დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა 150 წლისაა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2023/11/17 00:12:00
დიახ 150 წლის! 

აი, რას მოგვითხრობს მისი ისტორიის შესახებ თავად ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი:
ბიბლიოთეკა 1873 წელს დააარსა ანტონ ლორთქიფანიძემ, ქუთაისის საბჭოს ხმოსანმა დეპუტატმა და ქალაქის თავის მოადგილემ. გახსნის პირველივე დღეებიდანვე ბიბლიოთეკა იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშესაყარ ადგილად. მან თითქმის 20 წელი იარსება, ხოლო 1893 წელს, როცა ქალაქის მმართველობამ გადაწყვიტა ქალაქში საზოგადო–საჯარო ბიბლიოთეკა დაეარსებინა, ანტონ ლორთქიფანიძემ, ყოველგვარი თანხის გარეშე, საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც, ფაქტობრივად, საძირკველი ჩაუყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.
საჯარო ბიბლიოთეკისათვის, თავდაპირველად, ქალაქის სამმართველოს შენობაში გამოყვეს ორი პატარა ოთახი: ერთი საცავის, მეორე – სამკითხველო დარბაზისათვის.
ქუთაისელი საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა ამ ფაქტს. ბიბლიოთეკას წიგნები შეწირეს კირილე ლორთქიფანიძემ, სერგო ბახტაძემ, რიგითმა მოქალაქეებმა. თუმცა საბიბლიოთეკო საქმიანობაში ბევრი ხარვეზიც ყოფილა. ამის შესახებ 1909 წელს გაზეთი ,,ფონი“ წერდა: ,,ნეტავ როდის იქნება, ჩვენი ,,დუმა“ წიგნის სამკითხველოსთვისაც იფიქრებს და როდის იქნება, ჩვენი საზოგადოება სამკითხველოში ჯდომას ისწავლის“.
1910 წელს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკისათვის გამოძებნეს უკეთესი შენობა ქალაქის სამმართველოს კლუბში, ხოლო 1911 წელს ქალაქისთავის – ჩიქოვანის მოწვევით ბიბლიოთეკის გამგედ დაინიშნა პედაგოგი და მწიგნობარი ქალი პელაგია ლორია. მისი ინიციატივითა და ენერგიული ხელმძღვანელობით ბევრი რამ გაკეთდა ბიბლიოთეკის მუშაობის გარდასაქმნელად.
1930 წელს ბიბლიოთეკას ეწოდა ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა და მის პირველ დირექტორად დაინიშნა კოსტა თავბერიძე.
ამჟამინდელი შენობა ბიბლიოთეკას გადაეცა 1934 წელს. თავდაპირველად იგი გახლდათ კომერსანტ გიორგი სტეფანეს ძე აკოფოვის საცხოვრებელი სახლი. რამდენადაც ნაგებობა იმდროინდელ ქუთაისში გამოირჩეოდა ფართითა და მოხერხებული მდებარეობით, ამიტომ შემთხვევითი არ იყო, რომ 1875 წლის დეკემბერში დაფუძნებულმა ქალაქის თვითმმართველობამ და სათათბირომ სწორედ ამ შენობაში დაიდეს ბინა.
1896 წელს სახლის პატრონმა გიორგი აკოფოვმა შენობა დააგირავა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკში, საიდანაც ის მოგვიანებით შეიძინა არონ ელიგულაშვილმა. 1909 წელს შენობის მეორე სართულზე მოთავსებული იყო აზოვ–დონის კომერციული ბანკის ქუთაისის განყოფილება, ქვედა სართულზე კი – სხვადასხვა სავაჭრო.
1914–1915 წლებში შენობას ინჟინერ ე. ფრიკეს პროექტით დაამატეს მესამე სართული, რომლითაც მან მიიღო დღევანდელი იერ–სახე.
1957 წელს ქუთაისის სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკას მიეკუთვნა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სახელი.
1974 წელს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ბაზაზე განხორციელდა ქალაქის ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია. დღემდე ყველა საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკა სტრუქტურულად ექვემდებარება ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.
წყარო: ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ვებ-გვერდი
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია