დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აცდება თუ არა ქუთაისი პარტიული ნიშნით დანიშნულ კიდევ ერთ მერს?
2013/05/13 13:53:10

ქუთაისი ახალი მერის მოლოდინშია. პირველად ქალაქის თავს კონკურსის წესით შეარჩევენ. გამარჯვებულს საკრებულოში ახლადშექმნილი მუდმივმოქმედი კომისია დაასახელებს. ქალაქის ახალი მერის ვინაობა თვის ბოლოს გახდება ცნობილი.

 

საატესტაციო-საკონკურსო კომისიაში კანდიდატურების განხილვა 15 მაისიდან დაიწყება. სწორედ ამ დროს იწურება განაცხადების შეტანის ვადა. მომდევნო ეტაპი კი დოკუმენტაციის განხილვასა და შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას დაეთმობა.

მერობის მსურველი ბევრია, განურჩევლად ასაკისა, სქესისა და საცხოვრებელი ადგილისა. მერის სავარძლის დაკავების  სურვილს საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან გამოთქვამენ. მერობა სურთ ქალბატონებს და ახალკურს-დამთავრებულებს. განსაკუთრებით აქტიურობენ თბილისში მცხოვრები მოქალაქეები. 10 მაისის 18 საათის მდგომარეობით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში 50 განაცხადია შესული.

 

კომისიის წევრების თქმით, ასეთი მაღალი აქტივობა მათთვის მოულოდნელია.

ქალაქის მერის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გადაბირებულმა „ნაციონალებმა“ 12 აპრილს თავისივე თანაგუნდელი, ბესიკ ბრეგაძე იმპიჩმენტის წესით გადააყენეს. ყოფილი „ნაციონალები“ მაშინ აცხადებდნენ, რომ პარტიული ნიშნით თანამდებობებზე დანიშვნის დრო დასრულდა. კიდევ ერთი „მოკლევადიანი“ მერის გადაყენებიდან ერთ თვეში კი მერის არჩევის გამჭვირვალობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კომისიაში დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობა ეჭვს იწვევს თავად მისი შემადგენლობის გამო, რადგან საკრებულოში შექმნილი საატესტაციო-საკონკურსო კომისია მხოლოდ მმართველი გუნდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, შიგ არ მოხვდა საკრებულოს ოპოზიცია. აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობას სრულ უნდობლობას  უცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ და ამბობს, რომ მერობის მსურველთა კონკურსი მხოლოდ ფარსია.  რეალურად კი  იგი ვიწრო პარტიულ მიზნებს ემსახურება.

„კომისია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არ იღებენ მონაწილეობას, ვერ იქნება ობიექტური. აქ არ არიან არც ავტორიტეტული არასამთავრობოები. ყველაფერი მხოლოდ ერთ ვიწრო პარტიულ მიზანს ემსახურება,“ - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი  ვახტანგ ბალავაძე.

გუბერნატორის მოსაზრებას იზიარებენ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი  წარმომადგენლებიც.

„საერთოდ უნდობლობას ვუცხადებთ მთელ ამ პროცესს. ეჭვი არ მეპარება, რომ კომისია იქნება არაობიექტური. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პოზიციას  შეიცვლის, პირობას გაძლევთ, ბოდიშს მოვიხდით,“ - აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გია უკლება.

ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე კომისიის მუშაობის გამჭვირვალობა კითხვებს არ იწვევს თავად კომისიის წევრებში. საკრებულოს წევრი და  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ  კომისიის შემადგენლობაში მოხვედრა ოპოზიციისთვის არავის აუკრძალავს. მათ თავად არ ისურვეს კომისიაში ყოფნა.

„თუ იყო შემთხვევა, რომ მიმართეს კომისიას და მარგველაშვილმა უარი უთხრა, გამოვიდნენ და თქვან. მაგრამ ასეთი ფაქტი არ ყოფილა. მათ საერთოდ არ აქვთ მორალური უფლება, გამოთქვან პრეტენზია ნებისმიერი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. წლები ვითხოვდი მიწის კომისიაში შეყვანას და ყოველთვის დაუსაბუთებელ უარს ვიღებდი მათგან. ახლა შეგნებულად მოიხსნეს პასუხისმგებლობა და გვაკრიტიკებენ,“ - ამბობს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.

იმავეს ადასტურებს საკრებულოსა და კომისიის თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი. მისი  თქმით, კომისიაში მოხვედრა განცხადების საფუძველზე იყო შესაძლებელი. „ნაციონალებს“ კი ამ საშუალებისთვის არ მიუმართავთ და არც პირად საუბრებში გამოუთქვამთ სურვილი, ჩართულიყვნენ ქალაქის მერის არჩევაში.

„ვადასტურებ, რომ მათი განცხადება არ შემოსულა. მე ვერ ვხვდები, რატომ აყენებთ ეჭქვეშ იმ არასამთავრობოების სანდოობას, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში შედიან?! არ არიან ისინი გამჭვირვალობის გარანტი? - კითხულობს თამაზ მარგველაშვილი.

კომისიის ერთ-ერთი წევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ალიანსი გამჭვირვალე თვითმმართველობისთვის“ წარმომადგენელი ზურაბ ხურციძე კომისიის მუშაობაში არადემოკრატიულ ნიშნებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ იგი ოპტიმალურადაა დაკომპლექტებული.

„კომისიის შემადგენლობა აბსოლუტურად მისაღებია. მე ვიძლევი პირობას, რომ თუ არ იქნება ქმედითი, მე დავტოვებ მას,“ - ამბობს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ზურაბ ხურციძე.

კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, კერძო საუბრებში, განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამენ სხვა წევრები. მათი თქმით, კომისიის წევრთა შერჩევა თამაზ მარგველაშვილის პირადი პრეროგატივა იყო. ზოგ შემთხვევაში მოქმედებდა პირადი ნაცნობობის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციებიც. ამას ემატება კომისიის წევრთა საჯარო განცხადებები იმის შესახებ, რომ კომისიის წევრები ერთმანეთს ახლოს არ იცნობენ.

აქედან გამომდინარე, შეკითხვები ჩნდება არამხოლოდ კომისიის დაკომპლექტებასთან, არამედ მისი მუშაობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მითუმეტეს მაშინ, როცა საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე უკევ გაჟღერდა არაერთი ფავორიტი კანდიდატის ვინაობა. მერობის კანდიდატები თავიანთი სამოქმედო პროგრამების საჯაროდ განხილვასაც არ ერიდებიან.

უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ მომავალი მერის პოსტზე ერთ-ერთ ფავორიტად ქალაქის ყოფილი მერი ბაკურ ბალანჩივაძე განიხილება.  ფავორიტების სიაში შედიან ასევე „ქართული ოცნების“ პარტიული წევრები: თემურ ნადირაძე, ნუგზარ უგულავა და გურამ ტოროშელიძე. მერობის სურვილს გამოთქვამს სამი ცნობილი ქუთაისელი ტყუპი ძმიდან ერთ-ერთი - ბიზნესმენი ავთანდილ კაჭახიძე. კაჭახიძეს მიაჩნია, რომ ქალაქის განვითარებისთვის უმთავრესია ბიზნესის ხელშეწყობა.

„ბიზნესს სჭირდება განვითარება. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ქალაქის მერი უნდა იყოს არა პოლიტიკოსი, არამედ - კარგი მეურნე,“ - ამბობს მერობის კანდიდატი ავთანდილ კაჭახიძე. 

ქუთაისში მეურნეობის განვითარება უპირველეს პრიორიტეტად მიაჩნია ქუთაისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს ხატია მედვედევას.

„განათლება და მეურნეობის განვითარება - ეს არის უპირველესი, რასაც ქალაქმა უნდა მიაღწიოს,“ - ასე თვლის ხატია მედვედევა.

ქალაქის სათავეში მოსვლის შემთხვევაში ქუთაისისთვის სამრეწველო ფუნქციის დაბრუნებას აპირებს მწერალი და ჟურნალისტი ლია გვენეტაძე.

„ქუთაისი უნდა იქცეს სამრეწველო ქალაქად. ასევე  მნიშვნელოვანია მისთვის საუნივერსიტეტო-სამეცნიერო ქალაქის სტატუსის აღდგენა,“ - მიაჩნია მერობის ერთ-ერთ კანდიდატს ლია გვენეტაძეს.

მიუახლოვდებიან თუ არა მერის სავარძელს ე.წ. ფავორიტი კანდიდატები, ეს უახლოეს დღეებში, კონკურსის მეორე ეტაპზე გახდება ცნობილი. საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებიდან რამდენიმე დღეში „მეორე ტურის“ კანდიდატები დასახელდებიან, რომლებიც კომისიაში ინდივიდუალურ გასაუბრებას გაივლიან. კომისიის წევრთა თქმით, გასაუბრებისთვის  10-დან 15-მდე კანდიდატი შეირჩევა, რასაც კონკურსის გამარჯვებულის დასახელება მოჰყვება. გამარჯვებული კანდიდატი საკრებულოს დასამტკიცებლად ორ კვირაში წარედგინება.

უკვე ცნობილია ჯერ არარჩეული მერის პირველი სამუშაო დღის განრიგიც. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კულუარებში ამბობენ, მერიაში რამდენიმე დღის წინ დაწყებულ სამსახურების გაერთიანების პროცესს, მერის დანიშვნის შემდეგ, სამსახურის უფროსებისა და თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლება მოჰყვება. კულუარული ინფორმაციით, ახალი მერი მერიის თანამშრომლების 15 პროცენტს „შეიწირავს“.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1800
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია