დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გუნავას გაგუბერნატორება უმრავლესობისთვის პრეზიდენტის მორიგი პიარ-აქციაა
2013/01/11 10:54:57

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გენინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორად დანიშნა. პრეზიდენტის შეფასებით, გუნავა არის პიროვნება, რომელმაც დაამარცხა ნარკომანია სამეგრელოში და აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი გმირობით დაამახსოვრა ხალხს თავი.

რამდენიმე კვირის წინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მაშინ აკეთებდნენ კომენტარს, რომ თენგიზ გუნავა „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

თავის მხრივ, თენგიზ გუნავამ სარჩელი სამინისტროს წინააღმდეგ შეიტანა და სამართალდამცველების ნარკოტიკების ჩადებაში დასდო ბრალი. ქსპერტიზის შედეგადაც დადასტურდა, რომ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთირების კვალი არ აღმოჩნდა. 

როგორც ცნობილია, თენგიზ გუნავას მიმართ აღძრული საქმე გამოძიებაშია და, აწ უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, არაა გამორიცხული, სულ მალე ისევ მოუწიოს პროკურატურის შეკითხვებზე პასუხის გაცემა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა კომენტარით, პრეზიდენტმა გუნავას დანიშვნით, უბრალოდ, მორიგი პიარ-აქცია გამართა, რითიც უნდა საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს ძალაუფლება ქვეყანაში.

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „სააკაშვილის მიერ დანიშნულ გუბერნატორებს რეალური ძალაუფლება არ აქვთ".
„მიხეილ სააკაშვილი სახლობანას თამაშობს. სააკაშვილის მიერ დანიშნულ გუბერნატორებს რეალური ძალაუფლება არ აქვთ. ჩვენი კანონმდებლობით გუბერნატორის, რწმუნებულის ფუნქციები დიდი არ არის. გუბერნატორის ფუნქციები პრაქტიკულად  შეუზღუდავი იყო სააკაშვილის მმართველობის წესის შესაბამისად. დღეს არის ცენტრალური ხელისუფლება, არის ადგილობრივი ხელისუფლება და არიან ჰაერში გამოკიდებული გუბერნატორები. სააკაშვილის მიერ გუნავას დანიშვნა მორიგი მცდარი პიარ-აქციაა, რომელიც განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იმ ხალხშიც კი არ გამოიწვევს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან მთლიანად დისტანცირებული „ნაციონალური მოძრაობისგან“. გუნავა გააკეთებს იგივეს, რასაც აკეთებს ჭიაბერაშვილი. ანუ ვერაფერს", - განაცხადა ბერძენიშვილმა. 
მისივე თქმით, „ამასობაში კანონი შევა ძალაში და ეს ინსტიტუტი აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გაკონტროლდება“.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, თუ დღეს წერია კანონში, რომ პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერთან კონსულტაციით გუბერნატორებს, ჩვენი მიდგომა არის, რომ გუბერნატორი დანიშნოს პრემიერმა პრეზიდენტთან შეთანხმებით, არ ვუწერთ, რომ პრეზიდენტი საერთოდ არ ერეოდეს ამ საქმეში, მაგრამ დამნიშვნელი იქნება პრემიერი. აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი არის რწმუნებულის ანუ გუბერნატორის ინსტიტუტი, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია, ის რეგიონებში ბუნებრივია, ვინც აგებს პასუხს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მისი წარმომადგენელი უნდა იყოს მისი დანიშნული, მის მიმართ ანგარიშვალდებული", - განაცხადა ბერძენიშვილმა.  

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1872
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია