დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ხელმძღვანელობა 65-ათასიან ავტომობილს ყიდულობს
2011/01/31 12:39:06

26 იანვარს ქუთაისის საკრებულოს რიგითი მე-7 სხდომა ჩატარდა, რომელზეც განსახილველად და დასამტკიცებლად სულ რვა საკითხი იყო წარდგენილი. ყველაზე დიდი გამოხმაურება შესყიდვების სამსახურის მიერ საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №75 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარმოდგენილმა იმ საკითხმა გამოიწვია, რომელიც  ქალაქის ხელისუფლების მიერ 65 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილის შეძენას ეხება.

დასამტკიცებლად წარდგენილ საკითხს თავდაპირველად უმრავლესობის წევრი გია უკლებაც არ უჭერდა მხარს და მისი მომდევნო სხდომაზე გადატანა მოითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა 5 წუთიანი შესვენება ითხოვა და უკან დაბრუნებულმა საკრებულოს წევრებმა 65 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილის შეძენის წინადადება სრული უმრავლესობით დაამტკიცეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მამუკა მღვდელაძემ გაზეთ „P..S.“-თან საუბარში განაცხადა: „როდესაც სახელმწიფოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასწავლებლის დავალიანება აქვს და დღეს ეს ქალბატონი კიდევ ერთხელ მოვიდა მათთვის კანონიერად კუთვნილი თანხის სათხოვნელად, როდესაც სხდომას ბაგა-ბაღებიდან უკანონოდ გამოშვებული პედაგოგები ესწრებიან თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად და ამ დროს ქალაქის საკრებულოს უმრავლესობა ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ძნელია ამ ფაქტზე კომენტარი გავაკეთო. თავი დავანებოთ იმას, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია და ქალაქის ბიუჯეტიდან სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვისთვის მხოლოდ 1 %-ია გამოყოფილი, როდესაც ნორმალურად განვითარებულ ქვეყნებში ამ კუთხით 10-15% იხარჯება. ამ დროს კეთდება პიარ-პროგრამები და ხდება ძვირადღირებული მანქანების შესყიდვა. ქამრების მაღაზია არ გვაქვს ამ ქუთაისში, თუ ასეთი პათოლოგიური აზროვნება როგორ შეიძლება განგივითარდეს?! ქალაქში, სადაც 2,3 წლის წინ აპიარებდნენ იმას, რომ მერმა ძვირიანი მანქანა არ უნდა იყიდოს და ამ ბრალდებით სამი თვით დანიშნულ მერს ბაკურ ბალანჩივაძეს ათავისუფლებენ, დღეს ან უნდა ვაღიაროთ, რომ ის კაცი რეპრესიის მსხვერპლია და დაჩაგრული, ან კიდევ ერთხელ არ უნდა მისცე შენს თავს საშუალება, რომ 65 ათასიანი მანქანა იყიდო. მე მოვუწოდე მათ, რომ „ნახმარი „ოპელი“ ეყიდათ“, თუ გინდა საქმის კეთება ნახმარი  „ოპელითაც“ მოხერხდებოდა.

ერთმა ნაციონალმა გია უკლებამ ვითომ პრინციპულობა გამოიჩინა და ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა გადაწყვიტა, თუმცა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარემ 5-წუთიანი შესვენება ითხოვა, უკან დაბრუნებულმა, მანაც შეიცვალა პოზიცია. ამას ჰქვია უპრინციპობის ზეიმი და მართლაც მრცხვენია, ამ საკრებულოს წევრი რომ ვარ.“

ფაქტია, ჩვენს ქალაქში გადასაჭრელი პრობლემები მრავლადაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება სახელმწიფოს ჯიბეში ხელს აფიშირებულად „აფათურებს“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია