დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის რამდენიმე შეკითხვა საქართველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს
2012/04/23 11:59:50

- ბატონო გიორგი, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, მაინც რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში?

- მინდა გითხრათ, რომ 2010 და 2011 წელი მაინდამაინც ერთმანეთისგან განსხვავებული არ ყოფილა. 2011 წელს ხშირი იყო მომართვები თავისუფლებააღკვეთილი პირების მხრიდან.  განსაკუთრებით ხშირი იყო პატიმრების საჩივრები, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციასთან მიმართებაში და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იყო არაერთი საჩივარი  სხვადასხვა შეზღუდვების შესახებ, რასაც კანონი ითვალისწინებს. არაერთი მომართვა იყო უკანონო დასჯის მეთოდების გამოყენების გამო. ძალიან ხშირი იყო იძულებით გადაადგილებული პირების მხრიდან მომართვები, რაც დაკავშირებული გახლდათ, როგორც მათ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან, ასევე საყოფაცხოვრებო პრობლემებთან; ასევე - პრივატიზებისა და რეაბილიტაციის პროცესთან, კომპენსაციებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი მომართვა იყო, რომელიც ეხებოდა 26 მაისის აქციების მონაწილეებს, დაკავებულ პირებს, ასევე არაერთ ჟურნალისტს, რომელთა უფლებები დაირღვა და ასახულია ბოლოდროინდელ ანგარიშში. 2011 წლის განმავლობაში არაერთმა პირმა მოგვმართა, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ოჯახების მონაცემთა ბაზაში იყო რეგისტრირებული და სოციალური უფლებები დაერღვა. ძალიან ხშირი იყო საჩივრები, როდესაც ესა თუ ის პირი მოგვმართავდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან უფლება დარღვევის ფაქტებზე. იყო არაერთი ფაქტი, საჯარო მოხელეები როდესაც მიუთითებდნენ უკანონოდ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტებზე, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. 2011 წლის განმავლობაში კვლავ ბევრმა მოქალაქემ მოგვმართა სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებით. მომართვაში აღნიშნული იყო, რომ სასამართლომ შელახა მათი უფლებები. ეს შეეხება, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ საქმეებს. ასევე ჩვენთან იყო უმცირესობის მხრიდან შემოსული საჩივრებიც.

- რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში? თქვენს მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში საპატიმროებში 14 პატიმარი გარდაიცვალა. კონკრეტულად მაინტერესებს, რა დაავადება რჩება პატიმართა გარდაცვალების ძირითად მიზეზად?  

- მინდა გითხრათ, რომ კვლავ ლიდერობს ტუბერკულოზი, როგორც გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი. 2011 წლის განმავლობაში პატიმართა 31 პროცენტი სწორედ ტუბერკულოზით გარდაიცვალა. 

ასევე, მკვეთრად იმატა შიდსით გარდაცვლილთა რაოდენობამ. პატიმართა უმრავლესობა გარდაიცვალა კარდიოასკულარული დაავადებებით როდესაც მათ ჰქონდათ გულთან დაკავშირებული პრობლემები. იმატა იმ პატიმართა გარდაცვალებამ, რომლებიც დაავადებული იყვნენ სხვადასხვა ვირუსული დაავადებით, განსაკუთრებით C ჰეპატიტით.

- რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

- რამდენიმე ჟურნალისტმა მოგვმართა წლის განმავლობაში, მიუთითებდნენ, რომ მათ შეეშალათ ხელი პროფესიული უფლებამოსილების განხორციელებაში. ძირითადად იყვნენ რეგიონული მედიის ჟურნალისტები. 26 მაისს დაფიქსირდა რამდენიმე სერიოზული დარღვევის ფაქტი, სადაც ჟურნალისტების უფლებები იქნა ხელყოფილი. თუმცა, იყო შემთხვევა, რამდენიმე მედიასაშუალებამ მოგვმართა ესა თუ ის სახელმწიფო უწყება ან დროულად, არ აწვდიდათ საჯარო ინფორმაციას, ან კიდევ საერთოდ ბლოკავდა. აი, ამ კუთხით იყო, ძირითადად, შემოფარგლული ჩვენი ურთიერთობა მედიის წარმომადგენლებთან.

- იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა როგორია?

- მძიმე... მიუხედავად იმისა, ბოლო პერიოდში არაერთი ოჯახი გადავიდა ახალ საცხოვრებელ ფართში, ასევე რამდენიმე ასეულ ოჯახს საკუთრებაში გადაეცა ის ფართი, სადაც ისინი ცხოვრობენ. ძალიან დიდი ნაწილი კვლავ გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს. ძალიან მძიმეა კერძო სექტორში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. რთულად მიდის პრივატიზების პროცესი, არაერთი ოჯახი დღემდე გაურკვევლობაშია. მინდა გავიხსენო,  იმერეთში  ტურბაზა „რიონი“,  კოტეჯები,  სადაც  ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები.

- ბატონო გიორგი, თქვენი პოზიცია მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე. როგორ ფიქრობთ, სამართლიანად მოხდა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა?

- ეს საკითხი საკუთარი ინიციატივით შევისწავლე. მივედი იმ დასკვნამდე, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ქალბატონ ეკატერინეს, მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა უკანონოდ. რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ხელისუფლებას ჰქონდა სამართლიანი არგუმენტი და საფუძველი, რომ შეეწყვიტა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა. რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ სამი დღის წინ გამოვითხოვეთ იუსტიციის სამინისტროდან მასალა. უბრალოდ, გვაინტერესებდა, რით იქნა განპირობებული და დასაბუთებული უარი, რომელიც რეალურად მისწერა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ბატონ ივანიშვილს. ერთის მხრივ მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობაში ცალსახად არის მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, სადაც მითითებულია, პირდაპირ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოქალაქეობა მიანიჭოს, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს. თუმცა მანდ არის რამდენიმე ასპექტი, უშუალოდ ბატონ ივანიშვილის მიმართებაში სანახავი. იმედია, მასალებს დროულად მივიღებთ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია