დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიხეილ სააკაშვილი პრემიერს მოუწოდებს, გადახედოს მთავრობის კატასტროფულ გადაწყვეტილებას
2013/04/26 18:16:53

დღეს  საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გაავრცელა პრემიერ–მინისტრის საყურადღებოდ : "ცოდნის უპატრონო ტაძარს რევანშისტები ეპატრონებიან".  განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ:

"2012 წელს ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადო და ამერიკის მთავრობის პროგრამით, დამატებით, 50-დან 100 მილიონ დოლარამდე უნდა მიგვეღო ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემოსაყვანად. ამ უნივერსიტეტისთვის შენობა ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა და ქართველმა მშენებლებმა ააშენეს. ეს იქნებოდა საქართველოს ნამდვილი სიამაყე - უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში დაიდებდა ბინას, ჩვენს ქვეყანას მოუმზადებდა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს. მსგავსი მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება საქართველოში პირველი იქნებოდა და იქ ქართველი სტუდენტების უმეტესობა სწავლას უფასოდ შეძლებდა. ეს ასე იყო ჩაფიქრებული.

ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილების შესახებ შევიტყე - აღარ განათავსონ ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია. ბათუმში მერიას უკვე ჰქონდა დიდი და კომფორტული შენობა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნის მერია იოცნებებდა თავის ქალაქში მსგავსი უნივერსიტეტის გახსნაზე, რადგან ის მოიტანდა განვითარებას და ხელს შეუწყობდა ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას. და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მერიის იქ გადასვლამ? - საერთოდ არაფერი!

თუ მთავრობას განათლების ახალი კერის გაჩენა ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინები მიცემა (ამ პროგრამის განხორციელება ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული და მისი მრავალგზის შესწორების საფუძველზე, საბოლოოდ, საერთოდ ამოაგდეს).

სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ღვარძლით და წინა წლების აღმშენებლობაზე რევანშის აღების წყურვილით. ყოველივე ეს დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან.

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!

მიხეილ სააკაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია