დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ არის ყოფილი პოლიტპატიმარი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი?
2012/03/26 14:19:54

ალბათ, ქუთაისში ბევრს ახსოვს, როგორ ყვებოდნენ 1993 წლის დაძაბულ დღეებში მავანნი: ქალაქიდან გაქცეულმა ცნობილმა ზვიადისტმა ომარ კერესელიძემ თემურ შაშიაშვილს ასე შემოუთვალა - მალე დავბრუნდები გუბერნატორად და შენს კაბინეტში ვიცეკვებო.

ამ ჭორ-მართლის ავტორებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კერესელიძის 90-იანი წლების პოლიტიკური ბიოგრაფია კი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

 

საბრძოლო მოკვლევაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ეროვნული გვარდიის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ვახტანგ (ლოთი) ქობალია (გაცემულია 2006 წელს), აღნიშნულია:

„კერესელიძე ომარი გრიგოლის ძე 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვრის პერიოდში, თბილისის მოვლენების დროს, იბრძოდა კანონიერი ხელისუფლების დასაცავად მოხალისეთა რიგებში. 1991 წლის 24 დეკემბრიდან 1992 წლის 6 იანვრის ჩათვლით ირიცხებოდა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას და უზენაესი საბჭოს დაცვით სამსახურში. 1993 წლის 22 სექტემბერს  მოხალისედ გაემგზავრა აფხაზეთის კონფლიქტისათვის მიმდინარე ბრძოლებში. ჩაირიცხა საქართველოს ეროვნული გვარდიის გურია-იმერეთის პოლკში, საინჟინრო სამსახურში კაპიტნის ჩინით. მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში აბაშის რაიონში, მდინარე ნოღელასთან - ბალტინის შენაერთების წინააღმდეგ. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგ, გვარდიის სარდლობის მითითების შესაბამისად, მონაწილეობდა დაბა ჯვარზენთან, შემდეგ კი ჭუბერის გადასასვლელზე ტრაგიკულ მდგომარეობაში ჩავარდნილი, აფხაზეთიდან გამოდევნილი ხალხის გადასარჩენად წარმოებულ ოპერაციებში.“

ამ მოკლედ შედგენილი საბრძოლო მოკვლევის გარდა, ომარ კერესელიძის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც, რატომღაც, ოფიციალურად ამოაგდეს მისი ბიოგრაფიიდან:

1993 წელს, როცა ზვიად გამსახურდია საქართველოდან განდევნეს, ბუნკერში მყოფი ომარ კერესელიძე ორი წლით აღმოჩნდა ქუთაისის ციხეში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს იგი ქვეყნიდან გაქცეული თუ შაშიაშვილთან რევანშისთვის მზადმყოფი რომ ეგონა, სინამდვილეში, პატიმრობაში იმყოფებოდა.

როგორც თვითონ ყვება, თავიდან სამშობლოს ღალატის ბრალდება წაუყენეს. დაპატიმრების პირველი ორი-სამი თვე იყო მძაფრი - როცა დაკითხვები მიმდინარეობდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. შემდეგ სულ მიატოვეს და ექვსი თვის შემდეგ შიმშილობაც კი გამოაცხადა, რომ  მისი საქმის გამოძიება ეწარმოებინათ. „როცა გაიგეს, რომ დაპატიმრებამდე წარმოების გენერალური დირექტორი ვიყავი, იფიქრეს, რაიმე შეეთხზათ სამეურნეო დანაშაულის კუთხით. რვა თვე იმუშავეს ამაზე, რვა თვის შემდეგ ჩატარდა სასამართლო ქუთაისში. პროკურორმა მოითხოვა ერთი წლით პატიმრობა. რვა თვე უკვე გასული იყო და მოსამართლეს შეეძლო, დარბაზიდან გავეთავისუფლებინე - მითუმეტეს, ვერანაირი დამამტკიცებელი საბუთი ჩემი დანაშაულის შესახებ ვერ წარმოადგინეს. ამის ნაცვლად, მოსამართლემ ჩემი საქმე ძიებაში დააბრუნა და კიდევ ერთი წელი დავყავი პატიმრობაში.“

ნაპატიმრალმა მეცნიერმა, პედაგოგმა და სამეურნეო ხელმძღვანელმა როცა 2007 წელს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიაკითხა ცნობისათვის, რომ ორი წელი იჯდა საპატიმროში (რეპრესიების მსხვერპლის სტატუსისათვის სჭირდებოდა), იქ მისცეს ცნობა, რომ „საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით, იგი არ არის ნასამართლევი და ძიებაში არ იმყოფება.“ 

რა მოხდა შემდეგ?

ომარ კერესელიძე გვიამბობს:

„ რეპრესირებულის სტატუსის მოსანიჭებლად აუცილებელია ოთხი იურიდიული მოქმედების (ფაქტობრივი გარემოების) შესრულება პიროვნების მიმართ და, როცა აღნიშნულის მისაღებად მივმართე სასამართლოს, ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მიმითითა, რომ შესრულებულია სამი, დარჩენილია ერთი - სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან არასწორი ზემოქმედება, რაც გამოიხატება ზეწოლით, მაგალითად, სამსახურიდან გათავისუფლებით, არასწორად მიყენებული ბრალდებით, დაპატიმრებით და სხვა. ამაზე უნდა არსებობდეს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

მე დიდხანს ვიკავებდი თავს იმის გამო, რომ მაშინდელი ხელისუფლების (ედუარდ შევარდნაძის მთავრობის) ადგილობრივი შემსრულებელი - ქალაქის მერი თეიმურაზ შაშიაშვილი გახლდათ რეპრესიების უშუალო შემოქმედი. პატიმრობიდან ჩემი გათავისუფლების შემდეგ, როცა თეიმურაზ შაშიაშვილი დარწმუნდა მის არასწორ ქმედებაში და მიხვდა, რომ დაუჯერა ყალბი ინფორმაციის მიმწოდებლებს და არასწორად მომექცა, ბოდიშიც მოიხადა და წარდგინებაც მომცა ახალ სამსახურში: ახლადშექმნილი ანტიკორუფციული საბჭოს აღმასრულებელ მდივნად ორი წლის მოღვაწეობის შემდეგ, მისი ინიციატივით , დავინიშნე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის კვების პროდუქციის ხარისხის ინსპექციის უფროსის თანამდებობაზე, სადაც ვმუშაობდი 2005 წლამდე 5 წლის განმავლობაში, მის ლიკვიდაციამდე (როცა საერთოდ გაუქმდა მაკონტროლებელი ორგანოები: სახსტანდარტი, სანეპიდსადგური და ჩვენი ხარისხის ინსპექცია). დიახ, სწორედ შაშიაშვილის გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ იძულებული გავხდი, რომ რეპრესირებულის სტატუსის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტი მიმეღო ოფიციალურად სასამართლოს გადაწყვეტილების სახით.

2011 წლის 21 ოქტომბერს შეტანილი სარჩელის საფუძველზე, ქუთაისის სასამართლომ (საქმე ?3/356-11წ) მიიღო გადაწყვეტილება: „მოქალაქე ომარ კერესელიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს - ქ. ქუთაისის მერიის 1993 წლის 1 ნოემბრის ?674 განკარგულება მისი გამოცემის მომენტიდან გამოცხადდეს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად.“

აღნიშნული გადაწყვეტილება, ჩატარებული სასამართლოს ძიების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ ქუთაისის მერს არ ჰქონდა უფლება, გამოეცა თანამდებობიდან ჩემს გადაყენებასთან დაკავშირებული განკარგულება, რის გამოც ჩათვალა, რომ აქტი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოსა და თანამდებობის პირის მიერ და მოითხოვს არარა აქტად აღიარებას.

აღსრულდა ის, რასაც წლების განმავლობაში მოვითხოვთ: ახალგაზრდა მოსამართლემ, ბატონმა გოჩა ფუტკარაძემ გამოიტანა ობიექტური, იურიდიულად დასაბუთებული, სწორი გადაწყვეტილება, რაც, ჩემი აზრით, მის მაღალ პროფესიონალიზმსა და პრინციპულობაზე მიუთითებს.

სასამართლო გადაწყვეტილება,  რომელიც მე ახლახან მივიღე და რომლის საფუძველზეც უდავოდ ვითვლები პოლიტიკური მოვლენების რეპრესიების მსხვერპლად, ალბათ, განსაკუთრებით სასიხარულო მოვლენაა ჩემი ათეულობით ყოფილი თანამშრომლისათვის, დღეს უმუშევრად რომ არის დარჩენილი. იმედია, ისინი ნამდვილად დარწმუნდნენ, რომ ქუთაისის სამშენებლო და არამადნეული მასალების კომბინატი, რომელშიც შედიოდა დასავლეთ საქართველოში მდებარე 9 ქარხანა (მათ შორის 3 - აფხაზეთში, 1 - აჭარაში, დანარჩენი კი - იმერეთის რეგიონში), არ ექვემდებარებოდა სხვა ფორმით გადაკეთებას (სააქციო საზოგადოება და სხვა), მათ შორის ქუთაისის ქარხანა კი არასწორად იქნა სახელმწიფოსაგან წაღებული იქ მოკალათებული რამდენიმე პიროვნების მცდელობით. მათ გვერდში ედგნენ დამნაშავეთა სამყაროს (ქურდული კლანის) წარმომადგენლები, ისარგებლეს იმით, რომ იქ არ ვიმყოფებოდი და საწარმო პირად საკუთრებად გადააქციეს, ხოლო ფაქტობრივი მეპატრონე - ყოფილი მუშა-მოსამსახურეები, თავდაპირველად, აქციონერებად ჩათვალეს, შემდეგ კი საერთოდ უარი უთხრეს იმ მინიმალურ ანაზღაურებაზეც, რაც მინიჭებული აქციებით ეკუთვნოდათ.“

დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელს, სამეცნიერო კონსულტანტს, ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს კვების მრეწველობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, არასამთავრობო სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციის - „ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების წარმოებაზე მორინტორინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრის“ პრეზიდენტს, ბატონ ომარ კერესელიძეს მიაჩნია:

„ეს სასამართლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, როგორ უნდა მოქმედებდეს თითოეული მოსამართლე ქვეყანაში მიმდინარე, ეკონომიკურ-ფინანსურ პერიოდში, რომ ხალხმა, ჩვეულებრივმა მოქალაქემ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1623
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია