დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ფიქტიური კომპანიები ფლობენ
2013/02/06 15:27:49

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს ეხება და 2012 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა „ინტერნეტის თავისუფლება – ვინ აკონტროლებს საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორს?“ არასამთავრობო ორგანიზაცია შემდეგ ტენდენციებზე საუბრობს:

საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ფიქტიური კომპანიები ფლობენ, რაც ხშირად რთულს, ზოგჯერ კი შეუძლებელს ხდის ბენეფიციარი მფლობელების ვინაობის დადგენას. ორგანიზაციის მიერ მოძიებული ფაქტები საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ „კავკასუს ონლაინის“ 50% და „ბილაინის“ 49% ერთსა და იმავე დაუდგენელ პირებს ეკუთვნით, რომლებიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიის უკან იმალებიან. აღნიშნულმა პირებმა საკუთარ წარმომადგენლად ლევან ყარამანიშვილი დანიშნეს, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს წილებს „რუსთავი 2“-სა და „მზეში“. ყარამანიშვილი რესტორნების ქსელ „GMC ჯგუფთანაც“ არის დაკავშირებული და სხვა რამდენიმე ბიზნეს საქმიანობაშიც არის ჩართული.

ამასთან, კომპანიები მომხმარებლებს მონაცემთა შეგროვების, შენახვისა და მათი დაცულობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიან. ისინი არ განმარტავენ, თუ რა შემთხვევებში შეიძლება მოხდეს აღნიშნული ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემა.

ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუზღუდავი წვდომა აქვს სატელეკომუნიკაციო კომპანიების ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეუძლებელს ხდის ელექტრონული კომუნიკაციის მეთვალყურეობაზე კანონით გათვალისწინებული სასამართლო ზედამხედველობის პრაქტიკის დანერგვას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ბოლო პერიოდში ამ მაჩვენებლის ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება. ინტერნეტს ყოველდღიურად ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი (24%) მოიხმარს, 8% კი ქსელში კვირაში ერთხელ მაინც შედის. ყოველი ათიდან დაახლოებით ხუთი მოქალაქე, ანუ მოსახლეობის 58%, ინტერნეტით საერთოდ არ სარგებლობს.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოსახლეობაში ახალი ტექნოლოგიების მოხმარების შესახებ უნარების ასამაღლებლად მეტი ღონისძიება უნდა ჩაატაროს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს, დააყენოს საკანონმდებლო ცვლილებების გატარების საკითხი, რომელიც მაუწყებლების მსგავსად, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას დაქვემდებარებულ მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტ პროვაიდერებსაც მოსთხოვს ბენეფიციარ მფლობელთა ვინაობის გამჟღავნებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია