დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოდელირებული ოცნების ქალაქი ქართულ კინემატოგრაფიაში
2010/06/08 14:01:17

მართალია, საარჩევნო ციებ-ცხელება დასრულდა, მაგრამ ხუთი ნომრის პიარკამპანიამ გაგრძელება ახლადგადაღებულ ქართულ ფილმებში ჰპოვა. „მაიტა ნასოსი“, „ოცნების ქალაქი“ და „ქუჩის დღეები“ - ეს ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმებია, რომლებიც აქამდე მხოლოდ თბილისის კინოთეტრებში გადიოდა, ცოტა ხნის წინ კი ისინი მაყურებელმა ტელეეკრანებზეც იხილა.

 

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი-2“-ზე „ოცნების ქალაქის“ ჩვენება მოეწ-ყო. აქამდე ფილმის ნახვა მხოლოდ თბილისის კინოთეატრის ეკრანებზე იყო შესაძლებელი, თუმცა იმათთვისაც კი, ვინც ფილმი პირველად ტელე-ეკრანებზე ნახა, უჩვეულო ერთი შეხედვითაც ბევრი რამ აღმოჩნდა.

„კინოში წასვლა თუ მოგინდა, არჩვენი მაინც და მაინც ქართულ ფილმზე უნდა შეაჩერო, ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით: „მაიტა ნასოსის“, „ოცნების ქალაქის“ და „ქუჩის დღეების“ გარდა, მაინც არაფერი გადის... ორი დღის წინ კი „ოცნების ქალაქი“ „რუსთავი-2“-მა წინასაარჩევნოდ მოდელირებული ვარიანტით გვაჩვენა, განათებული მშვიდობის ხიდით და ომში დაღუპულთა განათებული მემორიალით. მაშინ, როცა ეს „ღირსშესანიშნაობები“ ფილმის გადაღების შემდეგ გაჩნდა ქალაქში“, - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერნეტ-ფორუმში ფილმის გარჩევისას თბილისის მკვიდრმა თეონა ჭოლაძემ.

„ოცნების ქალაქის“ კრიტიკა ამით არ დასრულებულა.

„ეს არის ფილმი, რომლის დანაწევრება შეიძლება კლიპებად და თითოეული ეს კლიპი მშვენიერი არჩევანი იქნებოდა ნაციონალების რეკლამისთვის“, - წერს ასევე ერთ-ერთი ფორუმის მონაწილე გიორგი ხელაია.

ზოგადად კი უმეტესობამ ფილმი დადებითად შეაფასა. როგორც ჩანს, თანამედროვე კინოს მთავრი პრინციპი: „მთავარია, ფილმში რაც შეიძლება მეტი ცნობადი სახე იყოს დასაქმებული“ - ისევ კარგად მუშაობს. განსაკუთრებით, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფილმში მთავარ როლებს ნანკა კალატოზიშვილი, დუტა სხირტლაძე, შორენა ბეგაშვილი და ჯგუფი „მგზავრები“ თამაშობენ.

„ოცნების ქალაქში“ მაია ასათიანის „პროფილსაც“ იხილავთ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც რეალურ ცხოვრებაში: ხუთშაბათს, ზუსტად ათ საათზე, ყველანი ტელეეკრანებთან იკრიბებიან პროფილის სანახავად. ფილმის ეს ეპიზოდი ასე შეაფასა დავით პაიჭაძემ: „მაია ასათიანის „პროფილი“ „ოცნების ქალაქში“ იგივეა, რაც სიკვდილი ავთანდილის ანდერძში - ის ათანასწორებს ყველას: ტაქსის მძღოლები, მდიდარი ქართველები, ქუჩის გამვლელები, ახალგაზრდები, ბოზები - ყველანი უყურებენ „პროფილს“ - ოცნების ქალაქში მოხვედრის გამო მოდელირებულს, სადაც ფერფლიდან აღდგება ჭეშმარიტი სიყვარული...“

მისივე თქმით, „ოცნების ქალაქში“ ორი სუბკულტურა ეჯახება ერთმანეთს: ჯეკო (იგივე ჯემალი) წარმოადგენს ჯერაც ბოლომდე გაუაზრებელ და შეუთვისებელ გლამურს, რომელიც ვიღაცეებს კი იზიდავს, მაგრამ ესთეტიკურად მაინც უცხო და არაორგანულია. აი, ეს უდღეური ქართული გლამური მარცხდება ასევე ქართული კულტურის მეორე ფრთასთან, რომელსაც „ოცნების ქალაქის“ დადებითი პერსონაჟები განასახიერებენ. მაგალითად, კლუბური მუსიკა უკან იხევს სენტიმენტებით დატვირთული თბილისური ბალადების წინაშე - ასეთია „მგზავრების“ მუსიკაც და ვოკალიც. ეს არ არის ანდერგრაუნდი - „მგზავრები“ იმთავითვე ამაღლებული არიან, რეპეტიციებს სახურავზე აწყობენ. ქერა, შურიან და მდიდარ ჯეკოს უწევს, დაუთმოს ქალი შავგვრემან, ღარიბ და უმზაკვრო სანდროს. მოკლედ, ფსევდოდასავლური, ყალბი და ნედლი აგებს ეროვნულთან, კარგად ჩაშუშულთან.“

შორენა ბეგაშვილს კი, რომელიც ამ ფილმში, ისევე, როგორც „მაიტა ნასოსში“ საზღაურის ფასად ართობს სხვებს, „კინემატოგრაფიული ტრეფიკინგის მსხვერპლად“ ნათლავენ.

რაც შეეხება „მაიტა ნასოსის“, მან მაყურებლის ყველაზე დიდი სიმპათია და კეთილგანწყობა დაიმსახურა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იუმორი აქ ისევ აქტუალურია, ისევე, როგორც ცნობადი სახეები, რომლის ნაკლებობა არც ამ ფილმში შეიჩნევა.

„მაიტა ნასოსი“ „ყველაზე სწრაფების“ გარდაქმნაა, ოღონდ - სვანებზე, თუმცა მას „შეწეპებულ სკეჩად“ უფრო მოიხსენიებენ, ვიდრე კომედიად ან „ფილმად“.

„სიტყვები: „ფილმი“, „სურათი“, „კინო“ - სრულიად შეუსაბამოა იმის სახელდებისათვის, რასაც ეკრანზე ხედავთ. ამას ვერ დაარქმევთ ვერც კომედიას, რადგან სიუჟეტის ერთადერთი გამჭოლი მოტივი - მავანი ბრაზილიელის ჩასვლა სვანეთში ანეკდოტების შესაგროვებლად - ძალიან სუსტი ძაფია საიმისოდ, რომ მასზე ეროვნული კინოიუმორის მარგალიტები აისხას და ამასთან, ჟანრობრივად გაიმართოს. „მაიტა ნასოსი“ სკეჩების კრებულია, რომლის სანახავად კინოში წასვლა საჭირო არ არის - საკმარისია, ტელევიზორთან იუმორისტულ შოუს მიუსხდეთ უიკენდზე. ბოდიში, შევცდი: სვანებზე აღარც იქ ლაპარაკობენ. „ნასოსში“ არავინ თამაშობს - ზოგი საკუთარ თავს ასახიერებს, ზოგიც იმ პერსონაჟს, ხსენებულ ტელეშოუებში რომ ეფარება, ზოგიც ექსპლუატირებს იმიჯს, აქამდე რომ შეექმნა ხალხში გამოჩენის შედეგად“, - ასე აფასებს ამ ფილმს დავით პაიჭაძე.

კიდევ ერთი ფილმი, რომელსაც მაყურებელი ჯერჯერობით მხოლოდ კინოთეატრებში იხილავს, ლევან კოღუაშვილის „ქუჩის დღეებია“. მას დანარჩენ ორთან შედარებით გაცილებით ცოტა მაყურებელს უწინასწარმეტყველებენ, რადგან აქ არც რეჟისორი ოცნებობს და არც მღერიან და ხუმრობენ ქართველი მსახიობები.

ქუჩის დღეების პრობლემატიკა საკმაოდ ძველი და ყველასთვის კარგად ნაცნობია - ნარკომანია. მთავარ როლს ფილში გუგა კოტეტიშვილი თამაშობს, რომელიც საშინელი დილემის წინაშე დგას - ან ციხეში წავა, ან მოზარდს გაანარკომანებს, პოლიციას ჩააბარებს და სამუდამოდ დაღუპავს. თუ როგორ დასრულდება ყველაფერი, ამის ხილვა მაყურებელს, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის კინოთეატრებში შეეძლება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია