დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯონჯოლი სუფრაზე
2013/07/18 12:35:23

საპრეზიდენტო კანდიდატები და ამომრჩეველთა  პოზიცია

ოქტომბრის ბოლოს კიდევ ერთხელ მივალთ საარჩევნო უბნებზე. უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ 90%-ზე მეტი ხმებით. მერე კი, პარადოქსულად, თითქმის ამდენივე მივუბრუნდებით და ლანძღვა-გინებას არ მოვაკლებთ ყოველივე იმის გამო, რაც თავს გვატყდება. ეკონომიკური სიდუხჭირიდან მოყოლებული, ეპიდემიების ჩათვლით, უმაღლეს ხელისუფალს ვაბრალით ყველაფერს. სიმართლე კი ისაა, რომ არჩევანის გაკეთება გვეშლება, ანუ  საარჩევნო კულტურა ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი გვაქვს.

 როგორც წესი, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს კანდიდატებად ისეთი ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე, რომელთა შანსი ნულის ტოლია, მაგრამ ბედს მაინც ცდიან: ალბათ, ჩვენი, ამომრჩევლის, სიბრიყვის იმედი აქვთ. სხვათაშორის, პოტენციურ კანდიდატებსაც უფრო ჩვენი სიბრიყვის იმედი აქვთ, რადგან ყველა მათგანს გააჩნია „ბრალდება“: მარგველაშვილი ბურჯანაძის გარემოცვიდან  იყო და „გვავიწყდება“ ეს, ბურჯანაძე – ედუარდისა და მიშას წრეს ეკუთვნოდა, თარგამაძე ვის სახელთან აღარ ასოცირდება და ზურაბიშვილი კიდევ თავის დროზე სააკაშვილის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში, გვარიან ხელფასთან ერთად ორმაგი მოქალაქეობაც მიიღო, თანაც დიპლომატის რანგიდან პოლიტიკოსის რანგამდე ამაღლდა.

ჩამოთვლილ კანდიდატთა შორის პროფესიონალიზმი არცერთს აკლია, მაგრამ ასარჩევი ბევრია, არჩეული კი მხოლოდ ერთი დარჩება. სოციალურ ქსელებში ქირქილებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში უნდა შეხვდნენ შალვა ნათელაშვილი და ნესტან (ელისაბედ) კირთაძე, როგორც ედუარდის კალთის ქვეშ დაფრთიანებული პოლიტიკოსები, მერე გალეიბორისტებულნი და ბოლოს გზასაცდენილები (ორგზის, თანაც). მახსენდება, რომ კარგა ხნის წინ, კირთაძემ ნათელაშვილს ქოსამატყუარა უწოდა (ეს პარტიიდან პირველად წასვლის შემდეგ).

ანალიტიკოსმა არჩილ წაქაძემ მოკლე მიმოხილვა გააკეთა ბურჯანაძის პერსონის შესახებ: „ნინო ბურჯანაძემ თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ძლიერმა პოლიტიკოსმა. პოლიტიკური ტაქტის და ეტიკეტის უბადლო მცოდნეა. ბევრი დადებითის ჩამოთვლა შეიძლება ქალბატონ ნინოს შესახებ, მაგრამ არსებობს უარყოფითი მხარეებიც: ვარდების რევოლუციის თანაავტორი და თანამონაწილე ორჯერ იყო სახელმწიფოს პირველი პირის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის დროსაც, საზოგადოების აზრით, მას სერიოზული კორექტივების შეტანის საშუალება ჰქონდა რეჟიმის „საქმიანობაში“. ნინო ბურჯანაძის მიმართ არსებობს კითხვები, რომლებზედაც საზოგადოებას პასუხი არ მიუღია, ეხება ეს ხელისუფლებიდან მის წამოსვლას თუ მრავალათასიანი ქონების სიმბოლურ ფასად მიღებას, ოჯახურ ბიზნესებს თუ მრავალ სხვა საკითხს იმ „ბნელი“ შლეიფიდან, რომელიც მას თან სდევს.“

 უფრო მძიმე „განაჩენი“ გამოუტანა გოგა ხაინდრავამ ბურჯანაძეს (და არა მარტო მას): „ზურას საქმე სულ მალე ატომური ბომბივით აფეთქდება. როცა დადასტურდება, რომ ჟვანია არ მოწამლულა. როგორც კი ჟვანიას საქმე გახსნილად გამოცხადდება, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 8 წლის მერე ზურაბ ჟვანია განსასჯელის სკამზე დასვამს სააკაშვილს. ზურა განსასჯელის სკამამდე მიიყვანს თავის მეგობრებს: ბარამიძეს, გოგორიშვილს, გაბაშვილს, მაჭავარიანს, ნოღაიდელს. ამ კონტექსტში ასევე უნდა დადგეს ბურჯანაძის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელიც 8 წელი დუმდა და არ უნდოდა იმის დანახვა, რაც ზედაპირზე იდო“.

ივანიშვილის რჩეულ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში, პრემიერის მხარდაჭერასთან ერთად, კოალიციური მხარდაჭერის იმედიც აქვს, ასევე მასწავლებელთა არმია (70 ათასამდე პედაგოგი თავისი ოჯახის წევრებიანად), რომლებსაც ხელფასი მოემატათ 20-60%-ით და შეღავათმიცემული მშობლები, რომელთა შვილებსაც „სექტემბერში წიგნები მერხზე დახვდებათ,“ განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის ამომრჩევლები იქნებიან.  

16 ივლისის „პოლიტმეტრის“ ეთერში დელიკატური კითხვის დასმის მიუხედავად, კარგად ჩანდა, რომ მარგველაშვილი პრემიერის ჩრდილიდან ადვილად ვერ გამოვა და  იქნება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მარგველაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა აქამდე პიარი. ანუ ის არც ემზადებოდა უფრო მეტისთვის, ვიდრე კოალიციამ არგუნა. განათლების მინისტრობის დროს მან მოახერხა საგანმანათლებო მაგნატის, ბენდუქიძის, საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა. ეს კი ამომრჩეველს ადვილად არ დაავიწყდება, „იუდა“, რომელიც ყველაფერს ყიდდა, რისი გაყიდვაც კი შეიძლებოდა, ქართველებში პოპულარობით არ სარგებლობს (შესაძლოა, იმიტომ, რომ ქართველების ბუნებაში ნაკლებად დევს ვაჭრის ბუნება). ბევრს, ალბათ, აქვს ნაფიქრი იმაზე, რომ ივანიშვილმა მარგვალაშვილის კანდიდატურა იმიტომ წამოსწია წინ, რომ მას ფიქრშიც კი არ ჰქონდა მინისტრობა, მერე – ვიცეპრემიერობა და ბოლოს – პრეზიდენტობა. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მდიდარი ადამიანის ფსიქიკაა ამ გადაწყვეტილების საფუძველი.

 ერთადერთი პოტენციური პერსონა, რომელიც დამოუკიდებლობით გამოირჩევა (ამის დადასტურება შეიძლება წარსული გამოცდილებით), არის სალომე ზურაბიშვილი. მას არ უცხოვრია კომუნისტურ სახელმწიფოში, საიდანაც ჩვენ  მეტ-ნაკლებად გამოგვყვა „აღმატებულზე“ თვალებში ცქერის თვისება თუ ჩვევა. ქართულ-რუსული ურთიერთობების ბოლო ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ ზურაბიშვილმა შეძლო პოზიტივების დაძვრა: მან წარმატებულად მოახერხა მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის ხელისუფლებასთან. ასეთ რამეს ვერც მსოფლიო დონის პოლიტიკოსის იარლიყის მქონე შევარდნაძე დაიტრაბახებს, ვერც ნეოდემოკრატი სააკაშვილი, ვერც მილიარდერი ივანიშვილი  და ვერც სხვა ქართველი პოლიტიკოსი. გარდა ამისა, მას უწოდებენ მსოფლიო დონის პოლიტიკოსს, ავტორიტეტსა და დიპლომატს. სხვათაშორის, მეამბოხე ქართველებს  ქალბატონმა სალომემ გული იმით გაუხარა, რომ სწორად შეაფასა „ნაციონალური მოძრაობა“ და, ასევე, პირველმა გამოიყენა და დაამკვიდრა ტერმინი „პოლიტიკური ქაჯი“. ფრანგული დიპლომატიური სკოლა, პროფესიონალიზმი, პიროვნული შარმი, სქესი, ასაკი, რუსეთთან მიღწეული წარმატება – ეს ყველაფერი რამდენადმე დადებით ქულებს უწერს ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს.

 საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის უფლებები ტრანსფორმირდება და უმაღლესი არბიტრის მანტია მხოლოდ ისეთ ადამიანს მოუხდება, რომელიც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი იქნება და კიდევ: ვინც რომელიმე გუნდის ფსონდადებული ბუტაფორიული პირი არ იქნება, ასეთი კი ზურაბიშვილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი „ოთხში ერთი“ – მორიგი თვალში ნაცრის ყრაა. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჯაფარიძე-ბარამიძე-მალაშხია ვითომც ამერიკული პრაიმერის მონაწილეები არიან და ებრძვიან ყველაზე რეიტინგულ თანაპარტიელ,  ნავაროს 10%-იან ბაქრაძეს. მისი გაპრეზიდენტება ისევე წარმოუდგენელია, როგორც +100 გრადუსზე ყინულის წარმოშობა. ეჭვქვეშ დაყენებული 10 პროცენტიანი ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაწონასწორებულ ადამიანად მიიჩნევა, თუმცა ის ღიმილი, რომელიც თან სდევდა მის პოლიტიკურ კარიერას, დადებითად ვერ იმოქმედებს ამომრჩევლებზე.


ბურჭულაძემ დროზე გათვალა ის, რომ არჩევნებში დამარცხდებოდა. მისთვის დაუმარცხებელი ბანის სტატუსი უფრო მეტია, ვიდრე დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატისა. მართალია, მას ექნებოდა გარკვეული მხარდაჭერა (არა კუკავა-ბაღათურიას პოლიტიკური წონის გამო), მაგრამ ეს მხარდაჭერა  ვერ მიიყვანდა გამარჯვებამდე. დიდმა მომღერალმა ვერ დაინახა გამარჯვების ფორმულა და ამიტომ პოლიტიკურ მარათონს გამოეთიშა.

 ერთი თვალნათლივია, რომ, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული, იმედია, 99,9% ხმებს არ მიიღებს. ეს ისევ იქნება უზურპაციის ნიშანი და საარჩევნო კულტურის დაბალი დონის გამოვლინება.

დანარჩენ კანდიდატებზე ერთმა ენამწარე იმერელმა (ოღონდ მე არა) თქვა: ეგენი ისეთ „პონტში“ არიან, გადატვირთულ მაგიდაზე ჯონჯოლს რომ აქვს დატვირთვა – სუფრაზე არის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევსო...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია