დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაწუნებული პატარძალი
2009/11/09 13:28:38

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უჩვეულო საქმის განხილვას შეუდგნენ. სიტუაცია, ერთი შეხედვით, ანეკდოტურია - ქორწინებიდან ერთი თვის თავზე სიძის მხარემ პატარძლის პატიოსნებაში ეჭვი შეიტანა.

ვაჟის დედამ ოჯახში შეკრიბა რძლის მშობლები, ნათესავები, ყოველი შემთხვევისათვის - პოლიციის თანამშრომლებიც, და მისი რძლის „უპატიოსნობის“ შესახებ „საჯარო განცხადება“ გააკეთა. სიძის მხარე ირწმუნებოდა, რომ ქორწინების ღამით გოგონას ქალწულობა ქირურგიული ოპერაციის შედეგი იყო და არა მისი უმანკოებისა. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ რძლისაგან მათი ოჯახის დატოვებას.

ამის შემდეგ ახლად დაქორწინებულმა ვ. დ-მ ქმრის ოჯახი მართლაც დატოვა და მშობლების ბინაში დაბრუნდა, თუმცა ყოფილი ქმრის ოჯახისათვის „საქვეყნოდ თავის მოჭრა“ არ უპატიებია. მან სიმართლის გარკვევის მიზნით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.

ვ. დ-ს პატიოსნება ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დადასტურებულად ცნო, მის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებულია, რომ გოგონას შესაბამის ადგილზე ქირურგიული ჩარევის კვალი არ აღენიშნება.

დაზარალებულმა ვ. დ-მ სასამართლოს საშუალებით ყოფილი ქმრის ოჯახისაგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა და მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5 ათასი ლარი მოითხოვა.

თერჯოლის სასამართლომ ეჭვგარეშედ მიიჩნია ქმრის ოჯახის მიერ გოგონას შეურაცხყოფის ფაქტი, რაც შეეხება პასუხისმგებლობას ამის გამო, მისთვის არ დაუკისრებია.

სასამართლოს განმარტებით, ქმრის ოჯახს გოგონას შეურაცხყოფის წინასწარი განზრახვა არ ჰქონია, ის ოჯახში რძლად მიიღეს და საქორწინო ნივთებითაც დაასაჩუქრეს. რაც შეეხება ღირსების შელახვას - მათ გოგონას მაკომპრომეტირებელი მასალა (თურმე) მედიის საშუალებითაც არ გაუვრცელებიათ და მისთვის არც მატერიალური ზარალი მიუყენებიათ. შესაბამისად, თერჯოლის სასამართლომ არშემდგარი სიძის ოჯახს მხოლოდ ნაცნობების წრეში ბოდიშის მოხდა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დააკისრა. გარდა ამისა, ის სასამართლო ხარჯების ნახევარს გადაიხდის. რაც შეეხება ფულადი ჯარიმის - 5 ათასი ლარის გადახდას, სასამართლომ მისი დაკისრება მიზანშეუწონლად მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარემ საქმის შემდგომი განხილვისთვის ზემდგომ ინსტანციას მიმართა. თავის გადაწყვეტილებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უმოკლეს ვადაში გაახმიანებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია