დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ძალიან მძიმე სამუშაო ყოფილა მაჟორიტარობა“
2011/03/21 12:59:44

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა გეწაძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესიით არის ქირურგი. თავისი სპეციალობით  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მხოლოდ 4 წელი იმუშავა.  თვლის, რომ არის მაქსიმალურად გულისხმიერი და ლმობიერი ადამიანი. ნაციონალური მოძრაობის წევრია, ამავდროულად, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.  

 

ნაწილი პირველი - უჰალსტუხოდ

 

- თქვენი ცხოვრების მთავარი კრედო რა არის? 

- ჩემი მთავარი კრედო რაც არის, სწორედ იმ საქმეს ვაკეთებ ახლა. ჩემი სატკივარი ყოველთვის სამშობლო იყო და და ახლაც მის სამსახურში ვარ. 

- რა პროფესიული გზა განვლეთ, ვიდრე მაჟორიტარი დეპუტატი გახ-დებოდით?

- ნაციონალური მოძრაობის ჩამოყალიბებიდან დაწყებული, თითქმის  ყველა რევოლუცია გავიარე, შესაბამისად მქონდა  პრეტენზია, რომ ჩავმდგარიყავი  მათ  სამსახურში და ვყოფილიყავი იმ ადამიანების  გვერდით, რომლებიც ჩვენს სამშობლოს გამოიყვანდა  იმ კრიზისიდან რაც იმ პერიოდში იყო საქართველოში. ამიტომაც ვარ ნაციონალური მოძრაობის და პარლამენტის წევრი. მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება.

- სამაგიდო წიგნი თუ გაქვთ და თუ გახსოვთ, ამ ბოლო ხანს რა წაიკითხეთ?

- წიგნისათვის ამ ბოლო დროს რატომღაც ვეღარ ვიცლი. ჩემი სამაგიდო წიგნი ამ ეტაპზე ის საბუთები და დოკუმენტებია, რომელიც ჩემს საქმეს ჭირდება.

- გაზეთებს თუ ეცნობით და რომელს უფრო ენდობით?

- ხშირად არ ვკითხულობ გაზეთს, უფრო ტელევიზიას ვირჩევ, საინფორმაციო გამოშვებებით უფრო ვინტერესდები. ამიტომ ვერც იმას ვიტყვი, რომელიმე გაზეთს ვენდობი თუ არა, ან რამდენად ობიექტურია რომელიმე მათგანი.

- ზესტაფონში თუ არსებობს დამოუკიდებელი გაზეთი და თუ ეცნობით, საერთოდ, ადგილობრივ პრესას?

- როგორც ვიცი, რაღაც გაზეთი გამოდიოდა ზესტაფონში. ამჟამად არ ვიცი, არსებობს თუ არა. იქაც ტელევიზიაზე მაქვს ძირითადი აქცენტი. გვაქვს ადგილობრივი ტელევიზია, რომელთანაც მჭიდროდ ვთანამშრომლობ. ჩემი აზრით, ტელევიზიის მეშვეობით უფრო ადვილია გაავრცელო ხალხში ესა თუ ის ნიუსი და საჭირბოროტო საკითხები.

- თქვენი საყვარელი ფრაზა თუ გაქვთ, რომელსაც ხშირად იყენებთ საუბრისას?

- ნამდვილად არ დავკვირვებივარ, სიმართლე გითხრათ, ფრაზებს საუბრისას. ერთიდაიგივე სიტყვებს, მე მგონი, რომ არ ვიყენებ ხშირად. ერთი სიტყვით, საყვარელი ფრაზა არ მაქვს.

- როგორია თქვენი ქონებრივი მდგომარეობა, რა ქონების პატრონი ბრძანდებით?

- უქონლობას არც არასდროს უჩიოდა ჩემი ოჯახი  და დღესაც ნორმალურად ვცხოვრობთ. არ ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ჩემს ოჯახს ნამდვილად ჰყოფნის. მაქვს საკუთარი ბინა თბილისში და სახლი ზესტაფონში. მყავს BMW X5-ის მარკის ავტომობილი.

- საბანკო ანგარიშზე რა თანხა გიდევთ?

- არც ისე ბევრი, დაახლოებით 20 000 ლარი მაქვს.

- რომელი ფირმის ტანისამოსს, ფეხსაცმელსა და სუნამოს იყენებთ?

- ვცდილობ ხოლმე, კარგი ბრენდის ტანისამოსი მეცვას, სუნამოსაც კარგი ბრენდისას ვხმარობ. მაგრამ ერთ ბრენდზე არ ვარ ჩამოკიდებული. ვხმარობ იმას, რაც მიხდება და ჩემთვის მისაღებია.

- ჰალსტუხი გიყვართ, თუ მას თანამდებობრივი მდგომარეობის გამო ხმარობთ?

- მხოლოდ პარლამენტის სხდომებზე და ოფიციალურ შეხვედრებზე ვხმარობ ჰალსტუხს.

- ჭორები თუ გაგიგიათ თქვენს შესახებ და რა რეაქცია გაქვთ? შეგიძლიათ, რამე კონკრეტული გაიხსენოთ ამ მხრივ?

- ძალიან ბევრი, თავიდან ძალიან მწყინდა, როცა რაღაც ჭორს გავიგებდი, რომელიც საერთოდ არ იყო ბუნებაში. ახლა ამას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, იმიტომ, რომ ვერანაირად ვერ გამოვასწორებ. ჯერ ისეთი ჭორი არ ყოფილა, რომელზეც ძალიან მენერვიულა. უბრალოდ, როცა ადამიანი  ცდილობ, რომ გააკეთო რაღაც  კარგი,  მიყვები შენი ცხოვრების მიმართულებას და მერე საპირისპირო ჭორს გებულობ, ყველაზე მეტად ეგ გაღიზიანებს.

 

ნაწილი მეორა - ჰალსტუხით

- რა იყო თქვენი წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი სლოგანი?

- „საქართველო სიღარიბის გარეშე“ - ეს იყო ჩემი სლოგანი. იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვიყავი ზესტაფონის რაიონში. მქონდა რამდენიმე საკითხი, რომლითაც ხალხთან მივდიოდი. ეს იყო სოციალური  და ინფრასტრუქტურის  საკითხები რაიონში. მინდოდა, რომ ზესტაფონი გამხდარიყო ისეთივე სტუმართმოყვარე ქალაქი, როგორიც იყო ადრე. მინდა ამ ქალაქში ყველამ შემოიაროს და შემოვლითი გზით არ აუაროს გევრდი.

- გაიხსენეთ თქვენი  საარჩევნო დაპირებები და ერთად გადავამოწმოთ, რისი გაკეთება შეძელით და რისი - ვერა.

- ძალიან ბევრი დაპირება უკვე შესრულებულია. რაღაც-რაღაცეები მაქვს შესასრულებელი, მაგრამ გეგმა ისე მაქვს გაწერილი, რომ როცა ჩემი სადეპუტატო ვადა ამოიწურება, იმ პერიოდისათვის, ალბათ, 99 პროცენტი იქნება შესრულებული. ეს ძალიან დიდი პროცენტია, დამერწმუნეთ.

- რა საკითხები დააყენეთ პარლამენტში თქვენი მაჟორიტარობის პერიოდში?

- პარლამენტში ვმუშაობ ორ კომიტეტში. ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტებში, სადაც ჩვეულებრივად ვაყენებთ საკითხებს ჯანდაცვის კუთხით. ვარ ერთერთი აქტიური ადამიანი ვინც საზღვრავს პოლიტიკას სპორტის და ახალგაზრდობის კუთხითაც. თუ რამე კეთდება სპორტში და შეიცვალა, ამავდროულად ძალიან ბევრი ჩემი ინიციატივა იყო. ჩემი რაიონის სატკივარი ყოველთვის მიმქონდა გულთან, ეს იყო ფეროს საკითხი,  რომელიც საკმაოდ რთულია და ეკოლოგიაზე მოქმედებს, ეს საკითხი დაყენებული გვაქვს. ასევე მრავალი მიმდინარე პროცესი და ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლებიც დაფინანსებას მოითხოვს. ვმუშაობ იმისათვის, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მაქსიმალური დაფინანსება წამოვიღო, რათა გაკეთდეს ის დანაპირები, რაც გვქონდა მე და ნაციონალურ მოძრაობას ხალხის მიმართ.

- რა მიგაჩნიათ თქვენი საარჩევნო ოლქის, ამ შემთხვევაში ზესტაფონის უპირველესად მოსაგვარებელ პრობლემად?

- ყველაზე მთავარი ისევ ინფრასტრუქტურული პროექტები არის. ასევე ქალაქისათვის წყლის მიწოდებების პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გავაკეთო ერთი გზა, რომელსაც დავპირდი ადამიანებს. ეს არის 15 კილომეტრიანი გზა, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სამი წელია ვიბრძვი ამისთვის და ვფიქრობ, გაზაფხულის ბოლოსათვის დავიწყებთ ამ გზის მშენებლობას.

- მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობა, ალბათ, სპეციფიურია და როგორ მუშაობთ ამომრჩევლებთან?

- ძალიან მძიმე სამუშაო ყოფილა მაჟორიტარობა. წინა მოწვევის პარლამენტში  ვიყავი ჩვეულებრივი სიით დეპუტატი და მინდა გითხრათ, რომ რადიკალურად განსხვავდება იმ მდგომარეობისაგან, როგორშიც ვიყავი წინა პარლამენტში.

- ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ თქვენი ამომრჩევლები?თუ ახერხებთ დახმარებას?

- ძალიან ბევრი პრობლემით მომმართავენ, ეს იქნება სამედიცინო თვალსაზრისით დახმარება, ოპერაციები, დასახლების თუ სახლის პრობლემები, ინფრასტრუქტურული საკითხები, ზოგს პატიმარი ჰყავს და შეწყალება უნდა. მაქსიმალურად ვცდილობ, მოვეხმარო ადამიანებს, თვითონ ბუნება მაქვს ისეთი, რომ არ შემიძლია, უარი ვუთხრა, მით უმეტეს, თუ იმ საქმის გაკეთება შემიძლია.

- თანამშრომლობთ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ამომრჩეველთა პრობლემების გადასაჭრელად?

- ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ არ იყოს, ალბათ ბევრ საქმეს ვერ მოვაგვარებდი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ ხალხისათვის. იმათი პირდაპირი მოვალეობაა, ჩაერიონ იმ პროექტებში, რაც მათ ევალებათ. თვითმართველობა ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსწორდეს სიტუაცია თავის სამოქმედო არეალში.

- თუ გახსენდებათ საქმე, რომელიც მაჟორიტარობის პერიოდში გააკეთეთ ამომრჩევლისთვის და ყველაზე მეტად გეამაყებათ?

- ესე კონკრეტულად ვერცერთს გამოვყოფ. ძალიან ბევრი დახმარება გამიწევია სამედიცინო თვალსაზრისით. ასევე ქალაქში გავაუმჯობესე წყლის მიწოდება, გავაკეთე ბევრი გზა. ასევე ხალხი ითხოვდა ბავშვებისათვის სპორტის სასახლეს, გავაკეთე ცენტრალური პარკი, გავხსენი სკვერები. მინდა ქალაქს დაემსგავსოს ზესტაფონი. ეს პროექტები ზოგიც დამთავრებულია, ზოგიც დაწყებულია ან კეთების პროცესშია. ასევე მოსახლეობას მოვუგვარეთ გაზმომარაგების  და ელექტროენერგიის პრობლემა. ეს ყველა პროექტი მეამაყება და ვუყურებ, როგორც ჩემს საკუთარ შვილს. მინდა, რომ მაქსიმალურად ბევრი გაკეთდეს ჩემს საარჩევნო ვადაში. როცა დამთავრდება ჩემი მაჟორიტარობის ვადა, მინდა  ამაყად გადავხედო მთელს ზესტაფონს.

- რამდენად გულწრფელი იყავით ინტერვიუს დროს?

- სავსებით გულწრფელი.

- შეაფასეთ თქვენი გულწრფელობა 10 ბალიანი შკალით. რა ნიშანს იმსახურებთ?

- გულწრფელობაში 10-იანი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1566
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია