დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უგულავა და სხვები
2010/05/31 13:15:47

მერობის კანდიდატის არჩევანს რომ კანდიდატებისთვის სატელევიზიო არხებზე გამოყოფილი დრო განსაზღვრავდეს, გიგი უგულავას კონკურენტი ნამდვილად არ ეყოლებოდა, - დაახლოებით ასეთი სურათი იხატება მედიამონიტორინგის დასკვნის შედეგად, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკრაინულმა კომპანია „პრომოვამ“ დადო. შუალედური ანგარიში „პრომოვას“ მმართველმა პარტნიორმა, ეუთოს ექსპერტმა ევგენი გლებოვიცკიმ წარმოადგინა. ეს კი არა და, ქუთაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ცენტრალურ არხებზე თბილისის მერობის კანდიდატის რეკლამა იმდენად კარგად „მუშაობს“, შეკითხვაზე, თუ ვის აძლევენ ხმას, ქუთაისის რამდენიმე მკვიდრმაც გიგი უგულავა დაასახელა.

კომპანია „პრომოვას“ მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შედეგად აღმოჩნდა, რომ მმართველი გუნდის ფავორიტი გიგი უგულავა არა მხოლოდ იმითაა გამორჩეული, რომ ცენტრალურ არხებზე („რუსთავი-2“, „იმედი“, „კავკასია“, „პირველი არხი“) მას ორჯერ მეტი დრო ეთმობა, ვიდრე სხვა კანდიდატებს ერთად აღებულს. ის იმ კუთხითაც გამონაკლისია, რომ მხოლოდ მას მოიხსენიებენ დადებით კონტექსტში.

რაც შეეხება არა-წამყვან არხებს, „მაესტროს“ და „კავკასიას“, აქ გამო-ყოფილი დროის მიხედვით ირაკლი ალასანია ლიდერობს.

პირველი არხის ახალ ამბებში, კანდიდატებისათვის გამოყოფილ ზუსტ დროში სიუჟეტის ხანგრძლივობისა და ობიექტისთვის განკუთვნილი დროის მიხედვით, ძიძიგურის შემთხვევაში, შედეგები ასე გადანაწილდა:

ძიძიგური: 6:7 წუთი მიეძღვნა სიუჟეტს მის საქმიანობაზე, 8:07 კი - თავად მას. ალასანიას საქმიანობას - 8:13, თავად მას კი - 36:04. გოგი თოფაძეს 5:13 და 6:29, გია ჭანტურია 2:19 და 2:27 წუთი. რაც შეეხება უგულავას, მის საქმიანობას - 20:24 წუთი, ხოლო თავად მას - 19:21.

ყველანაირი კრიტერიუმის მიხედვით: საქმიანობაზე გამოყოფილი დრო, კანდიდატზე ჟურნალისტი და კანდიდატზე ოპონენტი, - გიგი უგულავა ერთპიროვნულად ლიდერობს.

კვლევა ჩაატარა „პრაიმტაიმმაც“, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ პირველი არხის ახალ ამბებში კანდიდატებზე გასულ სიუჟეტებში, ძიძიგური ნეიტრალურ კონტექსტში მოიხსენიეს 6:40 წუთი, ალასანია - 32:05 წუთი, თუმცა, ამავე დროს, ალასანია ირიბად ნეგატიურ კონტექსტში იქნა მოხსენებულ 3:13 წუთი. თოფაძე ნეიტრალურ კონტექსტში ნახსენები იქნა 6:29 წუთი, გიორგი ჭანტურია - 2:27 წუთი, ხოლო გიგი უგულავა - 12:18 წუთი. ამასთან, დედაქალაქის მერი ის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც ყოველთვის პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენიება. დანარჩენი კანდიდატები კი მხოლოდ ნეიტრალურ, იშვიათად კი ნეგატიურ კონტექსტში იყვნენ მოხსენიებული.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე კანდიდატებიდან გიგი უგულავას საათზე მეტი დრო დაეთმო, მაშინ, როდესაც სხვა კანდიდატებზე, ერთად აღებული, ნახევარ საათს არ აჭარბებს.

რაც შეეხება „კავკასიას“, აქ ირაკლი ალასანიას საქმიანობას დაახლოებით ერთ საათამდე დაეთმო, მაშინ, როდესაც ძიძიგურს 15 წუთი, ხოლო სხვა კანდიდატებს - კიდევ 10 წუთზე ნაკლები.

„მაესტროს“ შემთხვევაში ყველაზე დიდი დრო  ნაცმოძრაობის კანდიდატსა და მის საქმიანობას აქვს დათმობილი, დაახლოებით საათი და ათი წუთი, მეორე ადგილზეა „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერი - 50 წუთი, ხოლო დანარჩენ კანდიდატებს კი მთელი თვის მანძილზე 15 წუთზე ნაკლები დრო აქვთ გამოყოფილი. ამავე არხის ეთერში ჟურნალისტებისა და ოპონენტების ნეგატიურ და კრიტიკულ კონტექსტში მხოლოდ გიგი უგულავა ჰყავთ მოხსენიებული, ჯამურად, 7 წუთამდე.

კვლევაში ასევე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის პერიოდში განთავსებული ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების წუთობრივი, საინფორმაციო გამოშვებებისა და ყველა პოლიტიკური თოქ-შოუს ანგარიში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ცესკომ მედიამონიტორინგისათვის სამი ქართული კომპანიაც დაიქირავა. ესენია: „პრაიმ ტაიმი“, „ბისიჯი“, „აიპიემი“.

მართალია, „პრომოვას“ კვლევის ობიექტი ადგილობრივი ტელეკომპანია „რიონი“ არ ყოფილა, თუმცა, დასკვნების გამოტანა ადგილობრივ მოსახლეობას მივანდეთ და საკმაოდ საინტერესო სურათი მივიღეთ.

აღმოჩნდა, რომ 15 გამოკითხულიდან ათმა საერთოდ არ იცოდა, რა სახის წინასაარჩევნო რეკლამები გადის ადგილობრივ ტელეარხზე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რეკლამებს საერთოდ არ უყურებს.

დანარჩენმა ხუთმა კი მხოლოდ ნაციონალების „რეკლამების“ გახსენება შეძლო.

ქუთაისელი მანანა გოგიტიძე: „რომელიმე კანდიდატის რეკლამას ვერ ვიხსენებ, თუმცა, ისიც რეკლამა არ არის, 24 საათი რომ ოფიციალურად აშუქებენ რა ხდება ქალაქში, ისიც მარტო ნაციონალებზე...“

მოსახლეობას ისიც ვკითხეთ, აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას. რვამ კატეგორიული უარი განაცხადა, დანარჩენმა შვიდმა კი აღნიშნა, რომ არჩევნებზე მხოლოდ იმისთვის აპირებს წასვლას, მისი ხმა ვინმეს სასარგებლოდ რომ არ გაყალბდეს.

„ისედაც დღესავით ნათელია, ვინ გაიმარჯვებს,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის თქმა არ ისურვა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია