დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას მოასწავებს ამერიკელ სენატორთა წერილი?
2012/12/17 13:19:33

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ჯგუფმა გასული კვირის ბოლოს ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართა, სადაც საქართველოს  პრემიერ-მინისტრს მოუწოდებდნენ, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ  საქართველო არ იყენებს სასამართლოს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის  პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის ჩინოვნიკებზე. ამის შესახებ სტატია გამოაქვეყნა Foreign Policy-მაც.

 

 

ამერიკული გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებული სტატიის - „სენატორები საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, არ მიმართოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას“ - თანახმად, წერილის ავტორი ხუთი სენატორია: ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემპშირი), ჯო ლიბერმანი (დამოუკიდებელი სენატორი - კონექტიკუტი), ჯეიმს რიში (რესპუბლიკელი, აიდაჰო), ლინდსი გრეჰემი (რესპუბლიკელი, სამხრეთ კაროლინა) და ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი, არიზონა).

„ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოს ოპოზიციურ პარტიასთან ასოცირებული ადამიანების დაკავებების, დაპატიმრებებისა და სავარაუდო დევნის შესახებ ცნობებით, - აღნიშნავენ სენატორები, - ჩვენ გწერთ დღეს, რათა გამოვხატოთ ჩვენი მზარდი შეშფოთება იმით, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და მათ მიზანს ბოლოდროინდელი არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება წარმოადგენდეს. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოს თუნდაც აღქმა იმისა, რომ წინა მთავრობის წევრების წინააღმდეგ შერჩევითი სამართალი გამოიყენება.“

როგორც Foreign Policy წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც სათავეში უდგას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა აშშ-დან და ევროპიდან გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული - წინა მთავრობის 23 წარმომადგენელი დაპატიმრებულია სავარაუდო დანაშაულის, მათ შორის, კორუფციისა და წამების გამო.

შაჰინი და რიჩი არჩევნების დროს საქართველოში იმყოფებოდნენ და იმ მომენტისთვის ორივე მხარე შეაქეს, მაგრამ ახლა ისინი აფრთხილებენ ჩვენს ქვეყანას და აცხადებენ, რომ საქართველოს ურთიერთობა ზოგადად მსოფლიოსთან და, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გააგრძელებს ახალი მთავრობა დემოკრატიულ რეფორმებს და უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის პოლიტიკურ კულტურას.

სენატორები პირდაპირ ციტირებენ Foreign Policy-ში გასულ თვეს გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, როგორც დასტურს იმისა, რომ ახალი მთავრობა არ ასრულებს თავის დაპირებას  სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ მივესალმებით თქვენს განცხადებებს იმის შესახებ, რომ შერჩევითი სამართალი გამორიცხულია, თუმცა ძალიან ვწუხვართ დღემდე განვითარებული მოვლენების გამო. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო თქვენი საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ბოლოდროინდელი კომენტარი, სადაც მან განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი ოფიციალური პირები „კრიმინალები და დამნაშავენი“ არიან,“ - წერენ სენატორები, - ბრალეულობა და უდანაშაულობა უნდა დაადგინოს მიუკერძოებელმა სასამართლომ, სხვაგვარად მოქმედება ძირს უთხრის კანონის უზენაესობას.“

„წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად კონფლიქტური იყო, მაგრამ კამპანია დასრულდა“ - აღნიშნავენ სენატორები.

 

„ძალიან კარგი მოწოდებაა...“ 

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის გიგი წერეთლის აზრით, ამერიკელი სენატორების მწვავე განცხადებები საქართველოს გულშემატკივრობით არის გამოწვეული. როგორც დეპუტატმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, სენატორების კრიტიკა იმას ემსახურება, რომ მსოფლიოში საქართველოს იმიჯი არ შეილახოს. ოპოზიციის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სენატორების კრიტიკამ გაღიაზიანება კი არ უნდა გამოიწვიოს, არამედ - ამ განცხადებების ანალიზი უნდა მოხდეს.

„ამერიკელი სენატორების წერილი ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ განცხადებები, თითქოს ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერები სამართლიანობის აღდგენაა და ა.შ.  გარედან ასე არ ჩანს. აქ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა დარჩეს ოდნავი შეგრძნებაც კი, რომ ადგილი აქვს შერჩევით სამართალს,“ - განაცხადა წერეთელმა. მანვე დასძინა, რომ საქართველოს კრიტიკა სასიამოვნო არც  მისთვისაა და ურჩევნია,  მის ქვეყანაზე საერთაშორისო პრესაში ბევრი კარგი რამ დაიწეროს.

ამერიკელი სენატორების ბიძინა ივანიშვილისადმი გამოგზავნილ წერილს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა ამერიკის შეერთებული  შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან, ტომას მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოწოდება, რომელსაც წერილი შეიცავს, ძალიან კარგი მოწოდებაა და, აქედან გამომდინარე, პრობლემაც არ არსებობს.

„ძალიან კარგი მოწოდებაა, რადგან საქართველოში 25 ოქტომბრის მერე სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური არ ყოფილა“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს საქართელოსთვის სენატორების გზავნილში გამოთქმული  „მუქარა“  - თუ დაკავებები არ შეწყდება, ახალ  ხელისუფლებას ამერიკასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან პრობლემები ექნება?!

„საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. საქმე ისაა, რომ საქართველოს არასდროს ჰქონდა გარანტირებული დანარჩენი მსოფლიოსგან სრული მხარდაჭერა. ჩვენ საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ აშშ და ევროკავშირი ყოველთვის ჩვენს მხარეზე ყოფილიყვნენ რუსეთთან დავაში.  რეალობა დღეს ასეთია, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დავეყრდნოთ ამ ორ ძალას - შტატებსა და ევროკავშირს“ - ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი  კახა   გოგოლაშვილი       „ინტერპრესნიუს“-თან საუბრის დროს.  ექსპერტის თქმით, მათ თავისი პრობლემები და ინტერესები აქვთ როგორც რუსეთთან, ისე ჩვენს რეგიონთან მიმართებაში და არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ეტაპზე მათი მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერა მათივე ინტერესებისთვის საზიანოც კი  იყოს.  „ამიტომ არ უნდა მივცეთ ნებისმიერი სახის საბაბი აშშ-ს ან ევროკავშირს, რომ მათ საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა ცოტა მაინც შეასუსტონ“ - ფიქრობს გოგოლაშვილი.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი ამერიკელი სენატორების მიერ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ წერილს გარდამავალი პერიოდის ხარვეზებს უკავშირებს.

როგორც ხუხაშვილმა „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა, სენატორების პოზიციის მიზეზი ასევე ძველი დიპლომატიური კორპუსია, რომლის როტაციაც არ მომხდარა. მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი  საქართველოს  ძველი ელჩების გამოწვევას აჭიანურებს, ისინი კი საკუთარი გუნდის პოლიტიკური ინტერესით მოქმედებენ და კომუნიკაციას აფერხებენ.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის აშშ-ში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება გაუგებრობა იყო, რომელიც ნათქვამის არასწორმა ინტერპრეტირებამ გამოიწვია. მკითხველს შევახსენებთ, რომ წერილში სენატორებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ აშშ-ში ვიზიტისას  გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილეს ყურადღება, სადაც მაია ფანჯიკიძემ ყოფილი  მაღალჩინოსნები კრიმინალებად მოიხსენია. სენატორები აცხადებდნენ, რომ პირის ბრალეულობას მხოლოდ სასამართლო უნდა წყვეტდეს.

„რაც შეეხება წერილის შინაარსობრივ მხარეს, მის პათოსს მე სრულიად ვიზიარებ. ასევე არავითარი წინააღმდეგობა არ არის წერილის ავტორებსა და პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს შორის, რომ პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს. დღეს უდანაშაულობის პრეზუმფცია მუშაობს და არაფერი საპანიკო და საგანგაშო არ ხდება. ვისი სამართლებრივი დევნაც დაიწყო, იმ პირების უმრავლესობა გარეთაა. სანამ სასამართლოს განაჩენი არ დადგება, მათ კრიმინალზე არავინ საუბრობს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

არც აშშ და არც ევროკავშირი არ არის ერთი ადამიანი, რომელთანაც გაქვს ურთიერთობა. ეს გახლავთ პოლიტიკური პარტიების, სხვადასხვა გავლენიანი წრეების ერთობა. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავად საქართველო გამოდის მათთვის მნიშვნელოვანი  ფაქტორი და ელემენტი. „თუ როგორი პოლიტიკა ექნება ამერიკას ჩვენს მიმართ ჩვენს მოქმედებაზე ძალიან ბევრად არის დამოკიდებული. აქ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვფუთავთ ჩვენ საკუთარ თავს და წარვადგენთ მათ წინაშე. ჩვენ ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ,“ - ამბობს ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი.

„ჩემი აზრით, ამ თემაზე ვაშინგტონს ოფიციალური პოზიცია არ გამოუხატავს. გაკეთდა მხოლოდ გარკვეული სახის მინიშნებები. შესაძლოა, ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებას იმიტომაც არ აკეთებს, რომ სენატორების მსგავსი შეშფოთების შესახებ ინფორმაცია და, შესაბამისად, საფუძველი არ აქვს. ეს წერილიც უფრო გაფრთხილება და პრევენციაა. დაკავებებთან დაკავშირებით ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია მაშინ იქნება მოსალოდნელი,  თუ  ყოფილი  მაღალჩინოსნების დაკავებები შეუქცევად ხასიათს შეიძენს“ - აცხადებს ექსპერტი, რომელიც, იმის გათვალისწინებით, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს ამერიკის პოლიტელიტასთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ, არ გამორიცხავს,  სენატორების წერილის მიზეზი სააკაშვილთან მეგობრობაც იყოს. „მაგრამ აშშ-ს პოლიტიკაში პირადი ურთიერთობები განმსაზღვრელი არ არის“ - დასძენს კახა გოგოლაშვილი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია