დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი დეტალები სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/18 00:57:44
-ბუხაიძე შიშველი მისულა ბენზგასამართ სადგურზე და იქ უთხოვებიათ შარვალი. ეს კუდის ხელწერა იყო. ვიცოდით, რომ ამ ჯგუფს ოქროყანაში ხალხი დასასჯელად აჰყავდა, სცემდნენ, აწამებდნენ, აშიშვლებდნენ;

-ერთადერთი, მერაბიშვილთან მისი ცოლი არ მიხსენებია; რაში შეიძლება დაედოს ბრალი თაკო სალაყაიას;

-სანდროს მკვლელობიდან მესამე დღეს, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს მერაბ ბაღათურიას ოთახში შედგა საუბარი, რომ ამ საქმეში გარეულები იყვნენ დიდი ჩინოვნიკები. მერაბმა თქვა, როგორც წესი და კანონია ამ საქმეს ისე უნდა მივხედოთო. მივხედეთ და მერე ჩვენც მოგვხედეს;

-გენერალური ინსპექციიდან მოვიდნენ, გვითხრეს ვანო აღარ გენდობათ და სამსახური უნდა დატოვოთო. უფროსობა უნდა წახვიდეთ, ოპერებს არ შევეხებითო;

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნას თბილისის რაიონულ სამმართველოებში საკადრო წმენდა მოჰყვა. განსაკუთრებული უნდობლობა შინაგან საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს გამოუცხადა, რომელმაც ოქროყანაში მომხდარი მკვლელობა ერთ ღამეში გახსნა, მეორე დილას კი მომხდართან დააკავშირებით შს მინისტრს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა. 

ჩვენი რესპონდენტი ალექსანდრე გულაღაშვილი 2006 წელს, მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსად მუშაობდა. 

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესთან“ საუბარში ის გირგვლიანის მკვლელობის ღამეს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

-„28 იანვარი თენდებოდა, როდესაც თანამშრომლებმა სახლში დამირეკეს, პატრულმა ოქროყანაში დაყაჩაღებული ახალგაზრდა კაცი მოიყვანა და სამსახურში გამოდიო. 13 წელი ვიმუშავე ოპერად იმ დასახლებაში და ყაჩაღობა რომ ახსენეს, ძალიან გამიკვირდა. მივედი სამმართველოში და ვნახე ვინმე ლევან ბუხაიძე. ხან ასე მივუდექით, ხან ისე, მაგრამ არაფერს ამბობდა. ძალიან იყო შეშინებული და ბოლოს ოქმიც კი შევადგინეთ , რომ ჩვენებას არ იძლეოდა. ყაჩაღობა მაშინვე გამოირიცხა, რადგან გაირკვა რომ ორნი იყვნენ. შემდეგ გაჩნდა ახალი დეტალი- ლესელიძის ქუჩა.
მთელი ღამე მუშაობდა ჩვენი ჯგუფი ამ მიდამოებში და მომხდარის დეტალებს ნელ-ნელა არკვევდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაც სუფრაზე ყოფილან ქალებთან ერთად და რადგან ეს ბიჭი ერთ სიტყვასაც არ ამბობდა, ვიფიქრე რომ ბუხაიძეს და გირგვლიანს კამათი ქალის გამო მოუვიდათ, რაც სანდროს მკვლელობით დასრულდა. მოკლედ, პირველ ეტაპზე სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავდით. როგორც გავიგე ბუხაიძე შიშველი მისულა ბენზგასამართ სადგურზე და იქ უთხოვებიათ შარვალი. ეს კუდის ხელწერა იყო. ვიცოდით, რომ ამ ჯგუფს ოქროყანაში ხალხი აჰყავდა დასასჯელად, სცემდნენ, აწამებდნენ, აშიშვლებდნენ . ამას რამდენიმე მიზანი ჰქონდა: დაემცირებინათ მსხვერპლი და შეეშინებინათ.
იმ საწყალი ბიჭის გვამს კი მეორე დღეს სამი საათისთვის მივაგნეთ. მე რომ ვნახე, ქურთუკი ჰქონდა გადაფარებული. ჩემამდე სანდროს მეგობრები მივიდნენ და მათ გადააფარეს. რომ ავხადეთ, წელზევით შიშველი იყო. ტყუილია რასაც გელა მებონია ამტკიცებდა, თითქოს გვამი სრულიად შიშველი იყო. ეგ მებონია საერთოდ არ ყოფილა იქ, მთელი თბილისის პოლიციის მაღალჩინოსნები ოქროყანაში იყვნენ და უბნის ინსპექტორს ვინ გაიყვანდა შემთხვევის ადგილზე?

შემთხვევიდან მესამე დღეს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს მერაბ ბაღათურიას ოთახში შედგა საუბარი, რომ ამ საქმეში გარეულები იყვნენ დიდი ჩინოვნიკები. მერაბმა თქვა, როგორც წესი და კანონია ამ საქმეს ისე უნდა მივხედოთო. მივხედეთ და მერე ჩვენც მოგვხედეს “ - ამბობს ალექსანდრე გულაღაშვილი.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის თქმით, პოლიციაში საკადრო წმენდა მას შემდეგ დაიწყო, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით თბილისში მასობრივი გამოსვლები გაიმართა.
„გენერალური ინსპექციიდან მოვიდნენ, გვითხრეს ვანო აღარ გენდობათ და სამსახური უნდა დატოვოთო, მოკლედ, უფროსობა უნდა წახვიდეთ, ოპერებს არ შევეხებითო. შური იძიეს. ეს საქმეო არ უნდა გახსნილიყო. ჩვენ კონსტიტუციას და კანონს ვემსახურებოდით, ისინი კი გვედავებოდნენ კანონიერად არ გააკეთეთ და ამის მერე აღარ გენდობითო. მათი პოზიცია ასეთი იყო: ეს დანაშაული უნდა გვცოდნოდა, მაგრამ არ უნდა გახსნილიყო.
დაგვაწერინეს განცხადებები და გაგვიშვეს სახლში. ამასაც არ დასჯერდნენ, ერთ დღეს სამინისტროში დამიბარეს და საყვედური გამომიცხადეს, ვიღაც ძებნილის დასაკავებლად სათანადო ღონისძიებები არ გააატარეო. ასეთი რამე გაგიგიათ? პოლიციიდან გაშვებულ კაცს, სამოქალაქო პირს, საყვედურს უცხადებენ ვიღაც ძებნილის გამო, რომელიც 1987 წლიდან იძებნებოდა და იმ დროისათვის მკვდარი იყო. მას შემდეგ ვეღარ მოვახერხე სამსახურში აღდგენა, ხან ვის მივმართე, ხან ვის, მაგრამ ამაოდ“-ამბობს ალექსანდრე გულაღაშვილი.

 გირგვლიანის საქმის დეტალებზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი მერაბ ბაღათურია საუბრობს. დღეს ის ამ საქმეზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმეა.

„ლევან ბუხაიძე არაფერს ამბობდა, არც ყაჩაღობას ახსენებდა, არც გატაცებას. ძალიან შეშინებული ჩანდა და არაადექვატურად იქცეოდა. როგორც მახსოვს, თავიდან პატრულთან ჰქონდა ნახსენები, რომ ლესელიძის ქუჩიდან წაიყვანეს, ამიტომ მთელი ღამის განმავლობაში ამ ქუჩაზე ვმუშაობდით. ვადგენდით, მართლა მოხდა ასეთი ინცინდენტი თუ არა.
როგორც კი შარდენ -ბარის სახელმა გაიჟღერა, დავიწყეთ ანძების გადამოწმება და ღამის სამ საათზე იმ ტერიტორიაზე დათა ახალაიას ტელეფონი ამოვარდა. მისი ნომრიდან სატელეფონო ზარები ფიქსირდებოდა ალანიასთან და ბიბილურიძესთან. იმავე ღამით ამოვიღეთ პატარკაციშვილის სახლთან დამონტაჟებული ვიდეოთვალით გადაღებული კადრები, რომელზეც დაფიქსირდა მერსედესი, რითაც ალანია გადაადგილდებოდა. მეორე დილით ყველაფერი ცნობილი იყო და ჩვენი ეჭვი რომ ასპროცენტიანი ყოფილიყო, ლევან ბუხაიძეს ალანიას და ბიბილურიძის ფოტოები ვაჩვენეთ. მან დაადასტურა რომ სწორედ ესენი იყვნენ გამტაცებლები.“

-როდის შეხვდით ვანო მერაბიშვილს და რაზე ისაუბრეთ?
- მეორე დღესვე, როდესაც დანაშაული გაიხნა და ვიცოდით მონაწილე პირების ვინაობა, შევხვდი მინისტრს და ვუთხარი ამის შესახებ. ვუთხარი, რომ ახალგაზრდა კაცია ნაპოვნი, ნაწამები, ღრმა ჭრილობებით. მივაწოდე ოპერატიული ინფორმაცია და დავუდე გვარები. შევატყვე, რომ ეს ამბავი ვანომ იცოდა, უბრალოდ მე მამოწმებდა რა ვიცოდი და რა არა. მომისმინა და მითხრა, გააგრძელეთ მუშაობაო. გავაგრძელეთ და მივიყვანეთ ბოლომდე. 

-მერაბიშვილს საკუთარი ცოლის გვარიც დაუსახელეთ?
- ერთადერთი, მერაბიშვილთან ცოლი არ მიხსენებია, თორემ დანარჩენი ყველა დავუსახელე. მაინც მინისტრის ცოლი იყო და თან ვიცოდი, რომ მან ეს ჩემზე უკეთ იცოდა. რა, ვანომ არ იცოდა, რომ მისი ცოლი სანოძის დაბადების დღეზე იყო? გამორიცხული არაა, რომ თვითონაც იყო დაპატიჟებული და მისასვლელად ვერ მოიცალა.

- ვანო მერაბიშვილისგან რაიმე დირექტივა არ ყოფილა?
- არასოდეს უთქვამს ან ასე გავაკეთოთ, ან ისე გავაკეთოთო. მითხრა თქვენ გააგრძელეთ მუშაობაო, მაგრამ საქმე ბოლომდე რომ გაიხსნა , ძალიან სერიოზული ვითარება შეიქმნა. პირდაპირ არ მიშლიდნენ ხელს, მაგრამ წინაღობას მიქმნიდნენ იმით, რომ მოწმეებს ვერ ვპოულობდი, რომლებიც ამ საქმეში კუდის მაღალჩინოსნების მონაწილეობას დაამტკიცებდნენ. თუმცა როგორც კი ამას დავამტკიცებდი, გამოძიების უფლება აღარ მექნებოდა და საქმე პროკურატურას გადაეცემოდა. ექსპერტიზებმა დიდი დრო წაიღო და ერთ დღესაც, ისე რომ მე არაფერი ვიცოდი, ქალაქის პროკურატურაში დაუძახეს ჩემს გამომძიებელს და მოულოდნელად საქმე აატანინეს.

- კუდის მაღალჩინოსნები თქვენ დააკავეთ?
- ქალაქის პოლიციას მაშინ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმაზე, თუ რა მოხდა ოქროყანაში. ჩვენ რომ ეს გვცოდნოდა, შესაბამისად კუდის მაღალჩინოსნებთან შეხებაც უნდა გვქონოდა, დაგვეკავებინა, დაგვეკითხა. გამოაცხადეს რომ თბილისის პოლიცია მონაწილეობდა მათ დაკავებაში, მაგრამ ეს ტყუილია. ჩვენს დაუკითხავად მოხდა კუდის მაღალჩინოსნების დაკავება. არც ერთი ჩემი თანამშრომელი იქ არ ყოფილა. მე ამ ხალხის დაკითხვის საშუალებაც არ მომეცა. მათთან პროკურატურა და კონსტიტუციური მუშაობდნენ, ოფიციალურად კი საქმეს მე ვიძიებდი. ეს საქმე ისე უცებ წაიღეს ჩემგან, რომ არც უკითხავთ არაფერი. გიორგი ღვინიაშვილმა დაურეკა გამომძიებელს, სასწრაფოდ ამოიტანე საქმეო. მერე კიდევ დურეკა და უთხრა, მიმართვა გააკეთე, ეს საქმე მე მიმაქვსო.

-მედიით დათა ახალაიას პატაკი გავრცელდა, სადაც ის ვანო მერაბიშვილს დანაშაულში მონაწილე პირებად კუდის მაღალჩინოსნებს უსახელებს...
- ეს იყო წინმსწრები ინფორმაცია. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემზე უნდობლობაა გამოცხადებული და ახალაიას პატაკი ხდება იმის საფუძველი, რომ საქმე ჩემგან პროკურატურამ წაიღოს. ამას მოყვა ახალაიას მეორე პატაკი, რომელიც მასსა და ალანიას სატელეფონო საუბარს ეხება. ეს რომ გაექარწყლებინა, ახალაია წერს პატაკს და ამტკიცებს: ალანიას ღამის სამ საათზე იმიტომ დავურეკე, რომ სუფრაზე იყო დაპატიჟებული და რომ არ მოვიდა, დავინტერესდიო. ახალაია ამ პატაკში ზუსტად იმ დროს ახსენებს, როცა ალანია უკვე ოქროყანაშია.

-თაკო სალაყაიას მიმართ არსებობს სამხილი?
- თუ პროკურატურას ექნება შესაბამისი მტკიცებულება, შესაძლებელია სალაყაიას ინცინდენტის გაღვივებაში დასდონ ბრალი. ჩემს მიმართ დიდი უნდობლობა იმის გამოც გაჩნდა, რომ თითქოს მე ვანო მერაბიშვილის ცოლის დაჭერა მინდოდა. მთელ პოლიციაზე ზეწოლა დაიწყო, ყველა რაიონს შეეხო, მარტო მე არ შემეხნენ და ქალაქის სამმართველოს ხელმძღვანელობას, ზედმეტ ხმაურს მოერიდნენ.

-ვანო მერაბიშვილს დათა ახალაიასთან ერთადაც შეხვდით?
- ვანომ დამიბარა და რომ მივედი, ახალაია და სანოძე იქ დამხვდნენ. ვანოს ვუთხარი, რომ ვიპოვეთ მოწმე, რომელიც ადასტურებდა სანდრო გირგვლიანის კონფლიქტს ბარში მსხდომ პოლიციის მაღალჩინოსნებთან. ეს არ ესიამოვნა ვანოს, რადგან მას სურდა, რომ ეს კონფლიქტი არ გამოჩენილიყო. მთელი კუდი იმაზე მუშაობდა, რომ მოწმეები დაემუშავებინა და მათი ჩვენებები პოლიციამდე არ მოსულიყო. ვანოს ვუთხარი, რომ თუ მომეცემოდა საშუალება და მისგან თანხმობა იქნებოდა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, დავაკავებდი და დავკითხავდი კუდის მაღალჩინოსნებს. ამ ხალხის ამბავს მე თვითონ გავარკვევო, თქვენ გააგრძელეთ მუშაობაო, მიპასუხა. მე ვანოზე ვიყავი დამოკიდებული, რადგან კუდის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაას მარტო ვერ მივიღებდი.

- დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ამტკიცებს, რომ საქმეში სკანდალური სასამართლო-სამედიცინო დასკვნა დევს. რა იცით ამის შესახებ?
- არანაირი სკანდალი ამ დასკვნაში არ დევს. ერთადერთი შესაძლოა ის გულისხმობს დასკვნის ხარვეზს. ექსპერტმა კი დაადგინა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ სიკვდილის დრო არ დაუფიქსირებია. როგორც ჩანს ეს უჭირავს ხელში ზაქარეიშვილს დ ამით მანიპულირებს. 
პოლიციელების უმრავლესობა, რომლებიც სანდრო გირგვლიანის საქმის გახსნას გადააყოლეს, დღესაც დაუსაქმებელია. ისინი სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებში მოწმეებად გამოდიან, საათობით იკითხებიან პროკურატურაში, თუმცა სამსახურში მათ აღდგენაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს.



საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“/
ევა ალფენიძე
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია