დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეპრესირებულებმა კვლავ სტრასბურგს მივმართოთ კომპენსაციის მისაღებად?
2012/05/21 11:11:59

ა.წ. იანვრის თვეში ტ/კ „რუსთავი 2“-ს ვუსმენდი, თქვეს, რომ რამდენიმე დღის წინ ჩაძირულ საკრუიზო ხომალდ - „კოსტაკონკორდია“-ს მფლობელმა კომპანიამ უკვე   დაიწყო დაზარალებულთათვის კომპენსაციის დარიგება, თითოეულ ოჯახზე 480000 ევროს ოდენობითო. ალბათ აქ გარდაცვლილი მგზავრების ოჯახებზე თუ იყო ლაპარაკი, ვინაიდან კიდევ ორიოდე დღის შემდეგ უკვე ტ/კ „იმედმა“ გადმოცა, რომ 260000 დოლარს აძლევენ თითოეულ მგზავრს კომპენსაციის სახითო და რაც ყველაზე მთავარია, კომპენსაციის თანხებს ურიგებენ თურმე ყოველგვარი სასამართლო პროცესებისა და პროკურატურის გარეშე.

 

 

ეს მაშინ, როცა ჩვენს რეფორმირებულ სასამართლოსა, პროკურატურისა და, მსოფლიოში ყველაზე მოწინავე ხელისუფლების მქონე ქვეყანაში, სადაც თურმე წამებში ხდება ხალხზე მომსახურება ყველა სფეროში, მრავალი წელია გვაწამებენ რეპრესირებულებს სასამართლოში ჩვენი კუთვნილი ფულის მისაღებად. რამდენჯერ შეგვიჭამეს ფული - პენსიებიდან დაწყებული, სხვადასხვა კოპმენსაციებით დამთავრებული და როცა ხალხმა აქ ვერ ჰპოვა ვერავითარი სამართალი, 2005 წლიდან სტრასბურგში იჩივლეს. 6 წლის ლოდინის შემდეგ, განიხილეს რა რეპრესირებულთა საჩივარი, საქართველოს ხელისუფლებამ, თავისი რეფორმირებული სასამართლოთი კიდევ ერთხელ წააგო დავა საკუთარ ხალხთან. მას დააკისრეს, სტრასბურგში სარჩელის ავტორი - ორი რეპრესირებული პიროვნებისათვის გადაეხადათ 4000-4000 ევრო. ასევე დაავალდებულეს, რომ დანარჩენი რეპრესირებულებისთვისაც მიეცათ კომპენსაცია.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად იცის, თუ ვინაა რეპრესირებული პიროვნება საქართველოში და ვინ როგორი რეპრესია განიცადა, საკრუიზო ხომალდის მფლობელი კომპანიისაგან განსხვავებით, ხალხის საწამებლად, ისევე, როგორც ერთ დროს რეპრესირებულთათვის პენსიების დანიშვნაზე, მოიგონეს სასამართლო, ანუ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, თუ ვის რამდენს მისცემდნენ და როდის. ხალხის საწვალებლად და დროის გასაჭიანურებლად მოიგონეს ასევე სხვადასხვა აბსურდული ცნობა, მათ შორის - ჯანმრთელობის, რომლის აღებასაც ნორმალურად თუ გამოიკვლიე თავი, რამდენიმე ათასი ლარი ჭირდება. ან კი რა საჭიროა საერთოდ ის, ინვალიდობისათვის ხომ არ გვაძლევენ ამ დახმარებას?

2001 წლის ივნისის თვეში მე მივმართე სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს და დღემდე ამაოდ ველი პასუხს. გასული წლის 7 დეკემბერს კი ჩავედი თბილისში და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს - შოთა გეწაძეს მივმართე განცხადებით, რომ ეცნობებიათ, თუ რა უბედურება ტრიალებდა მათ თავს ისეთი, რომ ამდენ ხანს არ იხილავდნენ ჩემს სარჩელს. უკვე  ექვსი თვე გავიდა, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარეც დღემდე ინარჩუნებს დუმილის უფლებას. ამასობაში ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემიდან შევიტყვე, რომ რეპრესირებულებს 4000 ევროს ნაცვლად 200-დან 400-მდე ლარს, ანუ საშუალოდ 300 ლარს აძლევდნენ თურმე. თუ ვიანგარიშებთ, რომ დღეს საქართველოში 21000 რეპრესირებულია, გამოდის რომ 6,3 მილიონ ლარს გვაძლევენ ყველას, 4 მლნ დოლარი, ანუ 3 მლნ ევროც არაა ნაცვლად 88 მლნ ევროსი, რაც სტრასბურგმა დაგვიწესა. შედარებისათვის აღვნიშნავ, რომ მთავრობის მიერ დღეისათვის ჩვენთვის გამოყოფილი თანხა 5,5-ჯერ ნაკლებია იმაზეც კი, რაც, ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული ცნობით, მიშამ და მისმა ამფსონებმა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე, ლიტვაში წაიღეს სახელმწიფო ხაზინიდან და გაფლანგეს (35 მილიონი) ორ კვირაში, იქ საღრიანცელოდ. არადა ეს 35 მილიონი ლარი ხომ ზღვაში წვეთია იმ მილიონებთან და მილიარდებთან შედარებით, რაც ყოველწლიურად იფლანგება ჩვენი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ტაშფანდურებში, ღრეობებსა და ბოზობებში. ჩვენთვის კი თურმე 88 მილიონი ევრო ვერ გამოინახა, ხელისუფლების მიერ ერთ დროს მოყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. არადა, მარტო პრეზიდენტის სასახლეზე მილიარდია მიფლანგული.

და აქ კვლავ ხომალდ „კოსტა კონკორდის“ საქმეს მინდა დავუბრუნდე.

უბრალო გათვლებითაც ცხადია, რომ გემის მფლობელმა მილიარდ ასი მილიონზე მეტი დოლარი გადაიხადა თავის 4300 დაზარალებულის საკომპენსაციოდ, რაც, დაახლოებით, ათჯერ მეტია იმაზე, რაც საქართველოს დაზარალებულ 21000 ადამიანს დაუდგინა სტრასბურგმა და 275-ჯერ მეტი იმაზე, რის მოცემასაც ჩვენი სახელმწიფო გეგმავს დღეს. ხოლო ერთეულ ადამიანზე თუ გავიანგარიშებთ, 1300-ჯერ ნაკლებს გვაძლევენ ქართველ რეპრესირებულებს, ვიდრე „კოსტა კონკორდის“ გადარჩენილებს, ხოლო იქ დაღუპულთა ოჯახები კი 3200-ჯერ მიიღებენ, ვიდრე ქართველ დახვრეტილი რეპრესირებულთა ოჯახები. აი, ჩვენი მსოფლიოში მოწინავე ხელისუფლება სხვა ქვეყნის ერთი კერძო გემთმფლობელი კომპანიის ნატერფალადაც არ ღირს.

მოკლედ რომ ვთქვათ და როგორც ამას 2012 წლის 7 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან ჩემზე ჩაბარებულ შესაგებელში მწერს მოპასუხე რუსუდან კემულარია (ფინანსთა მინისტრის მოადგილე), ის არა მარტო არ ეთანხმება ჩემს სასარჩელო განცხადებაში მოთხოვნილ თანხას, რომელიც სტრასბურგში გამოტანილი გადაწყვეტილების შესატყვისი არის, არამედ აღნიშნავს, რომ იმ გროშებზეც კი, რასაც სახელმწიფო იმეტებს, ტყვილა ილესავთ კბილებს ზოგ-ზოგიერთები, ანუ ისინი ვინც მშობლებთან ერთად გადაასახლესო. მოკლედ რომ ვთქვათ სახელმწიფოს რეპრესირებულები გაუყვია ორნაწილად. ტყვილა გადასახლებულებს, ანუ ვისაც არავითარი ბრალი არ მიგვიძღვის საერთოდ, მათ არც არაფერი გეკუთვნით, თუ, რა თქმა უნდა, მოსამართლე არ გიწყალობებთ თავის სურვილით რაიმესო. თანაც უნდა გაითვალისწინოთ სახელმწიფო ფინანსური მდგომარეობაცო.

მოკლედ, გურულის, ლენინის და შიფერის არ იყოს, რაღა ახლა ამოძვრა სული მაინდამაინც ჩვენს (მსოფლიოში მოწინავე) სახელმწიფოს, როცა რეპრესირებულებისათვის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულეს? ან და თუ ასეთი გაჭირვებული ქვეყანა ვართ, მაშინ რას აძლევდა ფინანსთა სამინისტრო მილიონებსა და მილიარდებს ხელისუფლებას შლოპანცების, კვერცხების, გიგანტური ველოსიპედების და დაჭყლეტილი პლასტმასის ბოთლების ძეგლების დასადგმელად.

ისიც საინტერესოა, თუ რომელ იდიოტს მოუვიდა თავში ისეთი კანონის შექმნა, რომ შვილები, რომლებიც მამასთან ერთად გადაასახლეს და მეუღლეს, შეიძლება, არ მიეცეთ კომპენსაცია იმიტომ, რომ ისინი სრულიად უდანაშაულოდ გაუშვეს იქ. ან და თუ ასე იყო საქმე, რას გვაწვალებენ საერთოდ? ზოგმა ხომ 300 და 400 ლარზე მეტი უკვე დახარჯა კიდეც ამ საქმეზე სირბილში?

თანაც, ის მოსამართლეებიც, რომლებსაც მიანდეს ჩვენი საქმე, რაღაც საეჭვოდ მოქმედებენ. საინტერესოა, როგორ დაესიზმრა ყველას ერთნაირად 200-დან - 400 ლარამდე თანხის გამოყოფა საკომპენსაციოდ, როცა სტრასბურგმა 4000-40000 ევრო მისცა იქ მომჩივან ძმებს - კელაძეებს. რა, ყველამ სტრასბურგში უნდა იჩივლოს ჩვენი რეფორმირებული სახელმწიფოდან? სხვათა შორის, ძმებს კელაძეებსაც ასე ეუბნებოდნენ აქ: „არაფერი გეკუთვნითო...“

მოსამართლეებისათვის ამ საქმის გადაბარება მორიგი აფიორაა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ცდილობს ხალხის მოტყუებას და ასევე დროის მოგებას საარჩევნოდ, მათვე თანამზრახველი უსინდისო მოსამართელების ხარჯზე, რომლებიც მზად არიან, ბინძური ხელები შეაწმინდოს და ნამუსი ჩამორეცხოს უნამუსო ხელისუფლებას. ისიც საეჭვოა, თუ რატომ იხილავს ამ საქმეს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლო და არ მიმდინარეობს განხილვები რეგიონებში არსებულ სასამართლოებში? ცხადია, რომ დროზე არ გაირჩეს საქმე. მოკლედ, ყველაფერი კეთდება ხალხის გასაძარცვად.

ადრე შევარდნაძემ ჩაატარა ასეთი მაიმუნობა: 1997 წელს გამოშვებულ კანონში ჩაწერეს, რომ რეპრესირებულ ადამიანს პენსია დაენიშნებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო ცნობს მას რეპრესირებულადო. არადა რად უნდოდა ამ საქმეს სასამართლო. როცა უშიშროების არქივები მათ ხელში იყო და იმის მიხედვით შეეძლოთ დაენიშნათ ხალხისთვის პენსიები. მაგრამ მაშინ თვითონ ფულს როგორ იშოვიდნენ? საკითხი კი ასე იდგა: ან მოსამართლესათვის უნდა მიგეცა ქრთამი, ან ადვოკატისთვის სოლიდური თანხა. რომელსაც ის შემდეგ მოსამართლეს გაუნაწილებდა ალბათ, მოსამართლე კი ხელისუფლებას. თუ არ მისცემდი?.. აი, არ მივეცით მე და დედაჩემმა ქრთამი ხონის მოსამართლეს და მთელი წელი არ მოგვცა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც 600 ლარამდე თანხა დაგვაკარგვინა. როცა ამისათვის ვუჩივლე მე ამ მოსამართლეს (და ახლაც განვაგრძობ ჩივილს), მან 8 ყალბი საბუთი შეადგინა თავის გასასამართლებლად, რომლებიც დღესაც საქმეში დევს, მაგრამ ვინაა განმკითხავი? უფრო მეტიც, ორჯერ დააწინაურეს და ამჟამადაც განაგრძობს „მოღვაწეობას“. მართალია, ორიოდე წლის წინ საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს მთავარმა პროკურორმა - მანანა ცაავამ შემომთავაზა, რომ თუ სხვანაირ განცხადებას დავუწერდი, ანუ მოსამართლეს არ ვუჩივლებდი, დაკარგულ თანხას ამაღებინებდნენ, მაგრამ ამ გარიგებაზე მე არ წავედი. ისე კი საქმე არ გადაწყვიტეს დადებითად, - მოსამართლის დასჯა არ შეიძლება, ხელშეუხებელიაო.

შევარდნაძის დროსთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მარტივადაა საქმე, დღეს რეპრესირებულებს გავლილი აქვთ სასამართლოები და იღებენ 62 ლარიან, ერთობ სასაცილო, მაგრამ მაინც პენსიას. ასე რომ, უშიშროების არქივებში ქექვაც არ სჭირდება ხელისუფლებას, პირდაპირ საპენსიო სიებით შეუძლიათ გასცენ თანხა ერთ დღეში. მე კი უკვე 9 თვეა ვიბრძვი ამისათვის და უარეს დღეში არიან სხვებიც. თანაც, თუ ჩემი მოსამართლის თანაშემწეს დავუჯერებ, რომელსაც 17 იანვარს ველაპარაკე ბოლოს ტელეფონზე, მათ რეპრესირებულთა 500 საქმე აქვთ გადაცემული, ხოლო თვეში კი 5 საქმეს იხილავენ. ანუ 8 წელი მაინცაა საჭირო, რომ ეს საქმეები დაასრულონ.

მოკლედ, ხელისუფლება და მისი დამქაშები უცდიან, სანამ სულ არ ამოწყდებიან რეპრესირებულები.

 

მევლუდ ბობოხიძე.

1951-1952 წლების პოლიტიკურ რეპრესიათა მსხვერპლი,

ქ. წყალტუბო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია