დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„უკეთესად წერენ ევროპელები?“
2013/04/25 12:50:27

რეზო ჭეიშვილი 80 წლისაა

 

 

თანამედროვე ქართული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენელი, შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი რეზო ჭეიშვილი ამ დღეებში 80 წლის გახდა. ქუთაისის საზოგადოებრიობამ ცოცხალი კლასიკოსის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა: 23 აპრილს ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ხოლო 24 აპრილს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დიდი შემოქმედებითი საღამოები გაიმართა.

80 წლის იუბილეს წინ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი უძღოდა: მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისის საგამომცემლო ცენტრმა მწერლის თხზულებათა შვიდტომეული გამოსცა.

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა ქუთაისში. პირველი მოთხრობები 1958 წელს გამოაქვეყნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“. მკითხველი კარგად იცნობს მის მოთხრობებს, ნოველებს, პუბლიცისტურ წერილებს, რომანებს: „ჩემი მეგობარი ნოდარი“ („ქალაქში დინოზავრები დადიან“), „დალი“, „მუსიკა ქარში“, „ყაჩაღები“, „კუდიანი ვარსკვლავი“, „ქარების დაბრუნება“, „ასკილის წითელი ყვავილი“. 2003 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ ნაწარმოებთა სამტომეული.

რეზო ჭეიშვილი ქუთაისსა და თბილისს შორის „გაბმული“ მწერალია. მთელი თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე არ მიუტოვებია მშობლიური ქალაქი. თავის ნაწარმოებებში იგი ხატავს თანაქალაქელთა კოლორიტულ სახეებს, გადმოსცემს მათ სევდას, სიხარულს, სიყვარულს, უცნაურ, თითქოსდა ალოგიკურ თავგადასავლებს. მის პროზაში ჰიპერბოლური ნაკადი ბუნებრივად ერწყმის რეალისტურს. რეზო ჭეიშვილი სატირულ-იუმორისტული პროზის დიდოსტატია, მიმართავს გროტესკს, სარკაზმს, ირონიას. სწორედ ამ თვითმყოფადი მწერლური მანერითაა მისი ნაწარმოებები გამორჩეული და საყოველთაოდ აღიარებული.

ბოლო პერიოდში ნაყოფიერად მუშაობს დოკუმენტურ პროზაში, რომელსაც თავად „მომავლის პროზას“ უწოდებს. ამის ნიმუშია თუნდაც 2005 წელს გამოცემული „მესამე გზა (ქუთაისის შესახებ და სხვაც)“.

რეზო ჭეიშვილის სცენარების მიხედვით შექმნილია კინოფილმები: „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „ბზიანეთი“, „გამოაღეთ ფანჯრები“, „ზღვის მგელი“, „ჭიდაობას რა უნდა“, „ექსპრეს-ინფორმაცია“ და სხვ. მასვე ეკუთვნის ეკრანიზაცია (სცენარები) ფილმებისა: „ბაკულას ღორები“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ყვარყვარე“.

იშვიათი პოპულარობა ხვდა წილად რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ფილმს „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1984, რეჟისორი ელდარ შენგელაია), რომლისთვისაც მწერალს 1985 წელს სსრკ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

რეზო ჭეიშვილი 1992-2005 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე; 1961 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სხვადასხვა პერიოდში - ჟურნალ „ცისკარში“, ალმანახ „საუნჯეში“, ჟურნალ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. გამოსცა და იყო მთავარი რედაქტორი გაზეთებისა „მოწამეთა“, „მწვანეყვავილა“, „მწერლური ცხოვრება“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისივე პერსონალური „მწერლის გაზეთი“.

როცა რეზო ჭეიშვილის პროზაზე ვლაპარაკობთ, მრავალ პროფესიულ შეფასებათა შორის, არ შეიძლება, არ მოგვაგონდეს მისი დიდი თანამოკალმის, რეზო ინანიშვილის ერთი ძველი სამაგიდო ჩანაწერი:

„რ. ჭეიშვილის „კვამლი“. დავიდოთ გულზე ხელი და ვთქვათ, უკეთესად წერენ ევროპელები? რა საზარელი გამოფიტულობაა ყველგან, და როგორ ტრიალებს და ბორიალობს ადამიანის სული კვამლივით. ყოჩაღ, ჭეია!“

„ჭეიამ“ მართლაც ღვთაებრივი ნიჭიერებით დახატა თავის შემოქმედებაში ქუთაისისა და საქართველოს მარადი სული.

თაყვანისცემა - მის უბერებელ კალამს!

 

გაზეთ „P.S.“-ის რედაქცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია