დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აქცია „25-ე არხის“ მხარდასაჭერად
2009/10/23 20:02:22

21 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ ლოზუნგით – „თავისუფლება სიტყვას“, რეგიონებსა თუ დედაქალაქის სხვადასხვა მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტები რუსთაველზე შეიკრიბნენ, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა აჭარის ტელეკომპანია „25-ე არხისადმი“. მათი მთავარი მოთხოვნა არხისთვის იმ ვალების ჩამოწერა იყო, რაც მას ასლან აბაშიძის დროს დაეკისრა. „25-ე არხის“ ჟურნალისტის, ლიზა თეძის თქმით, ბათუმის საგადასახადო სამსახური ტელევიზიას აკისრებს ასლან აბაშიძისდროინდელი დავალიანების გადახდას: „აბაშიძის დროს ტელეკომპანიას არ მართავდნენ მისი მეპატრონეები და ის, მთლიანად,  იმდროინდელი ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების მიერ კონტროლდებოდა. შესაბამისად, იმდროინდელი დავალიანების  დაკისრება ახლანდელი  ხელმძღვანელობისთვის უსაფუძვლოა. ჯერჯერობით, ტელევიზია ჩვეულებრივად მაუწყებლობს, თუმცა არის საშიშროება, რომ ის აუქციონზე გაიყიდოს,“ - განაცხადა „25-ე არხის“ ჟურნალისტმა.

„25-ე არხის“ პრობლემით საპარლამენტო ოპოზიციაც დაინტერესდა. ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა  მაგდა ანიკაშვილმა, რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის სიტუაციას და ეცდება რეალობის დადგენას.

„25-ე არხს“ უნდა მიეცეს თავისულად მაუწყებლობის საშუალება. ჩვენ ახლა ერთად უნდა დავდგეთ სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე და არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას საშუალება, შეზღუდოს ადამიანის ფუნდამენტური უფლება: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება,“  - განაცხადა  მან. 

აქციაზე იმყოფებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი მანანა ნაჭყებიაც. „ცხადია, რომ ესაა ხელისუფლების  ხელის შეშლა, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის განვითარებისთვის. „25-ე არხი“ არის არხი, რომლისგანაც ვიღებთ ობიექტურ ინფორმაციას და ამიტომაც, ყველანი ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ის. ვფიქრობ, თუ ეს აქციები არ გამოიტანს შედეგს, უნდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და მათ ვთხოვოთ შესაბამისი ზომების მიღება.“

აქციას პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირიც შეუერთდა:

მანანა ღურჭუმალიძე (თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარე): დემოკრატია თავისუფალი სიტყვის გარეშე წარმოუდგენელია. თავისუფალი პროფკავშირიც დემოკრატიული ინსტიტუციაა და ის ვერ განვითარდება, თუ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ იქნა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა „25-ე არხისადმი“.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კვლავ გამართავენ საპროტესტო აქციებს, თუკი აჭარის „25-ე არხისთვის“  დაკისრებული დავალიანება არ განულდება.

სალომე აჩბა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2695
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია