დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრეფიკინგის ნიშნები და თურქი მაღალჩინოსნები გონიოს ბორდელებში
2012/06/21 14:47:18

გონიოს მცხოვრებლებმა 20 ივნისს იქ არსებული არალეგალური ბორდელების აღკვეთის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

ხმაური გონიოში გვიან ღამემდე გაგრძელდა და ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. საბოლოოდ სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

აქცია გონიოში 20 ივნისს, საღამოს, 22.00 საათზე დაიწყო.  გონიოს 100 -მდე მცხოვრები აცხადებს, რომ  შავი ზღვის პირას არალეგალური პროსტიტუცია ყვავის და ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარებას თხოვენ. საღამოს აქციის მონაწილეებთან  ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძეც მივიდა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. აქციას თვალყურს საპატრულო პოლიციაც ადევნებდა. 

აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ თუკი ვითარება ასე გაგრძელდა, ტურიზმს პრობლემები შეექმნება. ერთ-ერთი მონაწილის თქმით,  “ქუჩაში აკეთებენ ყველაფერს და იმდენად შეურაცხმყოფელია, რომ აქ დასასვენებლად  არავინ ჩამოვა”. 

აქციის მონაწილეების თქმით, ღამე იმიტომ მართავენ აქციას, რომ “ეს ყველაფერი “ღამე იწყება”.  აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. 

გონიოში არალეგალური ბორდელების  და შესაძლო ტრეფიკინგის თემას გაზეთმა  “ბათუმელებმა”  ბოლო ნომერში სტატია მიუძღვნა. 

აზერბაიჯანის მოქალაქე ამბობს, რომ გიონიოში მდებარე სასტუმროში წელიწადნახევრის მანძილზე პროსტიტუციით იყო დაკავებული. მისი თქმით, სექსმუშაკებს არ შეუძლიათ ტერიტორიის სურვილისამებრ დატოვება.

ის ირწმუნება, რომ გონიოს სასტუმროებში ცხოვრობენ ქალები, რომლებსაც ფიზიკურად შეურაცხყოფენ და კლიენტების უფასოდ მომსახურებას აიძულებენ.

სექსმუშაკმა  მედიასთან დაკავშირება მას შემდეგ სთხოვა გონიოელებს, რაც ის „მეპატრონემ“ სცემა. ქალი იმაზეც საუბრობს, რომ მათი კლიენტები, ძირითადად, თურქეეთის მოქალაქეები არიან, მათ შორის თურქი მაღალჩინოსნები.

 

- შეგიძლიათ თქვათ, რომ ხართ პროსტიტუციით დაკავებული?

- კი, ასეა. ძალიან ბევრი ვართ, რამდენიმე აზერბაიჯანელია, არიან ტაჯიკებიც. სასტუმროში, სადაც ვმუშაობ, 40-50-მდე ვართ. მე თურქეთში დეპორტი ჩამირტყეს, ჩამოვედი და აქ დავიწყე მუშაობა. ჩვეულებრივად ვზივარ, კლიენტურა მოდის, ფულს მაძლევს, შევდივართ ოთახში და გამოვდივართ.

- ხელმძღვანელი გყავთ?

- არის ასეთი ადამიანი, მედინე, რომელსაც სპეციალურად მოჰყავს აქ ხალხი და თუ კლინეტი მოვა, 20 ლარი მას ერგება. თვითონ არ მუშაობს. როცა ომერ აბდიოღლის (გონიოში მდებარე სასტუმროს მეპატრონე) მეგობრები ჩამოდიან, ის გვეუბნება, ამისგან ამდენი აიღეთ, ამას ამდენი მოსთხოვეთ, ეს დააკმაყოფილეთ... არიან ადამიანები, რომელსაც ფულის გარეშეც ამუშავებენ. მედინე ფულს ღებულობს და ომერს აძლევს.

- რა მოხდება, თუ მოგინდებათ დატოვოთ სასტუმრო, ან ომერს ფულს არ გაუყოფთ?

- გვცემს, გვიყვირის და გვლანძღავს. რამდენიმე საათი რომ დააგვიანო, სამსახურიდან გაგადებენ, ყველაფერს აკონტროლებს, როგორ უნდა მოვიქცეთ.

- სასტუმროს გარდა კლიენტის  სხვაგან წაყვანა შეგიძლიათ?

- არა, ეს სასტიკად აკრძალულია, სასტუმროში უნდა დავრჩეთ. მარტო ჩაის ვსვამთ, ღამის 9-დან დილის 6 საათამდე სამუშაო დრო გვაქვს, შეიძლება მუშაობა არ იყოს, მაგრამ საჭმელს მაინც არ გვაჭმევენ.

- უცემიათ ვინმე იმის გამო, რომ პირობა არ შეასრულა?

- დიახ, ამას გონიოში მომუშავე გოგონებიც დაადასტურებენ. ყოფილა შემთხვევები, ომერს აუყვანია ერთი ქალი ნომერში, არ მოსწონებია, უცემია და მეორე აუყვანია. ქალი როცა პრეტენზიას გამოხატავს კლიენტის წინაშე, ომერი ლანძღავს და ემუქრება.

- დაახლოებით რამდენი ქალია ამ საქმეში  ჩართული?

- ამ რესტორანშია ყველაზე ბევრი, 30-40 ქალი.

- რა ინციდენტი მოხდა გუშინ?

- ომერის მეგობარი ჩამოვიდა, სახელმწიფო მოხელე, ფასზე მოხდა უთანხმოება, მითხრეს, დააკელიო, არ დავუკელი, ერთი დაღესტანელი გოგოა, ომერს უთხრა, ასე იქცევაო, ჩემზე ლაპარაკობდნენ, ჩემი სახელი რომ გავიგონე, ჩამოვედი, ომერმა, გაჩუმდი, ჟურნალისტები არიან გარეთო და სახეში გამარტყა ძლიერად, მთელი დღე მტკიოდა სახე. 

- ომერს ვინმე მფარველობს საქართველოში?

- ეს არ ვიცი. ამ რესტორანში ქართველები არ დადიან, მხოლოდ - თურქები. ტაქსები, რომლის მძღოლებიც ქართველი ბიჭები იყვნენ, გაყარა, ორი ტაქსი იყიდა და თვითონ ამუშავებს.

- პოლიციელები მოსულან აქ?  

- არა, პოლიციელები არ მოდიან. პოლიციას ომერი არ მოსწონს, ყველამ იცის, როგორი ადამიანია, ერთი ქალის გამო ყველას გაყიდის.

- ვინ დადის თურქეთიდან თქვენს სასტუმროში, დადიან მაღალჩინოსნები?

- კი, მერებიც ჩამოდიან. მაგალითად, გუშინ ვისთანაც ვიჯექი, იყო ტრაპიზონის მერი.

- რა იცით იმ ქალის შესახებ, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო?

- არა, არ ვიცი. უზბეკებს მხოლოდ ვესალმები, არ ვიცნობ. არიან ქალები, რომლებიც მუშაობენ და კარგადაც იქცევიან. უზბეკები ხშირად სვამენ, მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ერთი ფეხმძიმე ქალიც მოვიდა, მაგრამ ცუდად ხდებოდა და გაუშვეს. მედინე პასპორტებს ართმევს და რომ დაუბრუნოს, ამისთვის 500 დოლარს სთხოვს. მე არ ვიცი უზბეკური და ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არიან გოგონები, რომლებიც რამდენიმე წელია აქედან არ წასულან, ბევრს გაქცევა უნდა, მაგრამ ვერ გარბის.

- თქვენ შეგიძლიათ წასვლადოკუმენტები წესრიგში გაქვთ?

- კი, შემიძლია. წელიწადნახევარი, ან ორი წელია აქ ვარ, მაგრამ მივდივარ და ისევ ჩამოვდივარ. მეც აქ ვმუშაობ, ერთ-ერთი მათგანი ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს, საზღვრებს არ უნდა გადახვიდე. ყველას ვეუბნები, რომ ჯანმრთელობას მოუფრთხილდნენ. მე ექიმი ვარ და ვიცი როგორ უნდა მოვიქცე.

- ომერმა რომ გაიგოს ჟურნალისტებს ელაპარაკე, რა შეიძლება მოხდეს?

- მე არ მეშინია. მე დავტოვე იქაურობა და მივდივარ. სახლში ვბრუნდები. დანარჩენს თქვენ მიხედეთ, გონიოლებმა და ბათუმელებმა.

 "ბათუმელები"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1657
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია