დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამაში თუ „გათამაშება“ ქუთაისის საკრებულოში?
2012/11/19 12:19:25

14 ნოემბერს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ნაციონალმა დეპუტატებმა თავადვე დააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის  გადაყენების საკითხი, თუმცა კენჭისყრის დროს 11-მა ნაციონალმა ერთხმად დაუჭირა მხარი თავმჯდომარის პოსტზე კვლავ ამირან ხვადაგიანის დატოვებას.

 

სხდომის დაწყებისთანავე, ფრაქცია   „ქუთაისის“ წევრმა მამუკა მღვდელაძემ სიტყვა ითხოვა და იქ შეკრებილ ადამიანებს და ჟურნალისტებს მიმართა:

„მე მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის მიმართ დაწერილი განცხადება, რომელიც გაკეთებულია საკრებულოს წევრების მიერ. ჩვენ ეს განცხადება წარვადგინეთ კანცელარიაში და გაგაცნობთ შინაარსს, ამავე საკრებულოს წევრების ჩამონათვალით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ 13.11.2012 წლის ?1297 ბრძანების მიხედვით, ამავე წლის 14 ნოემბერს, 14:00 საათზე, დანიშნულია საკრებულოს რიგგარეშე ?42 სხდომა, რაზეც დეპუტატებს ეცნობათ თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 02.07.2010 წლის ?1 დადგენილების 51-ე მუხლი, პუნქტი 3-ის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრების 24 საათით ადრე მაინც ინფორმირებას. ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ დეპუტატების ინფორმირება მოხდა 2012 წლის 13 ნოემბერს, თხუთმეტიდან თექვსმეტი საათის პერიოდში, რაზეც არსებობს შესაბამისი ამონაწერები. სხდომას მივიჩნევთ არალეგიტიმურად, მოვითხოვთ მის გადადებას და კანონის ფარგლებში მოქცევას. დღეს რაც იგეგმება აქ, ამაზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს, თუ კი სხდომა არ გადაიდება.“

ამ განცხადების შემდეგ მღვდელაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა, თან აღნიშნა, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდებოდა და შემდეგ შესაბამის განცხადებებს გააკეთებდა ჟურნალისტებთან.

საკრებულოს სხდომა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, გაჟღერდა ინფორმაცია იმ ადამიანებზე, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის რიგებს გამოეყვნენ. ესენი არიან: მანანა კიკაბიძე, ირინე ივანეიშვილი, ნოე კუხიანიძე, ვიტალი ბოჭორიშვილი.

საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენელი საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით დვალი, რომელსაც კენჭისყრის შედეგად ეს პოსტი დაატოვებინეს, მისი ადგილი კი მერაბ მეშველიანმა დაიკავა. თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს - ლევან კირკიტაძეს თანამდებობა შეუნარჩუნდა, ისევე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს.

„ამ სხდომაზე განიხილა საკრებულოს ხელმძღვანელობის ნდობის საკითხი. ეს შემთხვევით არ მომხდარა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საკრებულოს რამდენიმე წევრმა დატოვა ფრაქციები, საზოგადოებაშიც ბუნებრივად გაჩნდა ეჭვი: აქვს თუ არა ნდობის მანდატი საკრებულოს ხელმძღვანელობას. ამიტომ შემოიტანეს განცხადება ჩემს სახელზე. ჩვენ მზად ვიყავით, მზად ვართ და მე ვპირდები ქალაქის საზოგადოებას, რომ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას სჭირდება.“ -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა.

სხდომის დასრულების შემდეგ, დაპირებისამებრ, მედიასთან კომენტარი გააკეთა მამუკა მღვდელაძემ:                   „დღევანდელი საკრებულოს სხდომა იყო არალეგიტიმური, მოხდა სამართლებრივად დარღვევა: 24 საათიანი ვადა, რომელიც არის დებულების 51-ე მუხლის მესამე პუნქტი, იქნა დარღვეული. დებულებაში არის: თუ იმპიჩმენტი არ შედგა, სამი თვე აღარ შეიძლება იმპიჩმენტის საკითხი დაყენდეს. აქ რაც მოხდა, ეს იყო გათამაშება.“

სხვაგვარად ფიქრობს საკრებულოს ნაციონალი დეპუტატი დავით გოგისვანიძე: „საკრებულოში უმრავლესობა მკაფიოდ გამოხატავს თავის ნებას, რომ ჩვენ კიდევ ვუჭერთ ბატონ ამირანს მხარს, რომ ის კვლავ ხელმძღვანელობდეს ქუთაისის საკრებულოს და ეს პოზიცია ჩვენ დავაფიქსირეთ.“

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დავით დვალს სურდა საკრებულოს თავმჯდომარეობა, თუმცა თავად დვალმა ეს ფაქტი უარყო და აღნიშნული სხდომაც შეაფასა.

„ცოტა ძნელია ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი, რადგან ამისთვის საჭიროა, საკრებულოში გყავდეს უმრავლესობა და ამ ადამიანების კონსენსუსის წესით უნდა აირჩიონ საკრებულოს თავმჯდომარე. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, მე შემიძლია ერთი მარტივი შეფასება გავაკეთო: ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავიდან ბოლომდე მოწყვეტილია იმ საზოგადოებრივ შეკვეთას, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში. დღევანდელი სხდომა თავისი არსით არ იყო საკრებულოს სხდომა, - იყო ერთი კონკრეტული პარტიის მიერ მოფიქრებული, მცირედი ავანტიურა, რომლითაც ცდილობს, კიდევ ჩათვალოს, რომ საზოგადოება არ იმსახურებს უფრო მეტ ყურადღებას და სმენადობას მათი მხრიდან. ჩვენ ვერ ვუყურებთ ვერანაირ კონკრეტულ პრობლემას, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან დაკომპლექტებული სხდომა, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩვენ ვართ მათთვის მიუღებელი ადამიანები.“

საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან ხვადაგიანს თანამდებობა, მინიმუმ, სამი თვით შეუნარჩუნდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2105
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია