დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში
2013/04/20 00:18:42

პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაამტკიცა    ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, რომელიც სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების ვადებს ზღუდავს.

ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება 30 დღეში მიიღოს. თუმცა ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა 15 დღით გახანგრძლივდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს.

საკანონმდებლო ცვლილებებამდე, მაქსიმალური ვადა, რაც დროსაც სადავო აქტის შეჩერება შესაძლოა მომხდარიყო, 11 თვეს აღწევდა. 

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატებმა ცვლილებების მიღებისთვის დაასახელეს, უკავშირდება იმის პრევენციას, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ რეფორმას დაბრკოლება არ შეექმნას ამ აქტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების გზით.

სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის  მთავარ საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა წარმოადგენს და რომლის კატეგორიული წინააღმდეგია პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა, პარლამენტმა  5 აპრილს დაამტკიცა და პრეზიდენტს გაუგზავნა ხელმოსაწერად, რომელსაც ამ პროცედურისთვის ვადა 25 აპრილს ეწურება. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მიანიშნეს, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტო დაადოს მას.

„თქვენმა ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ამ კანონს ვეტოს დაადებენ, ხოლო თუ ვეტო დაიძლევა, ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ანუ გამოიყენებენ ყველა ხერხს იმისათვის, რომ კანონი რაც შეიძლება გვიან ამოქმედდეს. ეს ზიანს მიაყენებს ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ქვეყანას, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებას, ამიტომ საჭიროა მივიღოთ ეს პრევენციული ზომები, რომელიც ამის შესაძლებლობას არ მოგცემთ“, - განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ 17 აპრილს.

ნაციონალურმა მოძრაობამ მისი ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებაა, რომელიც ხელს შეუშლის საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია