დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ გადაწყვიტა გიორგი ახვლედიანმა გამოჩენილი ადვოკატის ბედი
2013/05/20 11:55:18

პატარა მოგონება დიდ მეცნიერზე

 

 

ცნობილი მოღვაწენი თბილისზე მოგონებისას საუკეთესო ხანად გასული საუკუნის 60-იან წლებს მიიჩნევენ ხოლმე. თუ ეს მართლაც ასეა, 1966-1971 წლებში სტუდენტობამ მომიწია და ამით ერთობ გამიმართლა.

მთელი საქართველო - რომლის ცენტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, იმჟამად იუბილეებმა მოიცვა. ეს იყო რუსთაველის, ბარათაშვილის და თვით უნივერსიტეტის მრგვალი თარიღები.

დროდადრო, პირველი კორპუსის შესასვლელში გამოკრული განცხადებები გვამცნობდა: „უნივერსიტეტის დაარსების 50 წელთან დაკავშირებით მოგონებებით გამოვლენ აკადემიკოსები: გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, სიმონ ყაუხჩიშვილი და აკაკი შანიძე. ოთხივე მეცნიერი დასავლეთ საქართველოდან გახლდათ, მათ შორის ორი - წყალტუბოს რაიონიდან (შალვა ნუცუბიძე სოფელ ფარცხანაყანებიდან, გიორგი ახვლედიანი კი სოფელ დერჩიდან).

ჩვენ, დასავლეთ საქართველოდან წამოსული სტუდენტები, ვამაყობდით მსოფლიო დონის ამ მეცნიერებით.

აკადემიკოს გიორგი ახვლედიანთან ერთი მოგონება მაკავშირებს, რამაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა.

ცნობილმა ადვოკატმა ჯამბაკურ ბაქრაძემ იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად სამეცნიერო საბჭოს წარუდგინა დისერტაცია თემაზე: „რუსთაველის სამართლებრივი მსოფლმხედველობა „ვეფხისტყაოსანში“.

ხალხით გაჭედილ დარბაზში დისერტაციის დაცვამ ღამის 12 საათამდე გასტანა და მისი ჩავარდნით დამთავრდა.

დისერტანტმა თხოვნით მიმართა უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორს, აკადემიკოს ილია ვეკუას, მიეცა გაერთიანებულ სამეცნიერო საბჭოზე განმეორებითი დაცვის უფლება, რისი ნებართვაც მიიღო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარდა იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოსი, დისერტაციის დაცვას სხვადასხვა ფაკულტეტის გამოჩენილი მეცნიერები დაესწრებოდნენ.

დაინიშნა დისერტაციის განმეორებითი დაცვის დღე. სააქტო დარბაზში მას სტუდენტებიც, მათ შორის - ჩემი მეგობარი ავთო წულუკიანი და მეც ვესწრებოდით. დაცვამ ორ დღეს გასტანა. მეცნიერთა ეს პაექრობა იყო ცოდნის ნამდვილი ფეიერვერკი. კათედრასთან ერთმანეთს ცვლიდნენ: ალექსანდრე ბარამიძე, პაატა გუგუშვილი, კორნელი დანელია, მათემატიკოსები, ფილოლოგები, ფილოსოფოსები... მათი არგუმენტირებული მოსაზრებების მოსმენა რუსთაველის მსოფლმხედველობის შესახებ ერთი დიდი სიამოვნება გახლდათ.

სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობდა გამოჩენილი ფიზიკოსი, აკადემიკოსი მათე მირიანაშვილი (შემდეგ გავიგე, რომ ისიც დერჩელი იყო).

მთავარი ოპონენტი მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პროფესორი, ამჟამად აკადემიკოსი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლევან ალექსიძე გახლდათ, დისერტანტი კი - მისი ყოფილი სტუდენტი.

ერთსაათიანი უარყოფითი რეცენზიის დასკვნით, ლევან ალექსიძემ, დაახლოებით, ასეთი რამ წარმოთქვა: „პატივცემულო სამეცნიერო საბჭოს წევრებო! რუსთაველის აფორიზმი - „ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად“ - არ ნიშნავს იმას, რომ გენიალური რუსთაველი იურისტი იყო. ნუ დავაბრალებთ მას, რაც არ ყოფილა. ნუ მივაყენებთ ჩრდილს მის უკვდავ ხსოვნას. რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, დისერტანტი აბსოლუტურ უვიცობას ამჟღავნებს.“

საპასუხო სიტყვაში დისერტანტმა თავისი, სტუდენტობის დროინდელი ჩათვლის წიგნაკი უჩვენა საბჭოს წევრებს და ასე მიმართა მათ: „პატივცემულო საბჭოს წევრებო! მე წარმოგიდგენთ ჩემს ჩათვლის წიგნაკს, რომელშიც პატივცემულმა ოპონენტმა, პროფესორმა ლევან ალექსიძემ თავისი ხელით „ფრიადი“ ჩამიწერა.“

„ვნანობ,   ბატონო  ჯამბაკურ,  რომ „ფრიადი“ დაგიწერეთ!“ - იყო ოპონენტის პასუხი.

მეცნიერთა გამოსვლების და კამათის შემდეგ, განრისხებული სახით, ფეხზე წამოდგა აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი, მკაცრი მზერით გადახედა მეცნიერ-იურისტთა საბჭოს და წარმოსთქვა: „იქნებ იმის თქმა გსურთ, რომ რუსთაველმა სამართალი არ იცოდა?! რევოლუციამდელი, ნამდვილი პროფესორები დისერტანტს ცოდნით და ერუდიციით აფასებდნენ, რაც დღევანდელ დისერტანტს უთუოდ  გააჩნია  - და არა პირადი მტრობით! გრცხვენოდეთ, ბატონებო!“

ხალხით გაჭედილი სააქტო დარბაზი წუთიერმა სამარისებულმა მდუმარებამ მოიცვა, რომელიც შემდეგ მქუხარე ტაშმა დაარღვია.

უნივერსიტეტის გაერთიანებული სამეცნიერო საბჭოს ფარულმა კენჭისყრამ ჯამბაკურ ბაქრაძეს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.

დღესაც თვალწინ მიდგას მაღალი, წარმოსადეგი გარეგნობის, ხელჯოხიანი მამაკაცი, რომლის ავტორიტეტულმა სიტყვებმა გადაწყვიტა დისერტანტის ბედი.

გამოჩენილი ადვოკატი ჯამბაკურ ბაქრაძე აქტიური მხარდამჭერი იყო ქართული ეროვნული მოძრაობისა. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს ის საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარედ იყო არჩეული. ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ, სამწუხაროდ, მალე გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

ელგუჯა ნემსაძე,

იურისტი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია