დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აპირებს სახელმწიფო ტყის დაცვას?
2009/10/05 12:12:45

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ტყით გრძელვადიანი სარგებლობისთვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. გრძელვადიანი ლიცენზია მფლობელს ტყით სარგებლობის ნებას ამჯერად 10 წლის ვადით აძლევს.

 

აუქციონზე 15 ლოტი იყო გამოტანილი, თუმცა 6 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა.  ყველაზე მაღალი ფასი შიდა ქართლში, ხაშურის სატყეო უბნის ძამას ყოფილი სატყეოს ლიცენზიაზე - 357 931 ლარი დაფიქსირდა. დანარჩენ 9 ობიექტზე კი სამინისტროში განაცხადი არ შესულა. ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ ჯამში 797 359 ლარი შეადგინა. გაყიდული ექვსი ობიექტიდან ორი ლოტი სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხაიშის სატყეო უბანზე გაიცა.  ამათგან ერთი ლოტის  ფართობი 369 ჰექტარია, ხოლო მეორე - 723 ჰექტარი. ორივე ლიცენზიის მფლობელი ინდმეწარმეა, რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მივიღეთ. ხაშურის სატყეო უბნის ძამას ყოფილი სატყეოს ლიცენზიის მფლობელი რაგელ ტაბატაძეა, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხაიშის სატყეო უბანზე ლიცენზიას ვინმე გია დავითიანი ფლობს. ასევე, „ინდმეწარმეა“ შიდა ქართლში, ხაშურის სატყეო უბანზე 5681 ჰექტარი ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიის მფლობელი.

იმერეთში კი საჩხერის სატყეო უბანი, რომლის საერთო ფართობი - 963 ჰექტარია, 201 309 ლარად გაიყიდა. მისი მფლობელია შპს „ინტერნეიშენალ ტიმბერ პროდიუსინგ კომპანია.“ თელავის ყოფილი  სატყეო შპს „ქომე“-მ,  ხოლო  სამცხე-ჯავახეთში,  ადიგენის სატყეო უბანში, ტყისუბნის ყოფილი სატყეო შპს„ტაო“-მ შეიძინა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ლიცენზიის მფლობელებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბუნებრივი რესურსების ლიცენზიების სამსახურთან გადაგვამისამართა, თუმცა ამ უკანასკნელთან დაკავშირება (ქალაქის ნომერზე) ვერ შევძელით. რაც შეეხება შპს         „ინტერნეიშენალ ტიმბერ პროდიუსინგ კომპანია“-ს, იგი საქართველოშია დარეგისტრირებული, მფლობელი კი დიმიტრი ნოზაძეა. ოფიციალურად არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რა საქმიანობას ეწეოდნენ დღემდე ლიცენზიის მფლობელები, ჰქონდათ თუ არა მანამდე ტყით სარგებლობის ლიცენზიები მოპოვებული და რამდენად კარგად შეასრულეს პირობები.
ამჯერად გაცემული ლოტებით, სალიცენზიო პირობებისა და სარგებლობისთვის განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად, ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის დაცვა.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე უფრო კონკრეტულადაა გაწერილი ლიცენზიის მფლობელის მოვალეობები. სადაც წერია, რომ მან უნდა „დაიცვას ტერიტორია უკანონო ტყითსარგებლობისგან; უზრუნველყოს ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ღონისძიებების განხორციელება; ტყეში სამუშაოების ჩატარებისას გამოიყენოს ეკოლოგიურად მისაღები მანქანა-იარაღები და ტექნოლოგიები და ა.შ.

ასევე ლიცენზიის მფლობელმა გარემოს დაცვის სამინისტროს შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ღონისძიებათა გეგმა, მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება კი დასაბუთებული და დოკუმენტირებული უნდა იყოს; დაუშვებელია პესტიციდების ნარჩენების სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსება; პარალელურად კი მოსახლეობას ხელი არ უნდა შეუშალოს ხილ-კენკროვნების, თხილის, სოკოს, სამკურნალო მცენარეებისა და ტყის სხვა პროდუქტის მოგროვებაში, გარდა „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობებისა; ტურისტულ-რეკრეაციული მიზნით მოსახლეობის ტერიტორიაზე ყოფნას და სხვა ტრადიციული ღონისძიებების განხორციელებას. ამ ეტაპზე ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოებულ სატყეო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-ს ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს. ამით ხელისუფლებამ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტია მიიღო ლიცენზიანტისგან.

ლიცენზიის მიცემამდე, წინა დღეებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ტყის კოდექსის გაუმჯობესებისთვის მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. განხილვაზე გარემოს დაცვის სამინისტროს პოზიცია მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსი მაჭავარიანმა დააფიქსირა, რომელიც, ამავდროულად, საქართველოში ევროკომისიის პროგრამა FLEG-ის პასუხისმგებელი პირია. ასევე, სატყეო დეპარტამენტისა და გარემოს დაცვის ინსპექციის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს თავინთი შეხედულებები. განხილვას ევროკომისიის დელეგაციის წევრებიც ესწრებოდნენ. პროექტის (FLEG`-ის „სატყეო სექტორში კანონაღსრულებისა და მართვის გაუმჯობესება“ ფარგლებში შექმნილია ეროვნული სამეთვალყურეო კომიტეტი, რომლის წევრებმა შეხვედრაზე საქართველოსთვის მომზადებული სამუშაო გეგმა და შემოთავაზებული საქმიანობები განიხილეს. გეგმა უკვე შეთანხმებულია პროგრამის თანაშემსრულებელ ორგანიზაციებს შორის (WB-მსოფლიო ბანკი; WWF - მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდი; IUCN-ბუნების მსოფლიო კონსერვაციის კავშირი). FLEG - „სატყეო კანონმდებლობის აღსრულებისა და მართვის გაუმჯობესება“ - ოთხწლიანი რეგიონული პროგრამაა, რომელიც ევროკომისიის დაფინანსებით 2008-2011 წლებში იმუშავებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პროგრამა 7 ქვეყანას მოიცავს (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსია და რუსეთი) და ასევე - შუა აზიის 5 ქვეყანას.

სავარაუდოდ, ტყის კოდექსში ცვლილებები განხორციელდება, რომელიც, სპეციალისტების თქმით, ტყის მართვის წარმატებული პოლიტიკის განხორციელებას შეუწყობს ხელს. მანამადე კი გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემისთვის სახელმწიფო კიდევ რამდენიმე ლოტს ამზადებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1876
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია