დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით კირვალიძის გადადგომას პარლამენტში აფასებენ
2013/05/02 16:36:32

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაწყებულ გამოძიებასა და მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში პირველი კომენტარები და შეფასებები უკვე გაკეთდა.

უმრავლესობის ლიდერის, დავით  საგანელიძის თქმით,  სოფლის მეურნეობის სამინიტრო მართლაც ძლიერ პრობლემებს მოეჭიდა ძალიან ბევრი რამ  გაკეთდა ამ მიმართულებით. თუმცა, ის წუხს, რომ ამდენი სიკეთის პარალელურად, როგორც ჩანს, სამინისტროს სტრუქტურებში ხდებოდა ის, რაც დაუშვებელია და, ალბათ, ყველანაირი ზომა უნდა იყოს მიღებული. მისივე აზრით, ამ ყველაფრის  გამომზეურება დროულად მოხდა. დავით საგანელიძის თქმით, ის ძალიან დიდ პატივს სცემს კირვალიძეს, როგორც ნიჭიერ ადამიანს და წუხს, რომ  მან თანამდებობა დატოვა. თუმცა, სტრუქტურაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა ყოველთვის მინისტრს აკისრია.

„ის, რომ მან განცხადება გააკეთა გადადგომასთან დაკავშირებით, ეს მის ადამიანურ თვისებებზე მიუთითებს და მესმის მისი, თუმცა, ერთიც მინდა ვთქვა: მოსახლეობამ იცის,  მაქსიმალურად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ კადრები ყველგან მინიმალურად შეგვეცვალა. რეალურად სამინისტროებში ძველი კადრები არის, მხოლოდ რამდენიმე პირი არის გამოცვლილი ამ უწყებაშიც. ერთის მხრივ, როცა შტაბებს არ აკომპლექტებ, ეს რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ წავედით იმ კუთხით, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ყოფილიყო დენადობა და ეს დასაფასებელია“. - ამბობს საგანელიძე.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის თქმით, მიუხედავად ასეთი მონდომებისა, რომ ქვეყნის განვითარების ღერძი სასიკეთოდ შეიცვალოს და ამ საქმეში შენი წვლილი შეიტანო, გამოჩნდებიან არაკეთილსინდისიერი ადამიანები. თუმცა, აგულაშვილი გამოძიების დასრულებამდე საკუთარი შეხედულებების გამოთქმისა და კონკრეტული პირების დადანაშაულებისგან თავს იკავებს. მაგრამ, დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება უსაფუძვლოდ არ დაიწყეს. მისი თქმით, მთავარია, რომ ამან არ ავნოს ძირითად საქმეს. „ეს შემთხვევა კი იქნება მაგალითი სხვებისთვისაც, ვისაც შეიძლება მსგავსი ცდუნებები აწუხებდეს“. - აღნიშნა აგულაშვილმა.

თინა ხიდაშელის თქმით კი, დავით კირვალიძე ერთ-ერთი ეფექტური მინისტრი იყო. ხიდაშელის აზრით, პროგრამაში არსებობდა გარკვეული პრობლემები, თუმცა ეს მხოლოდ მინისტრის ბრალი არ არის.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მინისტრი საკუთარი ხელქვეითების საქციელზეც არის პასუხისმგებელი. თუმცა, ქუცნაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრის უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

უმცირესობის წევრი, აკაკი ბობოხიძე კი სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომის პოზიციას სწორად მიიჩნევს და ამბობს, რომ, როგორც ჩანს, პრემიერის ეჭვები აღნიშნული სტრუქტურის ხელმძღვანელის მიმართ იყო გამოხატული. მისივე განცხადებით, სოფლის მეურნეობის სტრუქტურა იყო ერთადერთი სტრუქტურა, სადაც მოძრაობა შეინიშნებოდა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო იყო ერთადერთი სფერო, სადაც მუშაობა შეინიშნებოდა. სწორად კეთდებოდა თუ არასწორად, მოძრაობა მაინც შეინიშნებოდა. ამ ფონზე ძალიან ცუდია, თუ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, სადაც მოძრაობა შეინიშნება, იქ პარალელურად მოხდება კადრების გათავისუფლება,“ - განაცხადა ბობოხიძემ.

ინფორმაციისთვის: სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ უფლებამოსილების შეჩერების თხოვნით მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მიმართა. მისი თქმით, ის გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე და მთავრობას უფლებამოსილების შეჩერებას სწორედ ამიტომ სთხოვა.

„სამინისტროს თანამშრომლების უმრავლესობა ძალიან წესიერი და კეთილსინდისიერი ადამიანია. მათ შორის ჩემი ბევრი მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია მალე გაირკვევა, რადგან აუცილებელია სიმართლე დადგინდეს. პროცესის დასრულებამდე კი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ და გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე", - განაცხადა დავით კირვალიძემ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე შალვა ფიფია შეასრულებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია