დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავზებით ბენზინის შემოტანა 23 მაისიდან შეიზღუდება
2013/05/15 12:20:16

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოტანილი დაუბეგრავი საწვავის რეგლამენტირებას გეგმავს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მომზადდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შესაბამისი ბრძანება, რომელიც ძალაში შევა  23 მაისს.

ბრძანების მიხედვით,  სატრანსპორტო საშუალების ავზით შემოტანილი დაუბეგრავი საწვავის რეგლამენტირება ხდება. კერძოდ, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, დაუბეგრავად შემოიტანოს: სატრანსპორტო საშუალების სტრანდარტული ავზით საწვავი (ოდენობის შეუზღუდავად) კალენდარული თვის განმავლობაში 3-ჯერ, ხოლო ამაზე მეტჯერ შემოტანისას − მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მხოლოდ 10 ლიტრი, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მხოლოდ 20 ლიტრი.

რაც შეეხება ტრანზიტულად გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებებს, მოხდება მათი საწვავის ავზ(ებ)ის ნიშანდება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ით გადაადგილება.

აღნიშნული შეზღუდვები არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ახორციელებენ ტვირთის/მგზავრთა საერთაშორისო გადაზიდვას/გადაყვანას. ცვლილებები მომზადებულია ევროსაბჭოს რეგულაციების (ევროსაბჭოს რეგულაცია N918/83); და რიგი ქვეყნების გამოცდილების (ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი) გათვალისწინებით.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, დღეისათვის, საქართველოს კანონმდებლობით, გადასახადებისაგან თავისუფლდება საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემომსვლელი ის პირი, რომლის ავტოტრანსპორტის სტანდარტულ ავზში არსებული საწვავი, ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული.

„აღნიშნული ნორმა ზოგიერთი გადამხდელის მიერ გამოიყენება არაკეთილსინდისიერად. კერძოდ, ხდება აღნიშნული გზით შემოტანილი საწვავის უკანონო რეალიზაცია, რაც თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ნავთობპროდუქტების შემომტანი გადამხდელების ბრუნვასა და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლებზე.“– ნათქვამია განცხადებაში.

დიზელის საწვავის შემოტანა, ძირითადად, აზერბაიჯანიდან, საბაჟო-გამშვები პუნქტების, „წითელი ხიდის“ და „ლაგოდეხის“ გავლით ხორციელდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ავტოგასამართი სადგურები საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 8-10 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს და საწვავის შემომტანს ტრანსპორტირების ხარჯის გაწევა, ფაქტობრივად, არც უხდება. საწვავის შემომტანები არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც პროდუქტი საკუთარი ავტომანქანების (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი) ავზებით შემოაქვთ.

დღის განმავლობაში, ამ მეთოდით, წითელი ხიდისა და ლაგოდეხის ს.გ.პ. გავლით, ქვეყანაში საშუალოდ 100-დან 150-ტონამდე დიზელის საწვავი შემოდის. შემოტანილი საწვავის რეალიზაცია ხორციელდება როგორც საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში (მიწების დამუშავება, ხვნა-თესვა და ა.შ.) გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ საწვავის რეალიზაცია, ხშირ შემთხვევაში, კიდევ ერთი კანონდარღვევით - არა ბენზინგასამართი სადგურებიდან ხორციელდება.

შსს-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაფიქსირებული არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც კუთვნილი ავტომანქანების ავზებით შემოაქვთ საწვავი და მის რეალიზაციას სხვადასხვა პირებზე ახდენენ. კერძოდ, კახეთში დაფიქსირებულია 205 ფიზიკური პირი, ქვემო ქართლში − 200 ფიზიკური პირი, შიდა ქართლში და მცხეთა-მთიანეთში − 149 ფიზიკური პირი.

ამასთან, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ინვენტარიზაციების შედეგად, 4 ავტოგასამართ სადგურზე, ე.წ. TIR პარკებში, 22 ტონამდე აღურიცხავი საწვავი გამოვლინდა, რაც მოწმობს იმას, რომ აღნიშნულ საქმიანობას ტრანზიტით მოძრავი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ახორციელებენ.

ზემოაღნიშნული დარღვევების გამოვლენის მიზნით, უკანასკნელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის მიერ კონტროლი გამკაცრდა.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1699
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია