დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვის უთხრიან ძირს ყოფილი „ნაციონალები“?
2013/05/20 12:03:07

პატრიოტთა ალიანსისგაურკვეველი პოლიტიკური ორიენტაცია

 

 

გასულ კვირას პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის დავით თარხანმოურავის განცხადებამ ქუთაისში კვირის ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. ქუთაისის მერის კონკურსის წესით არჩევამდე რამდენიმე დღით ადრე, პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ „პატრიოტები“ ქალაქის მერის პოსტზე მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

„ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა ავტომატურად ნიშნავს ქალაქის მომავალ მერს,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

ყოფილი „ნაციონალების“ პარტიული ლიდერის ამ განცხადებამ საბოლოოდ შეარყია ქუთაისის საკრებულოში შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ ნდობა და ეჭვქვეშ დააყენა მომავალი მერის დემოკრატიულობის საკითხი.

70-მდე კონკურსანტის შეურაცხყოფისთვის თარხანმოურავისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორები. მომხდარის გამო საერთო აღშფოთება გამოითქვა „სახალხო დამცველის“ ქუთაისის ოფისში, სადაც რიგითმა მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნდობლობა გამოუცხადეს კომისიას. ქუთაისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ბესო მიქელთაძემ თარხანმოურავს „ქუთაისელების შეურაცხყოფისთვის“ სასამართლოში უჩივლა.

საკითხის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაამწვავა იმ  ფაქტმა,  რომ  ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სწორედ „პატრიოტები“ გადაწყვეტენ, ეყოლება თუ არა ქალაქს საატესტაციო-საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი.

თარხანმოურავის განცხადებას ერთ-ერთი პირველი ქალაქის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე გამოეხმაურა.

„ამ განცხადებით „პატრიოტებმა“, პრაქტიკულად, დასცინეს იმ 70-ზე მეტ ადამიანს, ვინც განაცხადი შემოიტანა ქალაქის მერის ვაკანსიაზე. როგორც ჩანს, თარხანმოურავის და ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი ყოფილა, ვინ უნდა იყოს ქუთაისის მერი. უკვე დამტკიცდა, რომ კომისია არის ფორმალობა და გადაწყვეტილების მიღება ხდება სხვაგან,“ - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

„პატრიოტები“ გააკრიტიკეს  არასამთვარობო ორგანიზაციებმაც.

„ეს არის კონკურსანტთა შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რეაგირება მოახდინოს თარხანმოურავის ამ უპასუხისმგებლო  განცხადებაზე,“ - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენელმა მანანა მანაგაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ოფისის ადვოკატის თეონა ზაქარაშვილისთვის გაუგებარია მსგავსი განცხადების გაკეთების მიზეზი იმ პარტიის მხრიდან, რომლის ორი წევრი ამავე დროს მუდმივმოქმედ კომისიაში არის.

„ამ განცხადების პასუხად შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა პრეზიდენტის 47-ე        ბრძანებულების დარღვევა, რომლის თანახმადაც, ადგილობრივ თვითმმართველობებში მერი და მერიის თანამშრომლები არჩეულ უნდა იქნან მხოლოდ კონკურსის წესით. თუ წინასწარ ცხადდება გამარჯვებული კანდიდატი, მაშინ რა აზრი აქვს კონკურსის ჩატარებას? ჩვენთვის ეჭვის საფუძველს თავიდანვე იძლეოდა ის ფაქტიც, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უარი უთხრეს კომისიის შემადგენლობაში შეყვანაზე, მაშინ, როცა ის  ნაკლებად ცნობილი არასამთავრობოებით არის დაკომპლექტებული,“ - აცახდებს თეონა ზაქარაშვილი.

თარხანმოურავის განცხადებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა კომისიის წევრები. მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია ორი წევრის მიერ კომისიის დატოვების შესახებ, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

დავით თარხანმოურავის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ განმარტებების გაკეთება მოუწიათ თავად ალიანსის წევრებსაც. მათი თქმით, ამით მათ სურდათ მხოლოდ იმის დაფიქსირება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ საკრებულოში წარმოადგენს უმრავლესობას და მათზეა დამოკიდებული ქალაქის მერის არჩევა-არარჩევის საკითხი.

„პატრიოტების“ განმარტებების შემდეგ, საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ პარტიის ლიდერმა, რომელიც არც თუ ისე ხშირად სტუმრობს ქალაქს, შესაძლოა, განცხადების გაკეთების დროს „გადაამეტა“, რეალურად კი „პატრიოტები“ ასეთ მწვავე გამოსვლას არ გეგმავდნენ. თუმცა, ალიანსის წევრებმა შერბილებული პოზიცია კვლავ გაამკაცრეს და დაიწყეს იმის მტკიცება, რომ ითქვა ზუსტად ის, რაც უნდა ეთქვათ.

„ვერავის განცხადება ვერ მოახდენს გავლენას კომისიის მუშაობაზე. კომისია ქალაქის მერს გამოავლენს მხოლოდ დემოკრატიული პროცესების შედეგად,“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ და   „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა თამაზ მარგველაშვილმა.  

კომისიაში განაცხადების განხილვა დაწყებულია და უკვე გამოვლინდა მომდევნო ეტაპის 11 კანდიდატი, რომლებიც მოგვიანებით ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან.  დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერის პოსტზე უკვე დაწინაურდა ამერიკაში მცხოვრები ბიზნესმენი დიმიტრი კოპალიანი, რომელიც ბოლო დროს აქტიურად განიხილება ქალაქის მომავალ მერად. კომისიის პირველი სხდომა მედიისთვის დახურულად გამოცხადდა. როგორც კომისიის წევრებმა განმარტეს, ამ შემთხვევაში კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა.

„ეს ჩვენი უფლება იყო. გვინდოდა - გავხსნიდით, გვინდოდა - დავხურავდით. ამით კანონი არ დაგვირღვევია. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, არ გამოვრიცხავთ, რომ ინდივიდუალური გასაუბრება მედიისთვის ღია იყოს,“ - განაცხადა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კახა ნემსიწვერიძემ.

ქალაქის მერს, სავარაუდოდ, 29 მაისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.

 

რა სურთ „პატრიოტებს“?

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შექმნას ხმაურიანი პროცესები მოჰყვა. ყოფილმა „ნაციონალებმა“ უნდობლობა გამოუცახდეს დეპუტატთა ნაწილს და საკუთარ პოლიტიკურ გუნდს გაემიჯნენ. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ნაციონალთა“ რიგებში დაწყებულმა რღვევის პროცესმა შედეგად    „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მოიტანა, რომელიც ახლა ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს. „პატრიოტები“ თავს ოპოზიციად მიიჩნევენ, თუმცა, ფრაქციის წევრებს უჭირთ კონკრეტული პასუხი გასცენ შეკითხვას: ვის უწევს ალიანსი ოპონირებას?

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ფრაქციის წევრი მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ საკრებულოში რეალური ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობაა“,  რომელიც, წარმომადგენლობით ორგანოში „პატრიოტების“ სახით ყველაზე დიდი ფრაქციის შექმნის შემდეგ, მხოლოდ სამკაციანი შემადგენლობით დარჩა. რაც შეეხება ალიანსის პოლიტიკურ ორიენტაციას, მისი თქმით, ისინი არ უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეთანხმებიან ბიძინა ივანიშვილს ყველა კარგ საქმეში.

ექვემდებარება თუ არა ლოგიკას პიროვნული მხარდაჭერა მხოლოდ კოალიციის ლიდერისადმი, რომელიც გამოხატავს საკუთარი გუნდის ინტერესებს, ამაზე პასუხი „პატრიოტებს“ არ აქვთ.

„არც პოზიცია და არც ოპოზიცია! ჩვენ ვართ მესამე ძალა. „პატრიოტები“ ყოველთვის მხარს დავუჭერთ ბიძინა ივანიშვილს ყველა კარგ წამოწყებაში, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას. მაგალითად, „პატრიოტებმა“ დააფიქსირეს საკუთარი უარყოფითი პოზიცია ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე შეურიგებლები ვიქნებით საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხში,“ - ამბობს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ნემსიწვერიძე.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართ პიროვნული სიმპათიების დაფიქსირების პარალელურად, „პატრიოტები“ ყოფილი თანაგუნდელების „ლიდერშიპებსაც“ სწყალობენ. ბოლო დროს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად გამოჩენას არ ერიდებოდნენ საკრებულოს „პატრიოტი“ თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი და იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე - ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ აკაკი ბობოხიძესთან ერთად.

მერის კონკურსის წესით არჩევის წინ „ჩინოვნიკთა“ საჯარო „სეირნობა“, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ქალაქის თავის არჩევას უკავშირდებოდა. ქუთაისის მერის კონკურსში განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე ორი  დღით ადრე კი „პატრიოტთა ალიანსი“, სკანდალური განაცხადებით, ეჭვქვეშ აყენებს კომისიის მუშაობის გამჭვირვალობას და წინასწარ ქმნის მერის არადემოკრატიულად არჩევის განწყობას.

„პატრიოტების“ განცხადებების უკან ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე შიდა „პოლიტიკურ“ პროცესებს ხედავს არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადგილობრივი ოპოზიციის  ნაწილი. მათი თქმით,  პირველ რიგში თავად ფრაქციის ინტერესებში უნდა შედიოდეს კომისიის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება და არა პირიქით - მისი იმიჯის შელახვა. ალაინსმა კი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ქუთაისის მომავალ მერს საზოგადოებამ უნდობლობა გამოუცხადოს.

„გოჩა თევდორაძე გამჭრიახი კაცია და მან კარგად იცოდა, რაც მოჰყვებოდა თარხანმოურავის ამ განცხადებას. ეს იყო მიზანმიმართული ქმედება,“ - ამბობს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია „პატრიოტთა“ მისამართით.

„გაუგებარი და ბუნდოვანია, რა ხდება იქ, შიგნით, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკური პროცესები მიდის. საერთოდ, გოჩა თევდორაძე ის კაცია, ვინც ჯიბეში ჩაიდო მთელი ქალაქი,“ - აცხადებს მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ლია გვენეტაძე.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე ქუთაისში სხვადასხვა ბიზნესწილების ფლობაში დაადანაშაულა ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემაც, თუმცა თავად თევდორაძე ბრალდებებს ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.

„თუ გავმდიდრდები, აუცილებლად დამეტყობა. არანაირ უკანონო ქონებას არ ვფლობ ქუთაისში და არც ბიზნესში მაქვს წილები,“ - განაცხადა გოჩა თევდორაძემ გაზეთ „P.S.“-ის პრესკლუბის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ძნელი სათქმელია, გამართლდა თუ არა ბოლო დროს ქუთაისში დამკვიდრებული ტერმინი „ნაციონალების მარტივ მამრავლებად დაშლის შესახებ“. ფაქტია, რომ „გაპატრიოტებული“ ნაციონალები კვლავ უმრავლესობაში არიან და ქალაქის საკრებულოში მმართველ ძალას წარმოადგენენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია