დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მრავალშვილიანი დედები ყურადღებას ვითხოვთ!
2009/10/05 12:02:54

რამდენიმე წელიწადია, გაერო სისტემატურად აძლევს გამაფრთხილებელ SOS-სიგნალებს ქართულ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დემოგრაფიულად მომაკვდავ სახელმწიფოდ იქნა ცნობილი. დღეს უკვე ისიცაა გათვლილი, რომ თუ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება ქართული გენოფონდის აღსადგენად, 2050 წლისათვის ქართველი მოსახლეობის წილი ჩვენს ქვეყანაში 42%-ით შემცირდება, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ლიდერებს არ სურთ თვალი გაუსწორონ რეალობას და, დღევანდელი პოლიტიკური თუ სოციალ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, სათანადო ლოგიკური დასკვნები გააკეთონ.

ქართული გენოფონდი საფრთხეშია, ქართველ დედას კი, ხშირ შემთხვევაში, იმის საშუალებაც არა აქვს, რომ შვილებს - მოზარდებსა თუ გასაზრდელებს - არსებობისა და განვითარების ნორმალური პირობები შეუქმნას, თუ ოჯახის რომელიმე წევრი საზღვარგარეთ არ ჰყავს სამუშაოდ გაგზავნილი.

ქუთაისელი მრავალშვილიანი დედები, უმეტეს შემთხვევაში, იმდენად მძიმე სოციალ-ეკონომიკურ პირობებში ვცხოვრობთ და ისე ვართ გატანჯულები და დანევროზებულები შვილების პრობლემების მოგვარებით, რომ, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თავისთვის სრულებით არ გვცალია, ხელისუფლება კი ცდილობს, ჩვენი პრობლემები სამ თვეში ერთხელ მოცემული ერთჯერადი დახმარებით მოიცილოს თავიდან.

სამ თვეში ერთხელ და, გნებავთ, წელიწადში ერთხელ მოცემული პერმანენტული დახმარებები არ გახლავთ საკმარისი იმისათვის, რომ დედამ შვილის გაჩენაზე და ერის გამრავლებაზე ოფიქროს. დღევანდელი რეალობა კი ის გახლავთ, რომ ქუთაისის თვითმმართველობის აპარატი დედებს, რომლებსაც გასაზრდელი ჰყავთ 5 და მეტი შვილი, გაუაზრებლად ართმევს მრავალშვილიანი დედის სტატუსს, მხოლოდ იმ მოტივით, რომ მას აღარა ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი. ეს პოლიტიკურად არამოტივირებული ნაბიჯია, რადგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი, ყველაზე მეტი კომანდასი სწორედ ამ ოჯახებში იზრდება, ასევე ისინიც, ვინც ქვეყნის აღმშენებლობის სიმძიმე საკუთარი ბეჭებით უნდა ზიდოს, არასრულფასოვანი ცხოვრების პირობებით დაინვალიდებული თაობა კი ქვეყნისათვის, პირიქით, მძიმე ტვირთი ხდება.

თვით ადოლფ ჰიტლერიც კი, თავისი დროის უდიდესი ტირანი და სისხლისმსმელი, უდიდეს პატივს მიაგებდა თავის ქვეყნის მრავალშვილიან დედებს, აჯილდოებდა მათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს, ქუთაისის თვითმმართველობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ოჯახების დასაცავად და გადასარჩენად.

საამისოდ, მიგვაჩნია, რომ:

უნდა აღსდგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ხელშეწყობით 1990 წელს ჩამოყალიბებული ორგანიზაცია - „დემოგრაფიული ფონდი“. ეს ორგანიზაცია ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა მძიმე სიტუაციაში მყოფი ოჯახებისათვის. ქალაქის მერს უნდა ჰყავდეს მრავალშვილიან ოჯახთა მიერ არჩეული მრჩეველი დემოგრაფიის საკითხებში.

მრავალშვილიანი დედებისათვის გამოყოფილი დაფინანსება ბიუჯეტში 200000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

- დღევანდელი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო ერის გამრავლების პროცესი მე-6 შვილიდან იწყება. 6-შვილიანი დღეს ქალაქში სულ 12 ოჯახი გვყავს. 5-შვილიანი ოჯახი 50-იც კი არ არის, რაც სავალალოა ისეთი დიდი ქალაქისათვის, როგორიც ქუთაისია. მე-5 შვილის გაჩენა და გაზრდა დღევანდელი ქართული ოჯახისათვის გახლავთ უმძიმესი ტვირთი, ვინაიდან ამ ოჯახების საარსებო მინიმუმს თვიურად შეადგენს 450-500 ლარი. დედა ვერ გააჩენს მე-5 და მე-6 შვილს, თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს მისთვის ნორმალური პირობების შექმნას.

საჭიროა სახელმწიფოს მხრივ ეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკის წარმოება და ამ პოლიტიკის ისევ სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, ანუ დემოგრაფიული ბიუჯეტის შექმნა, რისთვისაც გადამწყვეტი ნაბიჯი ისევ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გადადგას. ქუთაისი და დასავლეთ საქართველო ეთნიკურად სუფთა კუთხეა, სადაც დიდი ალტერნატივა არსებობს ეთნიკური ქართველების დემოგრაფიული სტიმულირებისათვის. სახელმწიფომ უნდა შეძლოს ბავშვებიანი ოჯახებისათვის დახმარების ისეთი დოზირება, როგორც ეს საფრანგეთშია - სადაც მატერიალურად არავის უჭირს და, მაინც, 5-შვილიანი ოჯახის უფროსი მატერიალური სახით იღებს დემოგრაფიულ ხელფასს. საფრანგეთში ამ დახმარებას უშუალოდ სახელმწიფო აფინანსებს და არა კერძო პირი.

- დედას, რომელსაც ჰყავს 5 და მეტი შვილი, ბოლო შვილზე უნდა დაენიშნოს ყოველთვიური დახმარება მის სრულწლოვნებამდის. გრადაციის სისტემით, რომლის პრაქტიკაც უკვე არსებობს საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში, ადგილობრვი თვითმმართველობისა და საკრებულოების ხელმძღვანელობით. ეს სისტემა გამართლებული იქნება იმდენად, რომ ოთხშვილიან დედებს სახელმწიფო მისცემს სტიმულს მე-5 და მომდევნო შვილის გასაჩენად. ყველა მრავალშვილიანი დედა, რომელსაც ჰყავს 5 და მეტი შვილი, ნაბოლარა შვილის სრულწლოვანებამდე უნდა იქნას აყვანილი აღრიცხვაზე და ყველა მათგანს უნდა დაუბრუნდეს ის პრივილეგიები და რეგალიები, რომლებიც არსებობდა ამ დედების წახალისებისა და სტიმულირებისათვის, მათი შვილების განათლების, ყოფითი თუ შრომითი მოწყობისათვის უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები!

 

პატივისცემით:

ლელა ფხაკაძე-ზარანდია, 5 შვილის დედა; მარინა დახუნდარიძე, 9 შვილის დედა; ნინო ნაცვლიშვილი, 11 შვილის დედა; ეკა აბულაძე, 5 შვილის დედა; ინგა ქითმიროვი, 7 შვილის დედა; ნანა კაპანაძე, 6 შვილის დედა; ქეთინო შალამბერიძე, 10 შვილის დედა; მარინა გაბუნია, 7 შვილის დედა; ლია დიდბარიძე, 8 შვილის დედა; თამარ ჩოგოვაძე, 7 შვილის დედა; თეა სარალიძე, 6 შვილის დედა; მაია გოშთელიანი, 8 შვილის დედა; მაყვალა ჟორჟოლიანი, 7 შვილის დედა; მანანა სინატაშვილი, 7 შვილის დედა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1548
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია