დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვინ ზის შებურულმინიან მანქანაში?
2011/02/14 12:00:19

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 917-ე ბრძანების თანახმად, 2010 წლის 29 ოქტომბრიდან განისაზღვრა ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი. მათი შუქგამტარობა მძღოლის მხარეს 40%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო უკან მსხდომი მგზავრების მხარეს - 75%-მდე. უკანა საქარე მინის სრულად დამუქებაა შესაძლებელი, ხოლო წინა საქარე მინის შუქგამტარობა უნდა იყოს 100%-იანი.

 

ამასთან, ბრძანებაში ნახსენებია თანხმობის შესახებ, რომელსაც გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი წერილობითი სახით ერთი წლის ვადით და მისი მიღება შეეძლებათ სპეციალურ სამსახურებს, ისეთებს, როგორებიცაა: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები და იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც იცავს სახელმწიფო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანხმობის მიღება შესაძლებელია ფულადი ანგარიშსწორების საფუძველზე, თუმცა იმ ნუსხაში, რომელიც ბრძანებაშია ნახსენები, ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი წერია.

როგორც კანონი გვაუწყებს, თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი) მინების დამუქების საჭიროება.

ამასთანავე, წერილობით მიმართვას თან უნდა დაერთოს: ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი მიმართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.

საზოგადოებაში მინისტრის ამ ბრძანებამ დიდი უკმაყოფილება და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სხვადასხვა ინტერნეტფორუმზე არცთუ უსაფუძვლო და რეალობას მოკლებული ეჭვები გაჩნდა:

„განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არსებობს ნებართვა, რომლით სარგებლობის შემთხვევაში კვლავ შეგიძლია დაბურული მინებით მოძრაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალების ახლობლები თავიანთი ჯიპებით, როგორც ყოველთვის, კანონდარღვევებითა და ისევ დამუქებული მინებით ივლიან. მე და ჩემნაირმა უბედურებმა, რომლებსაც ქარხნულად დაბურული მინები გვაქვს მანქანებზე ან ქრონიკული ჯარიმები უნდა ვიხადოთ, ან 1000 დოლარზე მეტი გადავიხადოთ ახალ მინებში, ისიც - თუ ვიშოვეთ, ან საკუთარი უსაფრთხოება უნდა დავივიწყოთ და კუსტარულად დამზადებული მინები გამოვიყენოთ, ან მანქანა დავაყენოთ ეზოში, ან ვინმე თათარზე „იეფში“ გავასაღოთ,“ - ესეც ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის (რომელიც დარეგისტრირებულია სახელით (Goddess) მოსაზრება „რუსთავი 2“-ის ფორუმიდან. 

„დღეს ახლობელმა მითხრა: წინა საქარე მინას რომ ზემოდან დაახლოებით 10 - 12 სმ სიგრძის (ქარხნული) სამზეურე დამუქება აქვს, იმაზე პატრულმა მიმითითა, ეს მინა გამოსაცვლელი გაქვსო. ალბათ, 80%-ს ასეთი საქარე მინები აქვს. მათ შორის - ჩემსას და რა გამოდის,  პატრულს შარის მოსადები მაინც დარჩა ჯარიმის ქვითრის გამოსაწერად?“ - ეს კომენტარიც ინტერნეტის მეშვეობით ვნახე სპეციალურად ამ პრობლემის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანთა ჯგუფის გვერდზე.

ესეც „არაუფლებამოსილ“ მოქალაქეთა მოსაზრებები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან თანხმობის მიღების შესაძლებლობა არ აქვთ. გამოდის, რომ კანონი „უბრალო ხალხისთვის“ კანონობს მხოლოდ, იმათთვისაც კი, ვისაც ქარხნულად დამუქებულმინებიანი ავტომობილები ჰყავთ (გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქარხანა ისე არ დაბურავს მინებს, რომ ამან მძღოლებს საფრთხე შეუქმნას). თანაც, თუ ამ ბრძანების საფუძველი მხოლოდ ის არის, რომ უსაფრთხოების ნორმები დაიცვან და სატრანსპორტო შემთხვევებისგან თავი დაიზღვიონ, მაშინ სპეციალური თანხმობების გაცემაც არაა მიზანშეწონილი. ისინიც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან? შესაბამისად, მათზე ზრუნვაც მართებთ სახელმწიფოს მესვეურებს. თუმცა, სახელმწიფო ბიუჯეტიც ჩვენი შესავსებია.

შერჩევითი კანონები ტენდენციად იქცა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1626
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია