დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ დააჯარიმეს პარტიის მხარდამჭერები?
2012/04/30 14:15:45

პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერები და მხარდამჭერები ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს მიმართავენ და კონტროლის პალატის ქმედებებს აპროტესტებენ, რომელმაც პარტიის მიმართ განხორციელებული შემოწირულობების გამო პარტიის მხარდამჭერები დააჯარიმა.

 

„2012 წლის 27 აპრილს, 17 საათისთვის, კონტროლის პალატაში დანიშნულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება იმ პირების მიმართ, რომლებმაც განახორციელეს შემოწირულობები  პოლიტიკური  პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მიმართ... ეს ადამიანები მომავალს უკავშირებენ პარტიის მიზნებსა და ამოცანებს, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობის შეცვლისაკენ,“ - ნათქვამია პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელიც ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ოძელმა, კონტროლის პალატის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე წაიკითხა.

როგორც „განახლებული საქართველოსთვის“ ლიდერები აცხადებენ, შემოწირულობები პარტიის ანგარიშზე ჩაირიცხა 2011 წლის დეკემბრიდან 2012 წლის აპრილამდე პერიოდში, სრულიად გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით. კონტროლის პალატას გადაეცა შესაბამისი დეკლარაციები და კანონით დადგენილი სამი დღის განმავლობაში მონიტორინგის სამსახურს „განახლებული საქართველოს“ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. 2012 წლის 12 აპრილს ის პირები, რომლებმაც ამ პერიოდში თანხა გადაურიცხეს შემოწირულობის სახით, დაიბარეს  კონტროლის პალატაში და  მათ მიმართ გაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი და პარტია დააჯარიმეს შემოწირული თანხის ათმაგი ოდენობით, რაც კოლოსალური თანხებია.

„ეჭვგარეშეა, რომ კონტროლის პალატას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან იგი საგამოძიებო ორგანოთა კატეგორიას არ განეკუთვნება. თვით გამოკითხვის პროცესი ატარებდა მეტად დამამცირებელ და უკანონო ხასიათს,  პალატის თანამდებობის პირები გამოძახებულთა დაბნევის მიზნით, მრავალჯერ უსვამდნენ ერთსა და იმავე კითხვებს, ცდილობდნენ მათთვის სასურველი და არა რეალობის ამსახველი პასუხების მიღებას...“ - ნათქვამია  „განახლებული საქართველოსთვის“ განცხადებაში.

„დაგვკითხეს როგორც მოწმეები. მედავებოდნენ თანხის წარმოშობის კანონიერებას. ამდენი ხანი როდესაც გკითხავენ დამნაშავესავით იმის გამო, რომ შენ აკეთებ შენს არჩევანს, პარტიაში შეიტანო დანაზოგი შენი თანხიდან, - ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა... ეს არის სამარცხვინო, როდესაც ისეთ თანხაზე, როგორიც არის რვა ათასი ლარი, შეედავო ისეთ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობს და ქმნის რაღაცას... მე ისეთი ადამიანები მკითხავდნენ, რომელთაც წაკითხული არა აქვთ იმდენი წიგნი, რამდენიც მე დაწერილი მაქვს. თანაც, ისეთი თანხის ჩარიცხვაზეა საუბარი, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთ ღამეში ხარჯავენ რესტორანში,“ - განაცხადა ერთ-ერთმა შემომწირველმა, პარტიის რეგიონულმა მდივანმა ლაშა გვასალიამ. მისივე თქმით, ეს ჯარიმა, ალბათ, არ შეიცვლება, რადგან კონტროლის პალატა ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური იარაღი, რომელსაც იყენებს  სახელმწიფო პოლიტიკური მოწინააღმდეგის დასჯისათვის.

„რომელ საარჩევნო გარემოზე შეიძლება იყოს ლაპარაკი ან თანასწორუფლებიანობის პრინციპზე, როდესაც სახელმწიფო ასეთ კაბალურ პირობებს აწესებს... ფაქტობრივად, დიპლომატიურმა კორპუსმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით, რომ ის აჭარბებს კიდეც თავის უფლებამოსილებას გარკვეული თვალსაზრისით და ითავსებს საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც. თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებაში, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს ფუნქციონირება. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა - შოკოლადის ფილა რომ შესთავაზო და უბრალოდ მოიკითხო ამომრჩეველი, კრიმინალურად დასჯადი ქმედებაა. ამ პირობებში რომელ დემოკრატიაზეა ლაპარაკი და რომელ სამართლიანობის პრინციპზეა საუბარი. უმძიმესი ბრძოლით მივდივართ ოქტომბრის არჩევნებამდე,“ - ამბობს პარტიის  მედიასთან და საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი. 

ადმინისტრაციული სამართალწარმოების დასრულების შემდეგ  გიორგი ოძელი აქტის სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს. პარტია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უფლებადამცველ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს დაუყოვნებლივ რეაგირებას სთხოვს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია