დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა
2013/06/30 21:56:40

ვინ გახდება „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ „დარტანიანი“, 28 ივლისს გახდება ცნობილი

პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პოლიტიკური პარტია პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატს შიდაპარტიული პრაიმერის გზით ირჩევს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“  პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი წარმოადგინა.

შიდა არჩევნები დღეს ქუთაისიდან დაიწყო და ბალანჩივაძეების სახელმწიფო ოპერის თეატრში შეკრებილ ამომრჩევლებს „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატებმა: დავით ბაქრაძემ, გია ბარამიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და შოთა მალაშხიამ საკუთარი პრიორიტეტები და სამომავლო გეგმა გააცნეს.

პრაიმერში მონაწილეობას  ქუთაისელი, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთიდან ჩამოსული დელეგატები იღებდნენ. გარდა  დელეგატების, ოპერის თეატრში „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისელი  წევრები და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები და კანდიდატთა მეგობრები იმყოფებოდნენ. დღევანდელ პრაიმერში მონაწილეობა 400-მდე დელეგატმა მიიღო, რომელთაგანაც 80 უშაუალოდ ქუთაისიდან იყო. რეგისტრაციის გავლის, შემდეგ დარბაზში შეკრებილ ამომრჩევლებს კანდიდატები თანაგუნდელებმა რიგ-რიგობით წარუდგინეს და მათ ღირსებებზე ისაუბრეს. გია ბარამიძის წარდგენის პატივი სერო რატიანს ერგო, შოთა მალაშხია კი დავით საყვარელიძემ წარადგინა, რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მის  პოლიტიკურ მიღწევებზე გიორგი ვაშაძემ ისაუბრა, ზურაბ ჯაფარიძის არჩევისაკენ მოუწოდა ამომრჩევლებს გოგა ხაჩიძემ.

წარდგენის შემდეგ კანდიდატებმა სცენაზე გადაინაცვლეს და დებატები გამართეს, რომელსაც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ყოფილი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი უძღვებოდა. დღევანდელი შეხვედრა თემატიკით ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას  უნდა დათმობოდა და სცენაზე მყოფთ ქვეყანაში ეკონომიკის აღმავლობის საკუთარ ხედვებზე უნდა ესაუბრათ, თუმცა დებატები ეკონომიკას ნაკლებად შეეხო, სამაგიეროდ „ნაციონალმა“ კანდიდატებმა ივანიშვილის მთავრობის შეცდომებზე და შეუსრულებელ დაპირებებზე გაცილებით მეტი ისაუბრეს. ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა და საგარეო ურთიერთობების მოწესრიგება ის სამომავლო გეგმებია, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა დღეს ქუთაისში ისაუბრეს.

„ვაღიარებთ, რომ ჩვენ მიღწევებთან ერთად, გვქონდა შეცდომებიც, გადამეტებული სიმკაცრე და ხალხთან დაშორება, ანუ ყველაფერი ზემოდან  იმართებოდა, არადა მომხდარმა გვიჩვენა, რომ ხელისუფლების წარმატებით საქმიანობისათვის უმთავრესი ხალხთან ახლო ურთიერთობაა,“-აღნიშნეს  საპრეზიდენტო კანდიდატებმა.  ბიძინა ივანიშვილის ოცნებას არახდენა უწინასწარმეტყველა გია თევდორაძემ.

„პრემიერ-მინისტრის ოცნებას იმის შესახებ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გადალახავს ბარიერს  და რომ მეორე ტურში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ასევე მის ოცნებას, რომ  ჩვენი ორგანიზაცია პირისაგან მიწისა აღიგავოს, ასრულება არ უწერია. ჩვენ გვეყოლება  ღირსეული კანდიდატი, რომელსაც არა ერთპიროვნულად აირჩევს ვინმე, არემედ ის იქნება ჩვენი დელეგატების ხმათა უმრავლესობით არჩეული, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს,“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია თევდორაძემ.

თანაგუნდელებმა კანდიდატების უმთავრეს პრიორიტეტებზე ისაუბრეს: „შოთა მალაშხია აფხაზეთის და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებს იცნობს კარგად. გია  ბარამიძე – როგორც კრიმინალთან ერთ-ერთი პირველი მებრძოლი, ბაქრაძე  – სტაბილური პოლიტიკოსია,  რაც შეეხება  ზურაბ ჯაფარიძეს, ის ეკომონიკის კუთხით არის ძლიერი,“ - ასე შეაფასეს თანაპარტიელებმა მათივე საპრეზიდენტო კანდიდატები. თუმცა, მიუხედავად მრავალწლიანი მეგობრობისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წევრმა მხოლოდ დღეს გაიგო, რომ შოთა მალაშხია წარმოშობით არა აფხაზეთიდან, არამედ თბილისიდანაა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ კანდიდატად პატიმრობაში მყოფი ვანო მერაბიშვილი სახელდებოდა. მის დაკავებას თანაგუნდელებმა დაუდეს კიდეც სარჩულად ის ვერსია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მერაბიშვილის დაკავებით პრეზიდენტობის ძლიერი კანდიდატი ჩამოიშორა.

 „კოჰაბიტაციის“ კრიზისი  ნამდვილად არ შეიმჩნეოდა ბალანჩივაძეების ოპერის თეატრში. კანდიდატები, მიუხედავად კონკურენციისა, ერთმანეთის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ. თუმცა იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთიდან ჩამოსულმა დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტობის საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე აირჩიეს.

საერთო ჯამში, პრაიმერი ექვს რეგიონში ჩატარდება. იმერეთის (ეკონომიკის თემატიკით) შემდეგ შეხვედრა გაიმართება: გორში (ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა), თელავში (ადამიანის უფლებათა დაცთა), ზუგდიდში (საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება) და ბათუმში (განათლება, მეცნიერება, კულტურა), რომელიც 28 ივლისს შემაჯამებელი შეხვედრით თბილისში დასრულდება. პრაიმერში მონაწილეობის მიღება დელეგატებს ინტერნეტის მეშვეობითაც შეეძლებათ. ინტერენეტის ხმათა უმრავლესობით გამოვლენილ გამარჯვებულს ქულების დათვლისას სამი ქულა დაემატება, მეორე ადგილზე გასული ორ ქულას მიიღებს, ხოლო დანარჩენები – თითო ქულას.

„სამი მუშკეტერი და დარტანიანი“, ასეთი შეფასება გამოიყენა გოგა ხაჩიძემ თავისი კანდიდატის  წარდგენისას.  საბოლოო ჯამში, ვინ გახდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „დარტანიანი“, 28 ივლისს  თბილისში გახდება ცნობილი. ოქტომბრის არჩევნებში კი სწორედ ეს კანდიდატი იბრძოლებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1870
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია