დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრის წერილი უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს
2013/03/25 14:58:50

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებს სპეციალური წერილით მიმართა, სადაც აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით არსებულ საკითხებზე მათ ინფორმაცია მიაწოდა.

გთავაზობთ ამ წერილს სრულად:

 

"ძვირფასო კოლეგებო,

ნება მომეცით, პირველ რიგში, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი საქმიანობისთვის და საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმების შედეგად, ჩვენ შეგვეძლება მეცნიერებისა და კვლევის განვითარებისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა. შესაბამისად, თქვენი გამოცდილება და ცოდნა მნიშვნელოვნად წაადგება საქართველოში მეცნიერების გაძლიერებას.

აგრეთვე, მადლობას გიხდით აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით თქვენი ინტერესის გამოთქმის გამო. ამ შემთხვევაში, ჩემი პასუხი მხოლოდ კანონის უზენაესობის პრინციპებს ეფუძნება. საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ, აგრარულ უნივერსიტეტში აღმოაჩინა დარღვევები, რომელთა საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი იყო. შესაბამისად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოს მოქალაქე ვალდებული ვარ ვემორჩილებოდე საქართველოს კანონს და ვმოქმედებდე მხოლოდ მის ფარგლებში. აგრეთვე, ბატონი კახა ბენდუქიძე, როგორც საქართველოს მოქალაქე და აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვალდებულია ემორჩილებოდეს საქართველოს კანონს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აღსანიშნავია, ბატონმა კახა ბენდუქიძემ აღიარა ხარვეზების არსებობა და მოიყვანა უნივერსიტეტის დოკუმენტაცია კანონთან შესაბამისობაში და წარადგინა განაცხადი ხელახალი ავტორიზაციისთვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან, აგრეთვე, რომ არ მომხდარიყო ამ პროცესის უფრო პოლიტიზირება ბატონი ბენდუქიძისა და ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების მხრიდან, რისი მცდელობაც თავიდანვე იყო, მივმართე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხი. შესაბამისად, სამშაბათს, 26 მარტს, უკვე დანიშნულია სხდომა, სადაც მოხდება ამ საკითხის განხილვა. აგრეთვე, აუცილებლად მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ აგრარული უნივესიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას არ გამოუწვევია სწავლის პროცესის შეფერხება, რადგან გადაწყვეტილება ძალაში საგაზაფხულო სემესტრის დასრულების შემდეგ შედის.

კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ თქვენი დაინტერესებისთვის და თქვენ მიერ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის იქნება ეს საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ."


პატივისცემით,

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1774
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია