დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საარჩევნო სისტემის თაობაზე ოპოზიციის პროტესტმა პარლამენტის სხდომა ჩაშალა
2015/06/10 21:32:02

პარლამენტმა 10 ივნისს არაერთი რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, კვორუმის უქონლობის გამო, სხდომა ვერ გახსნა, რადგანაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რეგისტრაციის გავლაზე უარი განაცხადეს.


ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან და თავისუფალი დემოკრატებიდან განაცხადეს, რომ ეს იყო მათი პროტესტი საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე კოალიცია "ქართული ოცნების" ინიციატივის მიმართ, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს. 

 

ოთხშაბათს დღისით 72 დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია, რაც კვორუმისთვის არასაკმარისი რაოდენობაა. ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას 86 წევრი ყავს, მაგრამ ზოგიერთი მათგანი სხდომას არ ესწრებოდა.

„ხელისუფლება არ გვესაუბრება ამ თემაზე [საარჩევნო სისტემის რეფორმაზე] და ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს და გააგრძელოს ის ტრადიციები, რომელიც იყო და სწორედ ამიტომ არ გავდივართ რეგისტრაციას“, – განაცხადა დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმა.

 

„ოპოზიციას და უმრავლესობას ერთიდაიგივე აზრი რომ არ აქვს გასაგებია, მაგრამ არ გავლა რეგისტრაციის ეს არის ხელშეშლა და საბოტაჟი პარლამენტის საქმიანობის“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

 

„თქვენი მოვალეობაა აქ პარლამენტში კვორუმის შეკრება“, – მიმართა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ნადირაშვილმა უმრავლესობას.

 

მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში დეპუტატები კვლავ შეიკრიბნენ სხდომათა დარბაზში, თუმცა რეგისტრაცია 75 დეპუტატმა გაიარა და კვორუმის შეკრებას 1 დეპუტატი დააკლდა. შემდგომი რეგისტრაციების დროსაც კვორუმი ვერ იქნა მიღწეული, რის გამოც დეპუტატები უკვე პარასკევისთვის შეეცდებიან სხდომის გამართვას.

 

ოპოზიციური, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პარტიები, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებისკენ მოუწოდებენ 2016 წლის არჩევნებამდე. ქართული ოცნება თანახმაა, რომ მხარი დაუჭიროს იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ამ კომპონენტს გააუქმებს იმ არჩევნებისთვის, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება – ეს იქნება 2020 წელს, თუ მანამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდა.

 

კოალიცია ქართულმა ოცნებამ რეფორმის თაობაზე ინიციატივა გასულ კვირას წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული სისტემის შენარჩუნებას, რომლის დროსაც 150–წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან ოლქში აირჩევა, ხოლო დანარჩენი 77 ადგილი პროპორციული წესით გადანაწილდება.

  
 
თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდება მაჟორიტარულ ოლქებს შორის ამომრჩეველთა რაოდენობის მხრივ დღეს არსებული დისბალანსი და მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 50%-იანი ბარიერი დაწესდება. ინიციატივის თანახმად, არჩევნების მეორე ტურამდე იმ შემთხვევაში მივა საქმე, თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 50%–ზე მეტს.  

 

არსებული წესით, გამარჯვებულად ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცხადდება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ 30%–ისა.

 

ქართული ოცნების ინიციატივა ასევე ითვალისწინებს დღეს არსებული ერთმანდატიანი ოლქების რეფორმირებას საარჩევნო ოლქებს  შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. 


 
„ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ერთპიროვნულად დაჯდეს ერთი პარტიის ფორმატში და ივანიშვილის მონაწილეობით წინასწარ დაადგინონ, როგორი იქნება 2016 წლის არჩევნები და არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან კონსულტაცია არ გაიარონ“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა. ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დროს საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

 

„დღეს ხელისუფლება გვთავაზობს იმას, რომ 2020 წელს განვახორციელოთ ეს რეფორმა – მე ვფიქრობ ძალიან არაადეკვატურია ეს ყველაფერი... დღეს ხელისუფლება არ არის მზად ესაუბროს ოპოზიციას იმ რეფორმებზე, რომელსაც თვითონ პირდებოდა საზოგადოებას და ხალხს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვირჩევთ ამ ფორმას მათთან ურთიერთობების“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ. 

 

ოპოზიციაში ყოფნის დროს ზოგიერთი პარტია, რომლებიც ახლა მმართველ კოალიციაში შედიან, მათ შორის რესპუბლიკური პარტია, კონსერვატიული პარტია და ეროვნული ფორუმი, საარჩევნო სისტემის იგივე რეფორმას ითხოვდა, რასაც ახლა ოპოზიცია ითხოვს.

 

იმავდროულად, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა, რომელიც უკვე თვეებია რეფორმის მოთხოვნით კამპანიას ახორციელებს, გააფრთხილა 10 ივნისს, რომ მათ შესაძლოა ქუჩის აქციებს მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ შეასრულებს.

 

წყარო: http://www.civil.ge/geo/article.php?id=29442

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია