დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩამორთმეული თვითმფრინავი პრეზიდენტის იყო, თუ მთავრობის?
2012/12/17 13:23:03

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ერთი თვითმფრინავი ჩამოართვეს. პრეზიდენტის პრესსპიკერი კი უარყოფს, რომ სააკაშვილი ორი თვითმფრინავით სარგებლობდა და ამბობს, რომ მეორე ბორტი არა პრეზიდენტის, არამედ - მთავრობის განკარგულებაში იყო.

თავდაცვის სამინისტრომ მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის ერთი წლის წინ, ლიზინგის წესით შეიძინა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ საუბრისას განაცხადა.

„ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვე-ყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.

„მეორე ბორტის ლიზინგის წესით შეძენა რატომ გახდა საჭირო, ჩვენთვის გაუგებარია,“ - დასძინა ავალიანმა, რომელმაც ასევე, აღნიშნა, რომ დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი საქართველოს პრეზიდენტის თვითმფრინავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნის პირველ პირს მხოლოდ ერთი თვითფრინავი ჰყავდა.

 „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს“... გაზვიადებულია?! 

„თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი - თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით  და  გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ  ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. პრესსპიკერის თქმითვე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაუქმებული ლიზინგის გამო სახელმწიფოს სოლიდური ზიანი მიადგება.

თავდაცვის მინისტრის მრჩეველი ვაკო ავალიანი ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან ასევე, ფინასდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერების ფრენები ლასპალმასის, ნიცის, მილანსა და მსოფლიოს მრავალ ტურისტულ ცენტრში.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ Gulfstream G450 საფრენი აპარატით განხორციელებული ფრენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, კერძოდ:

„2011 წლის 26-30 სექტემბერი: თბილისი-ბათუმი-ვენა-ვარშავა-თბილისის მიმართულებით. ამ პერიოდში 29-30 სექტემბერს ვარშავაში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მეორე სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა;

2011 წლის 26 ივლისიდან - 4 აგვისტოს ჩათვლით: თბილისი-ბათუმი-ლასპალმასი-ზანდერი-ლიმა-კუსკო-მერმუდა-ნორთჰოლდი-ბათუმი-თბილისი.“

ავალიანის განცხადებით, ოფიციალურად ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი 29 ივლისს ლიმაში, პერუს პრეზიდენტის ოლანდა ჰუმალას ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრო. თუმცა, ამ სიაში მითითებული - ლასპალმასში და სხვა ქალაქებში ვიზიტზე ოფიციალური ცნობები არ არსებობს. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თქმით, Gulfstream G450-ით განხორცილებული ფრენებიდან აღნიშნული მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, „საზოგადოება, დაახლოებით, ორ კვირაში გაიგებს, სააკაშვილისთვის ჩამორთმეული თვითმფრინავი პრეზიდენტის განკარგულებაში იყო, თუ მთავრობის.“

„აღნიშნულ შესყიდვას, ჯერჯერობით, გრიფი „საიდუმლო“ ადევს. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება, ვიდრე გრიფი „საიდუმლოს“ ახსნის პროცედურები არ იქნება დასრულებული, შეუძლებელია. ეს საკითხი ძალიან იოლად გარკვევადია. ამას განაპირობებს ერთ-ორი ფაქტორი: ნებისმიერი ფრენა, რომელიც განხორციელდა ბორტი ნომერი 1-ით, ისევე როგორც ბორტი ნომერი 2-ით, არის დაფიქსირებული, კონკრეტულად - რა თარიღში სად იმყოფებოდა ეს თვითმფრინავი და რა ფრენა განხორციელდა. თქვენ მოგეცემათ საშუალება, გრიფი „საიდუმლოს“ ახსნის შემდეგ გაიგოთ მთავრობის რომელი წევრი როდის, სად იყო,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას ორი რამ სჭირდება: „პირველი - ეს არის გადაწყვეტილება და მეორე - ამის აღსასრულებლად საჭირო დრო, რომლისთვისაც თუ არ ვცდები, ორი კვირა საკმარისია. გადაწყვეტილება ჩვენი უწყების დონეზე მიღებულია. საბოლოო გადაწყვეტილება უნდა შეჯერდეს და, ვფიქრობ, მიიღება კიდეც,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, პრეზიდენტისთვის ორი თვითმფრინავი უფრო ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ვიდრე საჭიროებას. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ჩათვალა თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად პრეზიდენტისთვის თვითმფრინავი ჩამოერთმია, ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიზანშეწონილად ხარჯების შემცირება ჩაითვალა.

„მიზანშეწონილად ჩაითვალა არა პრეზიდენტისთვის თვითმფრინავის ჩამორთმევა, არამედ ის, რომ არ გავწიოთ ეს ხარჯები, რადგან ათეულ მილიონ ლარზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით და არჩევანია ჯარისთვის საჭირო ატრიბუტიკასა და თვითმფრინავს შორის, რა თქმა უნდა, ჯარის სოციალური უზრუნველყოფა გადაწონის. ამდენად, ამ შემთხვევაში, ეს არის გადამწყვეტი პირველი მოტივი. პრეზიდენტი თვითმფრინავის გარეშე არ დაგვიტოვებია,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ხარჯვა ყოველთვის დახურული და, ალბათ, ყველაზე გაუმჭვირვალე იყო. წინა ხელისუფლების პერიოდში არაერთხელ იყო საუბარი, რომ თავდაცვის სამინისტროს ფულით ბევრი არასაჭირო ღონისძიება ფარულად ფინანსდებოდა და, უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, გრიფით „საიდუმლოს“ მიღმა იმალებოდა. როგორც ახალი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრი ამბობს, ეს პრაქტიკა აუცილებლად შეიცვლება.

„ეს უწყება ყველაზე მეტ კითხვას ბადებს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, თუ რაში იხდის ფულს. ჩვენი უწყების მხრიდან ფარული შესყიდვები აღარ განხორციელდება... პირველად ხდება ამ უწყების არსებობის ისტორიაში, რომ ამ სფეროს ცალკე კურატური ჰყავს და ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმლურად გამჭვირვალე იქნება,“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1746
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია