დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანის უფლებათა ცენტრი უერთდება პრეზიდენტის დაკითხვის მოთხოვნას
2013/04/12 13:43:26

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და ეროვნულ დონეზე გამოიკვლიოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულები. ამ მხრივ, დროულია იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება, რომ დღის წესრიგში დგება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მაშინდელი სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვა, რათა ნათელი მოეფინოს ბევრ საკითხს, რაზეც აქამდე საზოგადოებას პასუხი არა აქვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად იყო ჩართული 2008 წლის კონფლიქტის ფაქტების დადგენისა და კონფლიქტის მიმდინარეობისას უფლებაშელახული მოქალაქეების ადვოკატირების პროცესში. ცენტრს სისტემატიური კონტაქტი ჰქონდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, პირადად სასამართლოს პროკურორთან, რომელიც თავის მხრივ, დაინტერესებულია, გამოუძიებელი არ დარჩეს 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილი მძიმე დანაშაულები, მათ შორის - ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

2010 წლის 25 ივნისს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პოტენციურად აქვს იურისდიქცია იმ დანაშაულებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი და სისხლის სამართლისსასამართლოს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. ამავე დროს სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა ჰააგიდან მარენო ოკამპომ განაცხადა, რომ რომის სტატუტი, რომლის ხელმომწერიც არის საქართველო, წარმოადგენს გარანტიას, რომ დაუსჯელობა დასრულდება. სწორედ რომის სტატუტის ძალით გააჩნიათ სახელმწიფოებს პირველადი ვალდებულება, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები; ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში მხოლოდ მაშინ ერთვება, როცა შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ ხორციელდება საქმის უტყუარი გამოძიება.

2010-2013 წლებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენელთა ვიზიტები საქართველოში და მთავრობის წევრებთან ინტერვიუები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა წინასწარ მოკვლევას, რითაც პასუხი უნდა გასცემოდა კითხვას - შესწევს თუ არა საქართველოს სახელმწიფოს  შიდასახელმწიფოებრივ დონეზე განახორციელოს საქმის უტყუარი გამოძიება?

სასამართლოს წარმომადგენლებს ასევე სისტემატური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც 2010 წელს შექმნეს„კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“[1]. ადამიანის უფლებათა ცენტრი აქტიურად იყო ჩართული ამ კოალიციის მუშაობაში.

2012 წლის 24 აპრილს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს პეტიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისადმი[2]. ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების გარდა, პეტიციას ხელს ორი ავტორიტეტული საერტაშორისო ორგანიზაციაც აწერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი. როგორც ამ პეტიციაში აღინიშნა, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი უწყებები ოფიციალურად აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე ეროვნულ დონეზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ  არც ერთ მხარეს საჯარო არ გაუხდია ამ გამოძიებების მიმდინარეობის შედეგები. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეროვნული გამოძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებულების, მათი სამართლებრივი წარმომადგენლების, ფართო საზოგადოებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. უფრო მეტიც, თავის 2010 წლის 29 სექტემბრის ანგარიშში, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში და მის შემდგომ უგზოუკვლოდ დაკარგული პირების საქმეების გამოძიების მონიტორინგი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, თომას ჰამერბერგმა გამოკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებაში, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში სამი ეთნიკურად ოსი პირის გაუჩინარების ფაქტს შეეხება. ქართულ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩატარებული კვლევისა და მასალების შეგროვების შემდგომ, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოსცა ორი ანგარიში,  რომელიც ასევე საუბრობს ქართული საგამოძიებო ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების მნიშვნელოვან ხარვეზებზე.  გარდა ამისა, თავის 2012 წლის მსოფლიო ანგარიშში, Human rights watch აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოს, რათა უზრუნველყოს მისი სამხედროების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის სრულყოფილი გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის პოზიციას, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეცადოს, ეს საქმე არ გახადოს საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ეროვნულ დონეზე იმოქმედოს  საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის გამოძიება წარიმართება საერთაშორისო დონეზე ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგლამენტის ფარგლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დროულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. ამავე დროს კიდევ ერთხელ მიმართავს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისს და მოუწოდებს, რომ თუკი ეროვნულ დონეზე წარმოებული გამოძიებები არ იქნება ეფექტური, დაიწყოს ოფიციალური გამოძიება საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია