დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რუსეთი ისე წევს საქართველოსთან საზღვარს აქეთ-იქით, როგორც აწყობს
2010/12/20 15:17:46

საქართველოსა და რუსეთს შორის მუდმივმა დაძაბულმა და კონფლიქტურმა მდგომარეობამ ქართული მიწების ერთი მესამედის დაკარგვა გამოიწვია. 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართულმა ომმა ჩვენი საზღვარი დიდ რუსეთთან უფრო სამხრეთით გადმოწია. თუმცა ჩრდილოელი მეზობელი ამით არ დაკმაყოფილებულა და კვლავ აგრძელებს საქართველოს ექსპანსიას. ყველაფერ ამას დაემატა ბოლო დღეების განმავლობაში მოსკოვში ნაცისტების გამოსვლა კავკასიელების წინააღმდეგ. საქართველოსა და რუსეთს შორის ჩრდილოეთ კავკასიის როლზე ექსპერტს  კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს ვესაუბრე. ამ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ოფიციალურად დემარკირებული არ არის, შესაბამისად, უამრავი პრობლემა ჩნდება. ექსპერტი დეტალურად გვესაუბრა იმ საკითხებზე, რაც საქართველოს ჩრდილოეთით ხდება.

 

მამუკა არეშიძე: - რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის დაცვა ორივე მხრიდან ხორიციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიიღეს.  საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციული საზღვარი ხშირად იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოსაზრებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზღვარი დაფიქსირებულიყო კავკასიის ქედის გასწვრივ. საბოლოოდ, საზღვარი დაფიქსირდა იმ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც არსებობდა სს რესპუბლიკებს შორის. მიუხედავად ამ დოკუმენტის არსებობისა, რომელსაც ნახევრად კანონიერი ფორმა აქვს, რუსეთი ისე წევს საზღვარს აქეთ-იქით, როგორც აწყობს. ძველი დოკუმენტის შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა და რუსეთი უკვე ჩვენს ტერიტორიაზე ორ რეგიონს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აკონტროლებს. დამატებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი საზღვარს თავის ნებაზე წევს, საქართველომ 90-იანი წლების შემდეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა. ორმოცდაოთხი გადასასვლელიდან, რომელიც არსებობდა ამ ორ ქვეყანას შორის სსრკ-ს დროს, დღეს ოცდაოთხს  რუსეთი ორივე მხრიდან აკონტროლებს. ცხრა განსახლების პუნქტიდან კი, რომელიც არსებობს საქართველოს მთიანეთში, ხუთს რუსეთი აკონტროლებს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მიტოვებული და მოსახლეობისგან დაცლილი მთიანეთი. თუ არ ჩავთვლით მესტიისა და ონის რაიონებს, დანარჩენი თითქმის გაუკაცრიელებულია. თუ საზღვარზე არ არსებობს მოსახლე, რთულია ამ საზღვრის დაცვა, ვინაიდან იქაური მცხოვრებლები თავისთავად არიან საზღვრის დამცველნი. ხოლო ისინი, ვინც ოფიციალურად აკონტროლებენ საზღვარს, არ არიან საკმარისნი. რუსეთს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი ექსპანსიისთვის.

- თქვენი აზრით, რა კონკრეტული მიზნები ამოძრავებს რუსეთს?

- მოახდინოს საქართველოს ჩრდილო ნაწილის ოკუპაცია - რუსეთის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია და მართალიც არის ამაში,  რომ ვერ შეინარჩუნებს ჩრდილოეთ კავკასიას, თუ სამხრეთ კავკასია არ გააკონტროლა. ეს არის ორგანული სივრცე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. უმნიშვნელოვანესია სამხრეთ კავკასიის კონტროლი. თუ ვერ მოახერხა საქართველოს გაკონტროლება, მისი მიმდებარე ტრიტორია მაინც უნდა გააკონტროლოს. იგი ცდილობს, ინფრასტრუქტურა მოაწყოს, აშენებს როგორც ვერტიკალურ, ისე ქედის პარალელურ გზებს, რათა მაქსიმალურ კონტროლში ჰყავდეს სივრცე; ქმნის ეკონომიკურ უბნებს კავკასიაში; ერთი  მხრივ ხელს უწყობს მათ განვითარებას, მეორე მხრივ კი ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია მომგებიანი საფარია ექსპანსიონისტური ფედერაციისათვის.

- რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ჩრდილოეთ კავკასიასთან მეგობრობა და საზღვრის გახსნა?

- ჩრდილოეთ კავკასიასთან ურთიერთობების დალაგება არის ჩემი ბოლო თხუთმეტი წლის მუშაობის ქვაკუთხედი. მათ გარეშე ვერ მოვახერხებთ ჩვენი პრობლემების ნაწილის გადაჭრას, ვერ შევძლებთ  კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირებას. ვფიქრობ, რომ კავკასიელებთან კომუნიკაცია უფრო მასშტაბური უნდა იყოს. მე არ ვარ გზის გახსნის წინააღმდეგი, უბრალოდ, გზის გახსნამდე არ მოხდა იმ რისკებისა და საფრთხეების ლიკვიდაცია, რომელიც შეიძლებოდა წარმოქმნილიყო გახსნის შემთხვევაში. ეს რისკები და საფრთხეები, რასაკვირველია, არსებობს. იქიდან ბოევიკების წამოსვლის საფრთხე აბსურდულია, ვინაიდან მათ თუ სურთ საქართველოში გადმოსვლა, ისედაც შემოვლენ საზღვრის გავლით სამხრეთ ოსეთიდან. მათ აქვთ საშუალება, თუ მოუნდათ, სხვა გზითაც ისარგებლონ, როგორც მოხდა 1999 წელს. ჩრდილოეთ კავკასიაში არსებობს ისეთი ორგანიზაციები, როგორიც არის „დარიალი“, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ საქართველოს  ტერიტორიებზე.  ორგანიზაცია „დარიალი“ საკმაოდ მნიშვნელოვანია. რადგან ისინი დაკომპლექტებული არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეებით, ოსებით, რომლებიც განეკუთვნებოდნენ თრუსოს ხეობისა  და კობის ქვაბულის მოსახლეობას. მათი ამოცანაა, ყაზბეგის რაიონი შეუერთონ ჩრდილო ოსეთს. ასეთი ხალხისთვის რთულია გზის დაბლოკვა, ვინადან ზოგიერთი მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ მათ თავისუფლად შეუძლიათ დაბრუნდნენ და მოითხოვონ თავიანთ სახლებში შეშვება. ემისრები კი აუცილებლად ივლიან. ისინი საქართველოს მეშვეობით მოხვდებიან წინა აზიაში და იმ ქვეყნებში, სადაც ფინანსდებიან. ესეც სახიფათო თემაა. რამდენად მოერევა ამას ქართული სპეცსამსახურები, რთული სათქმელია. ტერორისტების შემოსვლას არ ვვარაუდობ. მათაც თუ უნდათ,  უცებ შემოვლენ სამხრეთ ოსეთის მხრიდან და აღმოჩნდებიან ტრანსკავკასიურ  მაგისტრალზე. პრინციპში, ამ გზის გახსნა არ არის ცუდი, მაგრამ ის რისკები და საფრთხეები, რაც მოჰყვა, არ არის გათვალისწინებული. ერთი ფაქტორია კიდევ, ვიწ ვევთ რუსეთის  გაღიზიანებას, მაგრამ თუ მისი გაღიზიანების მოგვერიდა,  საერთოდ არაფერი უნდა გავაკეთოთ, ვინაიდან ის სულ ღიზიანდება.  ვისაც გაუხარდა საზღვრის გახსნა, არიან იქ მცხოვრები ქართველები. დაახლოებით 40-50 ათასი ქართველი ცხოვრობს ჩრდილოეთ კავკასიაში და მათთვის კარგი საშუალებაა ნათესავების მოსანახულებლად. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ გზას ძირითადად იყენებენ მუსლიმები, რომლებიც მოსალოცად მიდიან მექაში.

 

***

ბოლო დღეების განმავლობაში დაძაბულობაა მოსკოვში. არ წყდება რუსი ნაციონალისტების გამოსვლები.  კავკასიელებსა და რუსებს შორის შეტაკებებისას 40 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებებს მსხვერპლი მოჰყვა. დაკავებულია 2000-მდე ადამიანი. დასავლურ პრესაში აქტიურად იწერება, იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში შეიძლება ამბოხება მოხდეს და რუსეთს გამოეყოს. ამას ადასტურებს პუტინის მიერ გაკეთებულოი განცხადება: „ექსტრემიზმის ნებისმიერი გამოვლინება უნდა აღიკვეთოს. არ უნდა შევფეროთ რაღაც ფერებით კავკასიელები, მით უფრო, რომ ეროვნება კავკასიელი არ არსებობს“. მამუკა არეშიძემ გაგვიზიარა თავისი მოსაზრება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

მამუკა არეშიძე: დაძაბულობა იმატებს და კიდევ რომ გაიზრდება, ეს ფაქტია. რაც შეეხება გამოყოფას, მათთვის ძალიან დამღუპველი იქნება. განსაკუთრებით - იმ რეგიონებისთვის, რომლებიც შემოსაზღვრული არიან სამხრეთიდან მთიანეთით და დანარჩენი სამი მხრიდან - რუსეთით, მაგალითად: ინგუშები, ჩეჩნები. მომგებიანი შეიძლება იყოს მხოლოდ დაღესტნისთვის. დანარჩენ შემთხვევაში ყველასთვის მძიმედ დამთავრდება ეკონომიკური თვალსაზრისით. მთელი ჩრდილოეთ კავკასია ცხოვრობს მოსკოვიდან გადმორიცხული თანხით.   ისე   აეწყო  სტრუქტურა  მოსკოვსა და რეგიონებს შორის, რომ შვიდივე რესპუბლიკა არის დოტაციური, მაგალითად დაღესტანს ბიუჯეტის 92 %-ს ჩუქნის მოსკოვი, მისი წარმოება მხოლოდ 8 %-ია. ისინი არავითარ გამოყოფას არ ცდილობენ, დამთავრდა დუდაევის დრო. მათ სურთ გარკვეული დისტანცირება  მოსკოვისგან, თან უნდათ დამოუკიდებლობა და თან ფულიც.  ხელისუფლებამ ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, როცა მოსახლეობის  ყურადღება გადაიტანა იმაზე, რომ ყველაფერი ჩრდილო კავკასიელების ბრალია. თითქოს რუსები იმიტომ ცხოვრობენ ცუდად, რომ მთელი ბიუჯეტი მიდის იმ ომზე, რაც ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. სინამდვილეში, ბიუჯეტის ლომის წილი სულ სხვა რამეზე იხარჯება. მან ეს ჯინი გამოუშვა ბოთლიდან და ახლა მოვლენებს ვეღარ აჩერებს. ის, რაც ხდება მოსკოვში, სპონტანურია. დაპირისპირება მარტო  კავკასიელების წინააღმდეგ არ არის მიმართული. რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის გულშემატკივრებმა მოკლეს ტაჯიკი. სლავები დაუპირისპირდნენ შუა აზიელებს, ვიეტნამელებს, ჩინელებს, კავკასიელებს. მაგრამ  მოსკოვში საკმაოდ დიდი და ძლიერი კავკასიური დიასპორებია. მათ დაპირისპირებას კი შეიძლება სამოქალაქო ომი მოჰყვეს. როგორც ვატყობ, რუსეთში ხელისუფლება მოვლენებს ჯერ ვერ აკონტროლებს. იქნება სამოქალაქო ომი, რომელიც, თუ თავის ნებაზე მიუშვეს, არავინ იცის, რით დამთავრდება.

მარიამ მებურიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია