დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პიკასო საქართველოში
2009/07/06 05:56:13

ქართულ საზოგადოებას თბილისში, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, პიკასოს ნამუშევრების დათვალიერება მთელი კვირის მანძილზე შეეძლოთ. გამოფენა თბილისამდე სიღნაღში იყო და დამთვალიერებელთა მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა. ექსპოზიცია კახეთში    17 000-მა ადამიანმა ინახულა. კახეთის რეგიონის სკოლებში დიდი მოთხოვნა იყო გამოფენის საგანმანათლებლო პროგრამებზეც, რამაც წარმატებით ჩაიარა. პიკასოს გამოფენა თბილისში ოფიციალურად 28 ივნისს გაიხსნა და ფართო საზოგადოებისთვის ღია ერთი კვირის მანძილზე გახლდათ. 

გამოფენაზე ექსპონირებული იყო საფრანგეთის იონის დეპარტამენტის ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმის კოლექციაში დაცული პიკასოს 40 ნამუშევარი. მუზეუმი ცნობილი ფრანგი მწერლის, რომენ როლანის, სახლშია განთავსებული, სადაც, პიკასოს ნახატების გარდა, კალდერის, ჯაკომეტის, ერნსტის, ჰელიონის, მიროს, კანდინსკისა და სხვა ცნობილ მხატვართა ნამუშევრებია დაცული. მუზეუმის დამაარსებელია ფრანგი გამომცემელი და ხელოვნებათმცოდნე ქრისტიან ზერვოსი, რომელმაც გარდაცვალების შემდეგ პირადი კოლექცია ქალაქ ვეზელს უანდერძა. საქართველოში პიკასოს 34 ლინოგრავიურაა ექსპონირებული, უმეტესობა 1962 წელსაა შექმნილი. ასევე ჩამოტანილი და გამოფენილი იყო 3 ოფორტი და 3 გრაფიკა.

იონის გენერალური საბჭო 11 წელია, საქართველოსთან თანამშრომლობს. იონის დეპარტამენტისა და კახეთის მხარის მეგობრობას საფუძველი 1999 წლიდან ჩაეყარა. 2008 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა, სენატორმა ანრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ფიროსმანისა და პიკასოს გაცვლითი გამოფენების მოწყობას ისახავდა მიზნად. 2008 წლის შემოდგომაზე ზერვოსის მუზეუმში ფიროსმანის 17 ნამუშევარი გამოიფინა. 2009 წელი პიკასოს წლად მიიჩნევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში მოეწყობა ამ გენიალური მხატვრის გამოფენები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენებს თან ერთვოდა საგანმანათლებლო ლექციების კურსი ყველა ასაკის აუდიტორიისათვის. თბილისში პიკასოს გამოფენის გახსნას ხელოვნებათმცოდნეები, მხატვრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი ამ გამოფენის მნიშვნელობაზე გვესაუბრნენ.

ნანა შონია, მსახიობი: ვფიქრობ, რომ ეს გამოფენა მოვლენაა. იმიტომ, რომ ცხოვრებაში ძალიან იშვიათია, როცა ასეთი დონის მხატვრის ნახატებს თვითონ ეხები. ცოცხლად ნახვა და შეხება სხვა ფენომენია, რაც სხვაგვარ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩემი მეუღლე მხატვარია, შვილიც ხატავს და მეტ-ნაკლებად მეც ვერკვევი მხატვრობაში, ამიტომ მე უფრო გამოხატული ინტერესი მაქვს მხატვრობის მიმართ, მით უფრო, როცა პიკასოზეა საუბარი, რომელიც გასული საუკუნის ყველაზე დიდი მხატვარია.

მარინა კახიანი, მსახიობი: მათთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნება, ეს უდიდესი სიამოვნების მინიჭება იქნება. მათ კი, ვისაც არ აინტერესებს ხელოვნება, თეატრი, ფერწერა, ალბათ, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ეს უდიდესი ფაქტია, რომ პიკასო ჯერ სიღნაღში, ხოლო ახლა სახელმწიფო მუზეუმში გამოიფინა. პიკასო არამარტო ოსტატი, არამედ მსოფლიო მოვლენა იყო ხელოვნებაში. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მქონდა, ეს გამოფენა მენახა. ფერწერული ტილოები მე ნანახი მაქვს მეტროპოლიტან-მუზეუმში, მაგრამ ეს ყველაფერი შენს ქვეყანაში რომ არის, სხვაგვარად სასიამოვნოა. კიბეებზე რომ ამოვდიოდი, ვღელავდი, რადგან ამ უდიდეს ხელოვანს უნდა შევხებოდი. 

თემურ წიკლაური, მომღერალი: პიკასო მთელი მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი. ფაქტი, რომ პიკასო ჩამოიტანეს, საქართველოს შესვლას ნიშნავს მთელ ევროპულ კულტურულ სივრცეში. ეს ყველაფერი ფიროსმანის გატანით დაიწყო. ბატონი ბიძინა სონღულაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ შედგა საფრანგეთის და საქართველოს კულტურების დაახლოება. მისი და კახეთის მეშვეობით - კახეთის იმიტომ, რომ ღვინომ მაინც თავისი გააკეთა, პიკასოს ნახატები საქართველოში ჩამოვიდა.

გია ბუღაძე, მხატვარი: პიკასოს ნახატების საქართველოში ჩამოტანა ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბოლომდე ძნელია იმის გაცნობიერება, თუ რას ნიშნავს პიკასო საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ამ დონის და მასშტაბის გამოფენა არ ჩამოსულა. პიკასო სიმბოლოა ძლიერი, ემოციური და თავისუფალი ხელოვნებისა. ეს არის უდიდესი ნოვატორული სულის და იდეების პატრონი. გარდა ამისა, აქ არის წარმოდგენილი პიკასოს ნახატების პირველი და მეორე ამონაბეჭდები, რომლებიც, ფაქტიურად, ორიგინალებია. მათ გვერდით კი ორიგინალებიცაა წარმოდგენილი. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ძალიან კარგი იქნება. რამდენადაც ვიცი, ახლა საუბარია გოიას ნამუშევრების ჩამოტანაზე. არ ვიცი რამდენად მოხერხდება მისი ნახატების ჩამოტანა, მაგრამ ცნობილი გრაფიკა აუცილებლად ჩამოვა.

დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის დირექტორი: გამოფენას მნახველების რაოდენობა აფასებს. სიღნაღში ეს ნათლად გამოჩნდა - 17000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა დაათვალიერა პიკასო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი თბილისშიც დიდი იქნება. კარგია, რომ მსოფლიოს ვაცნობთ ჩვენს კულტურას და პირიქით, აქაც შემოგვაქვს. ეს დასაწყისია და მომავალში ჩვენ უფრო დიდი მასშტაბის გამოფენები გვექნება. მე ბავშვობიდან ქუთაისის და ქუთათურების დიდი მოყვარული გახლავართ და, იმედია, იმ კულტურულ დიდებას მალე დაიბრუნებს თქვენი ქალაქი. ამ საქმეში კი ეროვნული მუზეუმი ერთ-ერთი პარტნიორი და მხარდამჭერი იქნება, რათა ასეთი სახის გამოფენები მოეწყოს.

- მაგრამ პიკასოს ნახატების გამოფენა ვერ მოხერხდა ქუთაისში...

- ამ ეტაპზე მუზეუმი არ იყო მომზადებული, თუმცა მომდევნო ეტაპზე სავსებით შესაძლებელია, რომელიმე დიდი მხატვრის გამოფენა მოეწყოს. ამისთვის მინიმუმ ერთი დარბაზის მომზადებაა საჭირო. ქუთაისს, მე ვიცი, რომ აქვს ძალიან კარგი მუზეუმი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ინტერესიც დიდია ხელოვნებისადმი. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ქუთაისსაც ეწვევა დიდი მხატვრების საინტერესო გამოფენები.

 

;;;

პიკასოს ნახატები თბილისის ეროვნულ მუზეუმში 2 აგვისტომდე დარჩება. 8 აგვისტოს კი ბათუმში, აჭარის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია