თურმე მაშინაც მომატყუეს.

- პრეზიდენტისთვის ხმის მიწვდენა თუ გიცდიათ?

- კი. 12 თუ 13 აპრილს პრეზიდენტი იყო ჩამოსული ქუთაისში და  გადავწყვიტე მივსულიყავი და  ჩემი პრობლემები მომეყოლა, როცა უცებ ვიცემერი ჯიქია გამოჩნდა და  პრეზიდენტს ჩასჩურჩულა - ავადმყოფია, თავი დაანებეო. პრეზიდენტი ადგილიდან მომწყდა, ხოლო ჯიქიას თანამშრომლებმა მერიასთან გამიყვანეს და მაგინეს, ცემით მემუქრებოდნენ, თუ არ გავჩერდებოდი და დამპირდნენ, თუ ამიერიდან ხმას ამოვიღებდი, ფსიქიატრიულში წამიყვანდნენ. არ ვიცი, რა ვქნა როგორ მოვიქცე, სად ვიპოვო გამოსავალი. იქნებ თქვენი გაზეთის მეშვეობით მაინც გავიგო, ჩემს ფაქტორივად დანგრეულ სახლს გადამიხურავენ თუ არა?

 

***

რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მივიღეთ, ადგილობრივ თვითმმართველობაში. საბინაო ინფრასტრუქტურის, მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა კახაბერ ხვარეშიამ ყველა ის აქტი - დოკუმენტაციის სახით - გვაჩვენა, რომლითაც ისინი ბენიძეებს დაეხმარნენ,  ხვარეშიას განცხადებით, ისინი, წლებია, აღნიშნულ ოჯახს ეხმარებიან, რადგან მათი მდგომარეობა მართლაც რომ მძიმეა. კახაბერ ხვარეშია აცხადებს:

„გეთანხმებით, ბენიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და მართლაც რომ უკიდურესად უჭირთ. მატერიალურ კრიზისს განიცდიან, მაგრამ ადგილობრივ თვითმმართველობას და, კერძოდ, ჩემს უწყებას რაც შეეხება, ყველანაირად გვერდით უდგას აღნიშნულ ოჯახს. 2008 წელს ბენიძეების ოჯახს ჩვენ გადავეცით 50 „ასბესტის შიფერი“, რაც, დაახლოებით, 100 კვადრატია. 2010 წელს ამავე ოჯახზე  ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ორი მატერიალური დახმარება განხორციელდა 500-500 ლარის ოდენობით, ასევე ჩვენ მათ გადავეცით 2 კუბი ხის მასალა, სახლის კოჭები, 23 ფიცარი და კვლავ 50 ცალი „აზბესტი“, ხოლო 2011 წელს 10 კვადრატული მეტრი თუნუქის საჟოლოფეები. სხვა დახმარება ჩვენ არ შეგვიძლია, მეტიც - ადგილობრივი თვითმმართველობის  კომპენტენციაში არ შედის კერძო სახლების მოწყობა, თუმცა ჩვენ გამოვიჩინეთ კეთილი ნება და გავითვალისწინეთ ამ ოჯახის  დუხჭირი პირობები და, რაც კი შეგვეძლო, ყველანაირად დაეხმარა  ადგილობრივი თვითმმართველობა.

- ბატონო კახა, ზურაბ ბენიძე ასევე აცხადებს, რომ თქვენ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ.

- ეს მტკნარი სიცრუეა. თქვენი აზრით, ან მე და ან ადგილობრივი თვითმმართველობის რომელიმე წევრი იქამდე დავეშვებით, რომ ვინმეს ფიზიკურად შევეხოთ?

- იგეგმება თუ არა მომავალში ბენიძეების ოჯახზე დახმარება და იმ პრობლემების საბოლოოდ მოგვარება, რასაც დღემდე ასახელებს ამ ოჯახის მკვიდრი ზურაბ ბენიძე? - ჩვენ ამ კითხვით უბნის დეპუტატს კახა ნემსიწვერიძეს მივმართეთ.

- ოჯახი მეტად მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის. ჩვენი მხრიდან მათზე არაერთხელ განხორციელებულა დახმარება. ჩვენ მომავალშიც ყველა ოჯახს, რომელსაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით და მათ შორის იქნება ბენიძეების ოჯახი,“ - გვიპასუხა კახა ნემსიწვერიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1796
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია