დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სხვადასხვა სივრცე
სოფლელი ბიჭის წერილი ქალაქელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/03/11 16:57:50

ჩემი ქალაქელი მეგობრები ხშირად წერენ ღია წერილებს. ცდილობენ, თავიანთი სათქმელი პირდაპირ უთხრან ადრესატს. შემდეგ საზოგადოებაც ერთვება მსჯელობაში, ზოგს მოსწონს, ზოგიც იგინება. მეც ვცდილობ, ჩემი აზრი დავაფიქსირო, თუ მოვახერხე და ინტერნეტით მაინც შემოვაბიჯო თქვენს სამყაროში.

მეც მინდა, მივწერო წერილი თბილისსა თუ სხვა ქალაქში ჩაკეტილ ხელოვანებს. ვუთხრა მათ, თუ როგორ გვენატრება აქ თეატრი, კინო, მუსიკა, ხატვა და უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია, აზრთა გაცვლა, საუბარი თქვენთან... როგორც წესი, ადამიანს გენატრება ის, რითაც ერთ დროს განებივრებული იყავი. ამ მხრივ, ჩვენი მონატრებაც სხვაგვარია, ოცნებისმაგვარი. ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მე თქვენთვის სათქმელი ბევრი მაქვს.


ჩემი სოფელი დიდია, სახლი კი, სადაც ვცხოვრობ, იმაზე პატარა, ვიდრე ალბათ წარმოიდგენთ. შეიძლება იფიქროთ, რა ჯობია სოფელში ცხოვრებას, ბუხართან ჯდომას და წიგნების კითხვასო, მაგრამ არც ისე ადვილია აქ ცხოვრება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ წერილის დიდი მოლოდინი არ გამაჩნია, არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე დაინტერესდება და თავს დაიღლის სოფელში მცხოვრები მომავალი თაობის პრობლემებზე ფიქრით. მაინც ვცდი ბედს, იქნებ "სარკეში" მოხვდეს.


ჩვენს სკოლამდე მისასვლელი ბილიკიც კი არ არის გამართული, არათუ დედაქალაქიდან ხელოვანებისათვის ჩამოსაღწევი გზა. ჩვენ, სოფელში მცხოვრებნი, გამიჯნულნი ვართ ქალაქელი ხელოვანებისგან. ეს კი ყოველ ნაბიჯში იგრძნობა. სამწუხაროდ, ჩემი სოფელი ისე შორს არის ქალაქიდან, იქ ჩასვლასა და სახლში დაბრუნებას ერთი დღე სჭირდება. გოგი პაპას საბჭოთა ავტობუსს ხომ მეტ სისწრაფეს ვერც მოსთხოვ. კაცმა არ იცის, რომელი ორღობის რომელ ორმოსთან უმტყუნებს ძველი მეგობარი. საბედისწერო უგზოობაა. ამას წინათ მეზობელი ბიჭი გარდაიცვალა, სასწრაფოს დაუგვიანია და ეს შემთხვევა პირველი არ არის.
გაფუჭებული გზის გამო ზაფხულშიც კი ჭირს გადაადგილება. სკოლაში წასასვლელად დილის 7 საათზე ვდგები და შინ გვიან ვბრუნდები. ზამთარში ძალიან მიჭირს, გაზაფხულზე კი სასიამოვნოა ალიონი. მზის ამოსვლას ვეგებები, რომლის სხივები იქაც მიდიან, სადაც სხვა სამყაროა, რუტინულად აწყობილი ყოველდღიურობით, მაგრამ დიდებული კინოთეატრების შენობებით, ბიბლიოთეკებით, გალერეებით, განათებული საცხოვრებელი სახლებით.


ჩვენც გვჭირდება ცოტაოდენი თანამედროვეობა, რომ გაცილებით მეტი ვიცოდეთ და თავი სამყაროს ნაწილად ვიგრძნოთ. დედა ხშირად ყვება ხოლმე თავისი ახალგაზრდობის ამბებს და ძალიან განიცდის, რომ მე და ჩემს ძმას არ გვაქვს ქალაქში ხშირად სიარულის ფუფუნება, რათა არ მოვწყდეთ ცივილიზაციას. ჩვენი მატერიალური მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას, ხშირად გესტუმროთ ქალაქში.


სკოლიდან დაბრუნებულს სახლში დიდი ვერაფერი გასართობი მეგულება. მხოლოდ ტელევიზორი, 2–3 ქართული არხითა და ნაჩუქარი ნოუთბუქი, ოღონდ უინტერნეტო. სახელმძღვანელოებში დავალებების სახით კი წერია, მოიძიეთ ეს, მოიძიეთ ის ინფორმაციაო. იმას კი არ წერენ, ეს როგორ უნდა შევძლოთ. რაღაც გზებით, იშვიათად, მაგრამ მაინც ვახერხრებ მსგავსი დავალებების შესრულებას, აი, მაშინ, როცა ქალაქში ნათესავთან ან ისეთ მეგობართან მივდივართ, ვისაც ინტერნეტი აქვს. მაშინ ვიწერ ფილმს, მუსიკას... რამდენიმე დამიგროვდა უკვე. თითოეული ათჯერ მაინც მექნება ნანახი. რა თქმა უნდა, ახალი ფილმების ყურება მირჩევნია, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის...


ბაბუა მიყვება, რომ მისი ახალგაზრდობის დროს ჩემს სოფელში კინო ყოფილა, სადაც მეგობრები ერთად დადიოდნენ, ერთობოდნენ. შეხვედრის სხვა სივრცეც ჰქონდათ. ახლა კინო კი არა, "შესახვედრი თანატოლიც" თითქმის არ არის.ბებია კი სოფლის თეატრალური დასის წევრი ყოფილა. ერთად როცა მივდივართ აწ უკვე დანგრეულ კლუბში, მიყვება, როგორ ჩამოდიოდნენ თეატრის ბუმბერაზი მსახიობები, რეჟისორები და სხვა ხელოვანები.


ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვებს: რატომ არ შეიძლება სოფელსაც შეხედოთ ისე, როგორც სრულფასოვან საცხოვრებელს, იზრუნოთ მასზე, იქ მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომელთაც მშობლებმა საკუთარი მიწა–წყლის სიყვარული ჩაუნერგეს? თუ ჩვენი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ "განუვითარებელ" სოფელს არ ვტოვებთ, მზად ვართ, პასუხი ვაგოთ.


რატომ არ შეიძლება ხელოვანებმა თეთრად შეღებილი დარბაზებიდან გამოიხედონ და ჩვენთანაც დააარსონ კულტურული ცენტრები, გახსნან ბიბლიოთეკები, კინოთეატრები, ჩვენ ხომ ამხელა სივრცე გვაქვს, სივრცე, რომელშიც ვიკარგებით და მიუწვდომლები ვხდებით ჩვენივე ქვეყნისთვის. ყველაფერი ხომ სოფლიდან დაიწყო, სოფელმა აღუზარდა ქვეყანას ბუმბერაზი მწერლები, პოეტები, მსახიობები, რეჟისორები...
მინდა, მომავალში მაინც გვეწვიოთ სოფლად. სუფთა ჰაერი და ულამაზესი ბუნება გვაქვს, სწორედ ის, რაც გენატრებათ და გაკლიათ!

 

წყარო: http://life.mediamall.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია