დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაუშვებელია განსხვავებული სახელმწიფო მიდგომა კერძო სექტორში მცხოვრები დევნილებისადმი
2013/03/11 12:22:58

ორგანიზებულად ჩასახლებულ თანამემამულეთაგან განსხვავებით, რა აკლიათ, სტკივათ და აწუხებთ კერძო სექტორში განთავსებულ დევნილ ოჯახებს; რა პრობლემები უნდა გადაუჭრას მათ სახელმწიფომ? ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ზაზა ჩაჩავას.

 

 

- ბატონო ზაზა, გთხოვთ, გვესაუბროთ კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა პრობლემებზე.

- კერძო განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის პრობლემები მრავალფეროვანია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა იურიდიული ფორმით იმყოფებიან ისინი საცხოვრებელ ფართებში. თუ ამ კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებთ, დღესდღეობით   აღნიშნულ სექტორში მცხოვრები დევნილი ოჯახები შეიძლება დაიყოს ხუთ კატეგორიად:

ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ქირით ან გირაოთი; ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ ნათესავებთან; ოჯახები, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები დათმობილი აქვთ ერთგვარი უზურფრუქტის პირობებით (ანუ „მოუარე და იცხოვრე“); ოჯახები, რომლებმაც მოახერხეს საცხოვრებელი ფართების შეძენა საკუთარი თანხებით; ოჯახები, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ საცხოვრებელი ფართი ან მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.

ხუთივე კატეგორიას გააჩნია ამ კატეგორიისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური პრობლემები. არის ყველა მათგანისათვის საერთოც.

- რატომ არის განსხვავებული სახელმწიფო მიდგომა ორგანიზებულად ჩასახლებულ და კერძო სექტორში მყოფ დევნილთა მიმართ? 

- უპირველესად, აღვნიშნავდი, რომ დაუშვებელია დევნილთა დაყოფა იმის მიხედვით, ისინი ორგანიზებულად არიან განთავსებულნი, თუ კერძო სექტორებში.

დღეს, განსახლების ფორმის მიხედვით, ერთი და იგივე სტატუსის მქონე მოქალაქეები, სამწუხაროდ, განსხვავებულ პირობებში იმყოფებიან. ორგანიზებულად ჩასახლებული დევნილები მეტი შეღავათებითა და მომსახურეობებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფოდან, ასევე არასამთავრობო სექტორიდან. მაგალითად, ელექტროენერგიისა და სხვა კომუნალურ გადასახადს იხდის სახელმწიფო. ასევე ლოკალური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები (საკანალიზაციო, სასმელი წყლის, ელექტროგაყვანილობის, გადახურვის და ა.შ.) ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ან არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამებით. ყოველივე ამას კერძო სექტორში მცხოვრები ოჯახები მოკლებული არიან. ამ მხრივ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან ქირით მცხოვრები ოჯახები.

- მოდით, უფრო ვრცლად გვიამბეთ კერძო სექტორში განთავსებულ დევნილთა დღევანდელობაზე.

- დავიწყოთ იმით, რომ ბუნდოვანია კერძო სექტორში განთავსებული ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის საკითხი.

განსაკუთრებით გაურკვეველ ვითარებაში არიან ის ოჯახები, რომლებმაც მოახერხეს საკუთარი სახსრებით ბინების შეძენა. ისინი ითხოვენ კონკრეტულ ინფორმაციას, თუ რა სახით მოხდება მათი დაკმაყოფილება ფულით თუ ბინებით და მოხდება თუ არა მათი დაკმაყოფილება საერთოდ. განსაკუთრებულ სიმწვავეს ეს საკითხი იძენს იმ ფონზე, რომ ზოგიერთმა „მოხერხებულმა“ ადამიანმა საკუთარი ფართები გადააფორმა სხვის სახელზე და უკვე მიიღო ბინა, ან დგას რიგში.

საკითხი აქტუალურია იმ ოჯახებისთვისაც, ვინც მიიღო კომპენსაცია ორგანიზებული ჩასახლების ობიექტიდან გამოსვლის სანაცვლოდ. ასეთი კატეგორიის ოჯახების უმრავლესობამ კომპენსაციის თანხებით ვერ მოახერხა ფართის შეძენა (და ამჟამად ცხოვრობს გირაოთი ან ქირით), ან შეიძინა ოჯახის სულადობით განსაზღვრულ ფართზე ნაკლები ფართის მქონე ბინები, რადგან უფრო მეტზე ხელი არ  მიუწვდებოდათ.

გაურკვეველია იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკითხებიც, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არის შემთხვევები, როდესაც უცხოეთიდან დაბრუნებულ ოჯახს მისი კომპაქტურად ჩასახლების ადრინდელი ობიექტი გაუქმებული დახვდა, რადგან იქ მცხოვრები სხვა ოჯახები განათავსეს ახალ საცხოვრებელ კორპუსებში, ხოლო ქვეყნიდან გასული ოჯახების საკითხი არ  განხილულა. ან ოჯახი ცხოვრობდა კერძოდ, მაგრამ, გარკვეული პირობების გამო, მისი რომელიმე წევრი იძულებული იყო, წასულიყო საზღვარგარეთ, სადაც შექმნა ახალი, საკუთარი ოჯახი (ანუ პირვანდელი ოჯახი გაიზარდა) და იმის გამო, რომ არსებული ფართი არასაკმარისია, ვერ ბრუნდება სამშობლოში.

გაურკვეველია ამჟამინდელი ფართით სარგებლობის ვადებიც:

ხუთიდან პირველი სამი კატეგორიის ოჯახები ნებისმიერ დროს შეიძლება დარჩნენ საცხოვრებელი ფართის გარეშე, რადგან, სხვადასხვა მიზეზით, მასპინძელმა შეიძლება მოითხოვოს ფართის დაცლა.

უკეთეს შემთხვევაში, იმავე მიზეზების გამო, ოჯახები იძულებული არიან, რამდენიმეჯერ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რაც, თავის მხრივ, ართულებს მათთვის ისედაც მწირი მომსახურების გაწევას, რადგან ხშირად ვერ დგინდება მათი ახალი საცხოვრებელი ადგილის მისამართები.

შეზღუდულია სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალურ პროგრამებში მონაწილეობა:

კერძო განსახლების ობიექტებში მცხოვრები  დევნილი ოჯახები მოკლებული არიან ისეთ სახელმწიფო მომსახურებას, როგორიცაა, მაგალითად, მწყობრიდან გამოსული სახურავის, საკანალიზაციო, სასმელი წყლების გაყვანილობის რემონტი-რეაბილიტაცია. საკითხი ეხება ზემოთ მოყვანილი ყველა კატეგორიის ოჯახებს. იმათაც, ვინც შეიძინა ბინა, აღარ დარჩათ  სახსრები ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოსაწყობად, ხშირად  შეზღუდული რესურსების გამო ისინი იძულებული იყვნენ, შეეძინათ გასარემონტებელი ფართები. უზურფრუქტის პირობებით მცხოვრები ოჯახები კი, მასპინძელთან შეთანხმებისამებრ, იძულებული არიან, თავიანთი სახსრებით შეასრულონ მიმდინარე რემონტები.

პირველ სამ კატეგორიას შეექმნა პრობლემები ეგრეთწოდებული ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებისასაც: უმრავლეს შემთხვევებში მასპინძელმა ოჯახებმა ვაუჩერები თვითონ მიიღეს, ვინაიდან სწორედ მასპინძლები არიან გაფორმებულები აბონენტებად. იგივე შეიძლება განმეორდეს სხვა, მსგავსი პროგრამების რეალიზებისასაც.

პრობლემატურია მასპინძელ ოჯახებთან ერთად მცხოვრები დევნილი ოჯახების სიღარიბის დაძლევის პროგრამაში ჩართვის საკითხიც, რადგან შესაბამისი სამსახურები მასპინძელი ოჯახის ქონებით სარგებლობის გამო მაღალ ქულებს ანიჭებენ სტუმარ ოჯახს. იგივე პრობლემა ექმნებათ დათმობილ ბინებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც.

- რამდენად ეხმარება ამ კატეგორიის ოჯახებს არასამთავრობო სექტორი?

- რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის პროექტებს, ისინი პროგრამაში მონაწილეობისათვის ითხოვენ საკუთრების დამადასტურებელ საბუთებს (ეს უკეთეს შემთხვევაში), ან საერთოდ არ ახორციელებენ არანაირ პროექტებს, რადგან ამ კატეგორიების ბენეფიციართა მობილიზება რთულია.

- არცთუ მცირე სატკივარს უჩენია თავი...

- ზემოთ მოყვანილი პრობლემები თავის მხრივ წარმოქმნის სხვა უფრო მასშტაბურ პრობლემებსაც. მაგალითად: იმის გამო, რომ მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის სახელმწიფო მიდგომები კერძოდ განთავსებული ოჯახების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისათვის, ისინი ცდილობენ, დამალონ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები (ეხება მე-4 და მე-5 კატეგორიებს), გადააფორმონ სხვა პირებზე. იმავე ქმედებებს მიმართავენ ის ოჯახებიც, რომლებსაც მემკვიდრეობით ერგოთ მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად, ან საცხოვრებლად უვარგისი სახლით.

იმის გამო, რომ კერძო სექტორში განთავსებული ოჯახების შიდა მიგრაცია  არ რეგისტრირდება (ახალი საცხოვრებელი ადგილების მისამართები არ აღირიცხება), ხშირად ვერ ხერხდება სექტორში მცხოვრებ წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება.

საგულისხმო და გასათვალისწინებელია ისიც, რომ კერძო სექტორში ჩასახლებული დევნილებისთვის, შესაძლოა, აღარ შეიქმნას პირობები, როდესაც მათ შეეძლებათ საცხოვრებლად აირჩიონ საქართველოს სხვა რეგიონი, რადგან გაურკვეველია, იქნება თუ არა მშენებლობები, მაგალითად, ზღვისპირა რეგიონებში. ამ შემთხვევაში მათი არჩევანი შეიზღუდება (ორგანიზებულ სექტორისაგან განსხვავებით, როდესაც მათ შესთავაზეს სხვადასხვა რეგიონი), რაც, თავის მხრივ, უკმაყოფილების საფუძველი გახდება. მითუმეტეს, თუ ადგილის შეცვლა მოთხოვნილია  ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ისინი იძულებით გადაადგილებულ პირთა განთავსების ფორმების მიუხედავად, ერთნაირია. მაგალითად:

თვითკმარობის/თვითუზრუნველყოფის დაბალი ხარისხი, რაც გამოწვეულია საკუთარი რესურსების (ინტელექტუალური თუ მატერიალური) საზოგადოებრივ ბრუნვაში მოქცევის შეზღუდულობით; დეკვალიფიკაციით, ახალი პროფესიებისა და სპეციალობების შესწავლის შეზღუდულობით და სხვა.

კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურეობაზე დაბალი ხელმისაწვდომობა;

განსაკუთრებით - იმ მოქალაქეებისათვის, ვინც ვერ მოხვდა სადაზღვევო პროგრამებში;  მწირი შემოსავლების გამო ვერ ახერხებენ მედიკამენტების შეძენას და სხვა.

- ბატონო ზაზა, თქვენ კერძო სექტორში მცხოვრებ დევნილთა არაერთი პრობლემა ჩამოთვალეთ. როგორ გესახებათ მათი გადაჭრის გზები?

- ეს პრობლემები ჩამოყალიბებულია დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებზე წამოჭრილი თხოვნებისა და მათი მომართვების ანალიზზე დაყრდნობით. დარწმუნებული ვარ, რომ ანალოგიური ხედვები გააჩნია დევნილთა პრობლემებზე მომუშავე სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ აღნიშნული პრობლემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან შექმნილ დროებით სახელმწიფო კომისიაში, რომელიც წარმოადგენს საკონსულტაციო ორგანოს. ვფიქრობ, კომისია მოახდენს მათ ანალიზს და ჩამოაყალიბებს საკუთარ რეკომენდაციებს, რომელსაც, თავის მხრივ, განიხილავს სამინისტრო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

 

ესაუბრა

 

ნანული ქვიშარელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1730
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია