დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ და ვინ აფეთქებს ქუთაისში ადვოკატს?
2010/03/01 14:01:09

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ადვოკატ ლედი ტუკვაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე, ადვოკატის საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა, სადაც ლედი ტუკვაძის „BMW“-ს მარკის ავტომანქანა იდგა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, მიმდებარე საცხოვრებელი სახლის რამდენიმე მინა დააზიანა. დაზიანდა მანქანის წინა ნაწილი. წინასწარი გამოძიებით, ასაფეთქებელი ნივთიერება მანქანის იატაკზე იყო დამაგრებული.

ლედი ტუკვაძე საადვოკატო საქმიანობას უკვე 20 წელია ეწევა. იგი რამდენიმე გახმაურებული საქმის ადვოკატი იყო, მათ შორის- კანონიერი ქურდების საქმეებისაც. ამიტომაც გაჩნდა ეჭვი, რომ ავტომანქანის აფეთქება, შესაძლოა, მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს. მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს.

კონკრეტული დეტალების გასარკვევად თავად ადვოკატს მივმართეთ.

- ოთხი საათი იყო, როცა საშინელი ხმა გაისმა. ირგვლივ თეთრი კვამლი იდგა. სამართალდამცველებმა თბილისის საექსპერტო ჯგუფებს დაუბარეს. ახლა უკვე გამოძიება მიდის. 1992 წლიდან დღემდე ადვოკატზე ასეთი სახის თავდასხმა საქართველოში არ ყოფილა. მე არ ვსაუბრობ რუსეთზე და მის გვერდით მდგომ სხვა ქვეყნებზე, სადაც ადვოკატი არც თუ იშვიათადაა მსხვერპლის როლში. ამ ეტაპზე ვიცი, რომ სამართალდამცველები ამ ფაქტის გამოძიებაზე მუშაობენ, თუმცა ისინი დუმან.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ფაქტს გამოიძიებენ და დამნაშავეს დააკავებენ?

- ამ საქმეს თუ არ გამოიძიებენ, მე ერთი წუთით საქართველოში არ გავჩერდები. ჩემს გოგონასთან ერთად უცხოეთში წავალ. ამ ფაქტის გამოძიება ჩემი და ჩემი ერთადერთი შვილისთვის მინდა, რათა გავიგო. ვინ და რატომ გააკეთა ეს.

- ქალბატონო ლედი, მანამდე საეჭვო არაფერი შეგიმჩნევიათ?

- დაახლოებით აპრილში, გაურკვეველ ვითარებაში ავარიაში მოვხვდი. BMW მარკის ჯიპი მომენტალურად დამეჯახა. ჩემი მანქანა მაშინ უმნიშვნელოდ დაზიანდა და ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ამ ავარიაში რაღაც საეჭვო იყო. დღეს უკვე ვფიქრობ, რომ ეს ავარიაც ვიღაცას ჰქონდა დაგეგმილი.

- მაინც, ვის შეიძლებოდა თქვენი „მოცილების“ სურვილი გასჩენოდა?

- მე გამოვრიცხავ კრიმინალურ სამყაროს კატეგორიულად. მე ერთადერთი ქალი ადვოკატი დავრჩი, ვინც დღეს საქართველოში კანონიერი ქურდების და მათი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს. ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, არასდროს ნარკორეალიზატორის ან გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილის ადვოკატობა და დაცვა არ ამიღია ჩემს თავზე.

- თუ ქურდული სამყაროს და კრიმინალებს გამორიცხავთ, გამოდის, თქვენი მოცილება სამართალდამცავებს ან ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ?

- არ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ სამართალდამცველები და სახელმწიფო მოხელეები დავადანაშაულო. თუმცა ამ ვერსიებს ჩემი კოლეგები არ გამორიცხავენ. მე ვფიქრობ, ისეთ ფიგურას არ წარმოვადგენ, ჩემი მოცილება ამ ფორმით რომ გადაწყვიტონ. მაგრამ მინდა ერთი რამ ვთქვა: ჩემი საადვოკატო მუშაობის პერიოდში ბევრი ყაჩაღის და კრიმინალის ადვოკატი ვყოფილვარ. მე მათ და სხვებსაც მინდა ვუთხრა, რომ, მართალია, ბევრი ინფორმაცია ვიცოდი, მაგრამ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში დამავიწყდა.

- მაგრამ ხომ შეიძლება, ეს ადამიანები თქვენი კონკრეტული კლიენტები არ იყვნენ...

- თქვენ, ალბათ, მესამე მხარეს გულისხმობთ.

- თუნდაც.

- ამას ვერც გამოვრიცხავ და ვერც დავადასტურებ.

- ქალბატონო ლედი, ვინ გიდგათ ამ საქმის გამოძიებაში გვერდით?

- იყო მცდელობა, პოლიტიკური პარტიები ჩართულიყვნენ ამ პროცესში, მაგრამ უარი ვთქვი. მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვთვლი, რომ ადვოკატები პოლიტიკიდან შორს უნდა იყვნენ. თუმცა მე დამიკავშირდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი და მხარდაჭერა გამომიცხადა. ისინი მზად არიან, რადიკალური ღონისძიებები დაგეგმონ და განახორციელონ ჩემს დასაცავად. მათ მითხრეს, რომ მე 5 000 ქართველი ადვოკატის მხარდაჭერა მექნება. თუმცა ასეთი ნაბიჯების გადადგმისკენ იმერეთი და ქუთაისი ყოველთვის პასიურია.

- გამოდის, ეჭვი არავისზე გაქვთ?

- მიუხედავად ამისა, არის ადამიანი, რომლის მოტივიც შეიძლება მანქანის აფეთქება ყოფილიყო. მქონდა შეხვედრა რამდენიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკთან.

- ვინ იყვნენ ეს ჩინოვნიკები?

- ამას ვერ გეტყვით. მაგრამ ბოლო დროს გაჩნდა აზრი, თითქოს ადვოკატობაზე უარი ვთქვი. ეს იყო აბსურდი. მე ამ ჩინოვნიკებს ქუთაისში შევხვდი. ღვთის წყალობით, სახელმწიფო სტრუქტურებში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ლედი ტუკვაძე მათი ადამიანობიდან და კაცობიდან გამომდინარე, ენდობა.

- და რა თემაზე ისაუბრეთ?

- მრავალზე, მათ შორის - მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს პოლიტიკაში მივდივარ და ადვოკატობაზე უარს ვამბობ.

- ქალბატონო ლედი, თქვენ ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდით, ხომ შეიძლება, ეს აფეთქება პირადულ პრობლემებს უკავშირდებოდეს.

- პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე რომ მომხდარიყო ეს აფეთქება, გამოვრიცხავ. მაგრამ ფაქტია, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი, რომელზეც პასუხი აუცილებლად უნდა გაიცეს. ეს გამოძიების პრეროგატივაა. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, რამდენიმე თვის წინ, ჩემს მეუღლეს - ჩემი შვილის მამას, მართლაც დავშორდი. მაგრამ მას იმდენად უყვარს თავისი ერთადერთი ქალიშვილი, ასეთ შემზარავ ფაქტს არ ჩაიდენდა. გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანია.

- გამოდის, რომ მას ამის მიზეზი არ ჰქონდა?

- არა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია