დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციური პარტიების ბრალდებები
2010/04/19 13:15:34

საარჩევნო სიების სიყალბეზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქუთაისშიც ალაპარაკდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სიებს მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ორი თვის წინ გამოუცხადეს უნდობლობა. სწორედ ამიტომ მათ აქცია „კარდაკარ“ დაიწყეს და არსებულ სიებში შესწორების შეტანისთვის საოლქო კომისიებს მიმართეს.

გოჩა ბაძგარაძის განცხადებით: „პროექტის ფარგლებში ქუთაისის ორგანიზაციამ უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებულ ქუთაისის საარჩევნო უბნების საზღვრების მისამართებში 461 საცხოვრებელი ბინა, ფაქტობრივად, არ არსებობს. მოძრაობის წარმომადგენლობამ ცსკოს წარუდგინა არარსებული მისამართები და კატეგორიულად მოსთხოვა ვითარების გამოსწორება, მაგრამ მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ხელისუფლებამ თავისი ხალხით დაკომპლექტებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად უკვე დაიწყო არჩევნების გაყალბება. გარდა ამისა, ნაციონალური მოძრაობა ინტენსიურად იყენებს ადმინისტრაციულ და სახელისუფლებო რესურსებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს. პარალელურად კი ხელისუფლება სხვადასხვა სოციალური პროექტით ხალხზე მანიპულირებს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცალსახად აშანტაჟებენ სოციალურად დაუცველ პირებს. ჩვენ ვიცით,  ისინი მათ ეუბნებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, დახმარებას მოუხსნიან. ყოველდღიურად ხდება დაშინება როგორც საჯარო მოხელეების, ასევე კერძო სექტორში მომუშავე ადამიანებისა, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნით, ან ეკონომიკური პრობლემების შექმნით ემუქრებიან.“

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოს“ ოფისში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ერიდება ამომრჩეველთა პირდაპირ მოსყიდვას, ეს კი საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიერ აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსათვის“ წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეწყვიტონ არჩევნების გაყალბება და მისცენ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ კონსერვატიული პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ. მან ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელები და საჯარო მოსამსახურეები ერთნაირად არიან დაკავებულნი. მისივე განცხადებით, მერიის თანამშრომლები წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ არიან ჩართულნი და მმართველი პარტიის კანდიდატების აგიტაციასაც ეწევიან.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით: „ამ დრომდე კომისიას მხოლოდ კონსერვატორებმა მიმართეს ოფიციალური განცხადებით, რომელიც უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადავუგზავნეთ. სხვა პარტიების წარმომადგენლებს კი განცხადებით არ მოუმართავთ. ამდენად, მათ ამ განცხადებაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცით ქუთაისში 160543 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. თუმცა ფაქტია, რომ ეს ციფრი საბოლოო არ არის, რადგან საარჩევნო უბნების მუშაობის დაწყების შემდეგ, შესაძლოა, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა რაოდენობამ იკლოს ან იმატოს. ამ პროცესს, თავის მხრივ, ქუთაისში არსებული თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია და მათი კომისიის წევრებიც დააკვირდებიან. თუმცა, რამდენად გაითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებულ შენიშვნებს, ძნელი სავარაუდოა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია