დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აღმაშენებლის გამზირზე მომუშავე მუშები, თვეებია, ხელფასებს ამაოდ ითხოვენ
2011/10/31 11:46:31

რამდენიმე წლის წინ ყველასაგან მივიწყებულმა ქუთაისმა, მოულოდნელად, მეორე დედაქალაქის ტიტული მოირგო. დედაქალაქად წოდებულ ქალაქს კი ნახევრად ჩამოშლილი კორპუსები, ორმოებად ქცეული გზები და ბინძური გარემო ნამდვილად არ მოუხდებოდა, სწორედ ამიტომ, დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, მასიური რესტავრაცია აქაც დაიწყო.

 

პრეზიდენტის ინიციატივით, აღმაშენებლის გამზირზე ენდემური ჯიშის კაკლის ხეები ამოძირკვეს (რომელთა ნაწილი ავანგარდის დასახლებაში გადარგეს) და, ქუთაისის კლიმატური პირობების შემოწმების შემდეგ, გადაწყვიტეს - რამდენიმეკილომეტრიანი პალმების ხეივანი და ველობილიკი გაეკეთებინათ. „უზენაესმა“ ბრძანა და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოები მალევე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები რამდენიმე თვეში დასრულდა, როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, პრეზიდენტს პალმების ხეივანი არ მოსწონებია და მხოლოდ წითელი საღებავით მკვეთრად აქცენტირებული „ველობილიკი“ გახსნა. 

მუშებს იმედები გაუცრუვდათ, მათი შემოქმედება პრეზიდენტს არ მოეწონა, არადა ისინი თავს არ ზოგავდნენ. დღისითა და ღამით, 40 გრადუსიან მცხუნვარე მზესა და ქარში, 24 საათის განმავლობაში, 500 მდე მუშა რამდენიმე ცვლად მუშაობდა, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში. ზემდგომნი მათ მაღალ ხელფასებს დაჰპირდნენ თუმცა, მაღალი კი არა, მუშების უმრავლესობას ოთხთვიანი მუხლჩაუხრელი შრომის შემდეგ ერთი თეთრიც არ მიუღია! ლუკმა პურის გარეშე დარჩენილმა ასობით მუშამ საშველად მერიას და ქალაქის მერის მოადგილეს ირაკლი ჯიქიას მიაკითხა, თუმცა მისგან პასუხი მოკლე და კონკრეტული იყო, ფული  შპს „ელბას“  აქვს  გადარიცხული და მას მოჰკითხეთო. „ელბას“ დირექტორი თავის მხრივ ამბობს, რომ თანხა მერიიდან არ ჩამორიცხულა.

„ხუთი თვე ვმუშაობდი დავით აღმაშენებლის გამზირზე მუხლჩაუხრელად, ვასრულებდი ყველანაირ სამუშაოს: ვთხრიდი ორმოებს პალმებისათვის, ვაგებდი ბალახს, ვლესდი ბორდიურებს, გავიყვანე მიწისქვეშა ელექტროობა, და ამ თვეების განმავლობაში მხოლოდ ერთი თვის ხელფასი ავიღე. კიდევ მაქვს ასაღები 3 000 ლარი, რომელსაც დღემდე უშედეგოდ  ველოდები. მივმართე ვიცე მერს, ასევე, ჩვენ ვინც აგვიყვანა, იმ ფირმასაც. თუმცა ერთმანეთს აბრალებენ, არ ვიცი, რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთ,“ - განაცხადა ვახტანგ ჩერქეზიანმა.

„შპს „ელბამ“ აგვიყვანა, იმ პირობით, რომ ვიმუშავებდით აღმაშენებელზე და მაღალ ხელფასსაც მოგვცემდნენ, თუმცა ჯერ ერთი თეთრიც არ ამიღია. დილიდან შუაღამემდე ვმუშაობდით, აქ, მაღაზიაში, ნისიას ვიღებდით იმ პირობით, რომ ვალს ხელფასის აღებისთანავე გავისტუმრებდით. რამდენიმე ბიჭს 1000 ლარზე  მეტი გვაქვს ნისია. მაღაზიის მფლობელის მცხვენია მარტო, საიდან ვიშოვო ეგ თანხა, არ ვიცი, ძალიან ცუდ დღეში ვარ,“ - აღნიშნა ლევან ჩაგელიანმა.

„რამდენიმე თვე ვიმუშავე, 2 000 ლარამდე მაქვს ასაღები, თუმცა პასუხსაც არ გვეუბნებიან, როდის მოგვცემენ, ან მოგვცემენ თუ არა საერთოდ. უფროსთან როცა ვრეკავთ, მობილურს თიშავს, ან საერთოდ არ იღებს, ნუთუ შეიძლება ასეთი მოპყრობა მუშების მიმართ?!“ - ამბობს ბესო კუპრაძე. 

აღმაშენებლის გამზირზე მომუშავე პერსონალთან საუბრის შემდეგ, იმ მაღაზიაში მივედი, საიდანაც მათ ნისია გამოჰქონდათ.

„გული მეწვებოდა ამ ადამიანების შემხედვარეს, დილიდან შუაღამემდე მუშაობდნენ და ჩვენგან გაჰქონდათ საკვები ნისიად, როგორ არ გამეტანებინა?! პურსა და კონსერვს მთხოვდნენ, დასალევი არასოდეს  წაუღიათ. 1000 ლარზე მეტი აქვთ ნისია. რა ვქნა, როგორ მოვთხოვო, როცა ვიცი, რომ არ აქვთ საშუალება! მეუბნებიან, თანხის აღებისთანავე გადაგიხდითო, როგორც ვიცი, მათ კომპანიასა და მერიას შორის ყოფილა რაღაც  გაუგებრობა, მაგრამ მათ რა დააშავეს?!“ - განგვიცხადა მაღაზიის გამყიდველმა, ეკა გურბანიძემ.

კითხვით - თუ როდის გადაუხდიან აღმაშენებელზე მომუშავე პერსონალს კუთვნილ ხელფასს, ქალაქის ვიცე მერს ირაკლი ჯიქიას და შპს „ელბას“ დამფუძნებელს დავით კიკნაველიძეს მივმართე.

„უმრავლესობა თანხისა მათ გადახდილი აქვთ. რაღაც უმნიშვნელო თანხა დაგვრჩა მისაცემი, ამიტომ  მერიასთან ვთანამშრომლობთ და გადმორიცხვის თანავე მათ მივცემთ კუთვნილ თანხას,“ - გვითხრა შპს „ელბას“ თანამფლობელმა დავით კიკნაველიძემ.

კითხვაზე - თუ როდის გადაურიცხავს ქალაქის მერია შპს „ელბას“ მუშებისათვის კუთვნილ ხელფასს, ირაკლი ჯიქიასაგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

„შპს „ელბასთან“ ქალაქ ქუთაისის მერიამ ანგარიშსწორება განახორციელა მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაციის საფუძველზე. რაც შეეხება მუშახელის ხელფასს, ეს უკვე დამქირავებელი ფირმის პრეროგატივა და პასუხისმგებლობის საკითხია.“

ფიცი გვწამს, თუმცა ბოლო უფრო გვაკვირვებს, ფაქტი ერთია - მუშები რამდენიმე თვის განმავლობაში 14 საათს მუშაობდნენ, ხელფასი კი მათ ერთი თეთრიც არ აუღიათ. ქალაქის მერია „ელბას“, ხოლო „ელბა“, - ქალაქის მერიას ადანაშაულებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1570
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია